უმაღლესი ლიგის XXVI ტურის წინ: ყველაზე აქტუალური მეოთხე ადგილია!

AutoSharing Option
ფოტოზე: ტორპედო-დინამო პირველ წრეში. თბილისელებმა 2:1 გაიმარჯვეს
სეზონის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე ჩემპიონატში დაძაბულობამ (გნებავთ - ინტრიგამ) პიკს მიაღწია!

თავად განსაჯეთ: უმაღლეს ლიგაში "შემორჩენილი" 15 გუნდიდან მხოლოდ ექვსია ისეთი, ჩემპიონატში მოტივაცია რომ არ შემორჩა.

აი, დანარჩენი ცხრა გუნდისათვის კი, პირველი მაისიდან მოყოლებული, უმნიშვნელოვანესი მატჩები იწყება და რაც ყველაზე მთავარია, ერთდროულად სამი "საინტრიგო ზონაა": საჩემპიონო დავა, თავისთავად, უდიდეს ინტერესს იწვევს, ისე, როგორც ძალზე დაძაბული სიტუაცია ცხრილის ქვედა ნაწილშიც, თუმცა, არანაკლები კი არა, ალბათ, ბევრად უფრო დამაინტრიგებელი იქნება ბრძოლა IV ადგილისათვის!

ამ
ბოლო დროს უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ ის ფაქტი, რომ მოვლენების განვითარების შემთხვევაში, IV ადგილზე გასული გუნდი ევროპის ლიგაზე იასპარეზებს; აი, მაგალითად, "სამტრედიამ" რომ დაამთავროს ჩემპიონატი IV ადგილზე, თასის ფინალის შედეგის მიუხედავად, ევროტურნირების საგზური განაღდებული ექნება.

სხვა შემთხვევაში, ანუ, "სამტრედია" თუ ფინალში დამარცხდა და ვერც IV ადგილზე გავიდა, ევროპალიგაზე ვერ იასპარეზებს.

მოკლედ, IV ადგილი ერთობ "დასაფასებელი" გახდა და იგივე "ცხინვალიც" თუ "ჩიხურაც" თავიანთ შანსს ბოლომდე დაელოდებიან, ისე, როგორც თასის ფინალში მოუწევთ... თბილისის "დინამოს" ქომაგობა!..

01.05. ლანჩხუთი. "ევ. შევარდნაძე". 17:00
გურია-ზუგდიდი
პირველი წრე 1:2
დისკვალიფიკაცია: ლუკა კობერიძე (ზუგდიდი)
ურთიერთშეხვედრები
3: +1 =0 -2, 2:4
მასპინძლებს სეზონის ბოლომდე ერთიმეორეზე რთული მატჩები დარჩათ ჩასატარებელი, მაგრამ ყველასათვის ნათელია, რომ "გურიას" უმაღლესი ლიგიდან დაქვეითებაც არ ემუქრება და არც გადათამაშებაში მოხვედრა. თანაც, იმის გარდა, რომ ლანჩხუთელებს ქულებიც საკმარისი აქვთ, საერთოდ, თამაშითაც იმსახურებენ უმაღლეს ლიგაში ყოფნას.

ეს კი არა, სეზონის დაწყების წინ მეტ-ნაკლებად ნორმალურად რომ მომზადებულიყო, "გურიას" ბევრად უფრო მეტის მიღწევაც შეეძლო.

იმავეს თქმა შეიძლება "ზუგდიდზეც", ასევე ერთიმეორეზე მოტივირებულ მეტოქეებთან რომ მოუწევს დარჩენილი მატჩების ჩატარება, მაგრამ ბესიკ შეროზიას გუნდსაც არაფერი უნდა ჰქონდეს საფიქრალ-სანერვიულო, მით უმეტეს, რომ ჩემპიონატის ბოლო ტურში განაღდებული 3 ქულა ელოდება ჩემპიონატიდან აწ უკვე გამოთიშულ "ზესტაფონთან".

სტუმრები ამ მატჩს მშვენიერი სერიით (ოთხი წაუგებელი შეხვედრა) ხვდებიან, მაშინ, როცა "გურია" ზედიზედ სამჯერ დამარცხდა.

01.05. ქობულეთი. "ჩელე არენა". 17:00
შუქურა-მერანი
პირველი წრე 0:1
დისკვალიფიკაცია: ლაშა ჩაფიძე (შუქურა) - საბა ლომია, გიგა წურწუმია (ორივე მერანი)
ურთიერთშეხვედრები
1: +0 =0 -1, 0:1
პარასკევის მეორე მატჩშიც მეტ-ნაკლებად უმოტივაციო მეტოქეები ხვდებიან ერთმანეთს: "შუქურას", ფაქტობრივად, 99 პროცენტით განაღდებული აქვს უმაღლესში დარჩენა და გელა სანაიას "ინტერნაციონალური" გუნდის მიზანიც, ალბათ, რაც შეიძლება მაღალი ადგილის დაკავება იქნება.

არადა, ქობულეთელთა გუნდს ამის პოტენციალი ნამდვილად აქვს, ოღონდ, იმ პირობით, რომ წინა ტურის მსგავსად (2:5 - "დილასთან") აღარ ითამაშებენ...

თეორიულად, "მერანს" შეიძლება დაქვეითების საფრთხე დაემუქროს, მით უფრო, რომ ბოლო ორ ტურში "არანორმალურად" მოტივირებულ მეტოქეებთან ("დილა", "სამტრედია") უწევს პაექრობა. თუმცა მარტვილელებს, დღევანდელის გარდა, კიდევ ორი ისეთი მატჩი ელოდებათ, სადაც ვლადიმირ ლობასის გუნდს უმაღლეს ლიგაში დარჩენის ოფიციალურად "გაფორმება" შეეძლება!

02.05. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე". 17:00
სამტრედია-კოლხეთი
პირველი წრე 0:0
დისკვალიფიკაცია: ლევან კაკუბავა (სამტრედია)
ურთიერთშეხვედრები
30: +7 =7 -16, 28:51
საქართველოს თასის 26-წლიანი ისტორიის განმავლობაში "სამტრედიამ" პირველად მოიპოვა ფინალში ასპარეზობის უფლება და ჩვენც გვინდა ეს წარმატება მივულოცოთ ზაზა ზამთარაძის გუნდს! თუმცა, ამ გუნდის სამწვრთნელო შტაბიცა და ერთიმეორეზე გამოცდილი და მრავლისმნახველი ფეხბურთელები, ალბათ, კარგად აცნობიერებენ, რომ მხოლოდ თასის ფინალისტობით ევროტურნირებზე ვერ იასპარეზებენ.

მოკლედ, ასეთი სიტუაციაა: 26 მაისის თასის ფინალამდე "სამტრედიას", სულ მცირე, IV ადგილი უნდა ეკავოს ჩემპიონატის საბოლოო ცხრილში, რაც უეჭველი გარანტია იქნება ევროპალიგის საგზურისა! ანუ ფინალში პირველად გასვლით გამოწვეული ეიფორია რაც შეიძლება მალე უნდა ჩაცხრეს და "სამტრედიასაც" დარჩენილ ტურებში ქულათა მაქსიმუმის დაგროვება მართებს.

არადა, სათქმელად ადვილია, თორემ XXVIII ტურში "სამტრედიას" ხომ ჩემპიონობის უმთავრეს კანდიდატთან, "დილასთან" უწევს პაექრობა.

...ბოლო ოთხ შეხვედრაში "კოლხეთმა" 2 მატჩი მოიგო და ორიც ფრედ დაამთავრა, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ამ რვა ქულამ ზაზა ინაშვილის გუნდს უმაღლეს ლიგაში ადგილი, ფაქტობრივად, 99 პროცენტით შეუნარჩუნა.

02.05. რუსთავი. "ფოლადი". 17:00
მეტალურგი-დილა
პირველი წრე 2:3
დისკვალიფიკაცია: გივი ქარქუზაშვილი (დილა)
ურთიერთშეხვედრები
13: +6 =2 -5, 14:17
... შესაძლოა, ბევრმა არც დაიჯეროს, მაგრამ პირველი წრის შემდეგ "დილა" თავის ხვალინდელ მეტოქეს მხოლოდ... 5 ქულით უსწრებდა! თუმცა, მერე როგორც განვითარდა მოვლენები, ყველას კარგად მოეხსენება და მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ მეორე წრეში ამ ტურამდე ჩატარებულ ათ შეხვედრაში "დილამ" 23 ქულა მოაგროვა, "მეტალურგმა" კი... ერთი!

ჰოდა, ამიტომაც აისახა ყველაფერი სატურნირო ცხრილში: გორელთა გუნდი ახალგაზრდა თავკაცის, 25 წლის უჩა სოსიაშვილის ხელმძღვანელობით, თავისი პირველი საჩემპიონო ტრიუმფისკენ მიისწრაფვის, ქრონიკული პრობლემებით "დახუნძლული" "მეტალურგი" კი, ჯერ კიდევ შემორჩენილ რუსთაველ ქომაგთა სამწუხაროდ - პირველი ლიგისკენ!

ისე, "ზესტაფონის" ჩემპიონატიდან გამოთიშვამ "მეტალურგის" გადარჩენის შანსები მცირედით გაზარდა, მაგრამ დღესდღეობით ძნელი სათქმელია, თუ რამდენად შეძლებს ვარლამ კილასონიას გუნდი ამ ურთულესი სიტუაციიდან გამოსვლას.

არადა, თითქმის ყველა წაგებულ მატჩში "მეტალურგის" ფეხბურთელებს მონდომებას ვერავინ დაუწუნებდა, მაგრამ ყოველგვარ ელემენტარულ პირობებს მოკლებული გუნდი მეტოქეებს მანამდე უძალიანდებოდა, ვიდრე ფეხბურთელები დაიღლებოდნენ...

02.05. ივანწმინდა. "ცენტრალური". 17:00
ჩიხურა-დინამო (ბთ)
პირველი წრე 0:0
დისკვალიფიკაცია: თეიმურაზ შონია, ბექა ვარშანიძე (ორივე – დინამო ბთ)
ურთიერთშეხვედრები
5: +3 =1 -1, 6:1
ამ ტურში ერთი ისეთი მატჩია, საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში "ქართულ კლასიკოდ" რომ არის მიჩნეული; თუმცა, არანაკლებ დიდ ინტერესს იწვევს ამ ტურის კიდევ ერთი ცენტრალური შეხვედრა, სადაც ქულები ორივე გუნდისათვის მართლაც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა!

იმისათვის, რომ ზედიზედ მესამედ მიიღოს მონაწილეობა ევროტურნირებზე, "ჩიხურას" სეზონის ბოლომდე დარჩენილ ხუთივე მატჩში რაც შეიძლება მეტი ქულის აღებაც მართებს, "ცხინვალისა" და "სამტრედიის" წაფორხილების იმედადაც უნდა იყოს და მერე, თასის ფინალში თბილისის "დინამოს" გამარჯვებას დაელოდოს!

ანუ ისეთი სიტუაციაა, რომ "ჩიხურა" მხოლოდ საკუთარ თავზე არ არის დამოკიდებული და არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, საჩხერელთა გუნდის გამოცდილ თავკაცს, სოსო ფრუიძეს მეორე წრეში საკადრო პრობლემები რომ არ შექმნოდა.

თუმცა ტრავმამოშუშებული ფეხბურთელები "ჩიხურას" უკვე დაუბრუნდნენ, აი, ჩემპიონობის კიდევ ერთ კანდიდატს, ბათუმის "დინამოს" კი ასეთ მნიშვნელოვან მატჩში ერთდროულად რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დააკლდება.

ბათუმელთა გუნდის ასევე გამოცდილი მთავარი მწვრთნელის, შოთა ჭეიშვილის ყველაზე დიდი საფიქრალი დისკვალიფიცირებული თუ ტრავმირებული ნახევარმცველების სრულფასოვანი და "უმტკივნეულო" ჩანაცვლება იქნება.

02.05. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". 17:00
სიონი-ცხინვალი
პირველი წრე 1:2
ურთიერთშეხვედრები
20: +16 =7 -7, 25:22
ორივე გუნდისათვის დარჩენილი ყველა მატჩი ფინალის ტოლფასია: წინა ტურში განცდილი მარცხის მერე "სიონმა" ისევ გაირთულა სატურნირო მდგომარეობა და ბოლნისელებს მაქსიმალური კონცენტრაციაც მოეთხოვებათ, უმაღლეს ლიგაში ადგილი რომ შეინარჩუნონ.

ისე, "სიონის" დარჩენილი მატჩების კალენდარს "კოშმარული" ნამდვილად არ ეთქმის (ერთი-ორი შეხვედრის გამოკლებით) და ლადო ბურდულის გუნდს რეალურად ხელეწიფება, გადათამაშებასაც თავი რომ აარიდოს.

თუმცა, ის "ერთი-ორი" შეხვედრა რომ ვახსენეთ, ერთ-ერთი სწორედ ამ ტურშია: ჩინებულ ფორმაში მყოფ "ცხინვალს" ხომ კვლავაც რჩება ევროტურნირებზე გამოსვლის შანსი და განსხვავებული მიზნების მქონე გუნდების ნეიტრალურ მოედანზე ჩასატარებელ მატჩშიც ფავორიტის დასახელება ყველას გაუჭირდება.

სათასო პაექრობების ჩათვლით, "ცხინვალმა" ზედიზედ ოთხი მატჩი მოიგო და, ამას გარდა, კახა კაჭარავას გუნდს, კონკურენტებთან შედარებით, ბევრად უკეთესი კალენდარიც აქვს, მეოთხე ადგილი რომ შეინარჩუნოს.

ანუ "ცხინვალმა" თუ ამჟამინდელი სატურნირო მდგომარეობა სეზონის ბოლომდე შეინარჩუნა, მაშინ 26 მაისს, თასის ფინალში "დინამო თბილისის" გამარჯვების მოლოდინშიც იქნება - ამ შემთხვევაში კი მეოთხე ადგილი ევროპალიგის საგზურს იძლევა!

02.05. თბილისი. "დინამო არენა". 17:00, LIVE II არხზე
დინამო (თბ)-ტორპედო
პირველი წრე 2:1
დისკვალიფიკაცია: ოთარ კაკაბაძე (დინამო თბ)
ურთიერთშეხვედრები
58: +29 =14 -15, 101:56
ნებისმიერ დროს და ნებისმიერი სატურნირო სიტუაციის პირობებში "ქართულ კლასიკოდ" მიჩნეული თბილისის "დინამოსა" და "ტორპედოს" ყველა დაპირისპირება უდიდეს ინტერესს იწვევს და არც შაბათის ეს მატჩი იქნება გამონაკლისი, თანაც, იმის მიუხედავად, რომ მეტოქისაგან განსხვავებით, "ტორპედოს" დარჩენილ მატჩებში შესამჩნევად ნაკლები სატურნირო მოტივაცია ექნება.
თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქუთათურთა გუნდი "დინამო თბილისის" წინააღმდეგ როცა გამოდის მოედანზე, ამ შემთხვევაში "მოტივაციისა" თუ "კონცენტრაციის" მსგავსი ტერმინები აშკარად უადგილოა ხოლმე და დარწმუნებულნი ვართ, ასე იქნება შაბათს გასამართ "ქართულ კლასიკოშიც".

იმავეს თქმა შეიძლება მასპინძლებზეც, თანაც, მეტოქისაგან განსხვავებით, "დინამოს" საკმარისზე მეტი მოტივაცია აქვს შემორჩენილი: ჯერჯერობით არც "საჩემპიონო რბოლაა" დასრულებული და ამას გარდა, არც... სამეულში მოხვედრა გარანტირებული!

ეგეც რომ არ იყოს, დინამოელებს რეაბილიტაციაც მართებთ საკუთარი ქომაგების წინ: "ცხინვალთან" ოთხი დღის განმავლობაში ორი წაგების გამო...

...საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში "დინამოსა" და "ტორპედოს" შორის არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩატარებულა, თუმცა წინა სეზონის დაპირისპირებების გახსენება აღარც ღირს; აი, რაც შეეხება XXVI ჩემპიონატის I წრის მატჩს, შარშან, 2 ნოემბერს ორი განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ: პირველ ტაიმში "ტორპედო" აშკარად სჯობდა ტიტულიან მეტოქეს და ჯერ მარტო გოგა ფიფიას შეეძლო ჰეთ-თრიკის ან დუბლის შესრულება;

თუმცა შესვენებამდე მასპინძლებმა მაინც შეძლეს გოლის გატანა: შოთა ბაბუნაშვილის კუთხურს თენგიზ ჩიკვილაძის ზუსტი თავური დარტყმა მოჰყვა!

მეორე ტაიმში "დინამოში" რამდენიმე ტაქტიკური გადაადგილება მოხდა და ნიკა საბანაძის ორმა ზუსტმა დარტყმამ სტუმრებს გამარჯვება მოუტანა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ყოფილი გუნდის კარში გატანილი გოლები საბანაძეს არ უზეიმია; მერე, ზამთრის სატრანსფერო პაუზისას, "დინამოდან" ისევ "ტორპედოს" მიაშურა, მაგრამ ამ ნიჭიერმა ფორვარდმა ეს სეზონი უკვე დაასრულა (ოფიციალური ვერსიით - ტრავმის გამო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული