11:38 18-05-2015
გურია-დინამო (თბ) 2:2 - ლიდერთა რისხვა [VIDEO]
AutoSharing Option
ვერაფერს იტყვი, "გურია" "სახლის" გუნდისა და ლიდერთა რისხვის სახელს ამართლებს. ამჯერად, ლანჩხუთელებმა შეხვედრაში ორჯერ მოახერხეს ჩამორჩენის აღმოფხვრა - "დინამო" ორივეჯერ მისმა ყოფილმა მოთამაშემ "დააღალატა": ჯერ გიორგი მჭედლიშვილს ხელი ერთდროულად ექვსმა დინამოელმა ვერ შეუშალა და საჯარიმოში შესულმა ნიკა დაუშვილს ისეთი დაურტყა, მეკარემ ბურთისთვის ოდენ ხელის გაკვრა მოახერხა.
მატჩის მიწურულს კი უკვე ალეკო კოშკაძემ "ჩაახვია" საჯარიმო ყოფილი გუნდის კარში.
ამ დროისთვის სტადიონზე ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო - წუთებით ადრე გიორგი პაპუნაშვილმა "დინამო" წინ გაიყვანა ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანით, რომელიც მცველთან ბრძოლაში საჯარიმოში მისივე დაცემისთვის ლაშა სილაგავამ უყოყმანოდ დანიშნა. სწორედ მაშინ თავიდან გაახსენეს არბიტრს 25-ე წუთი, როცა სტუმარი მცველის მხრიდან ბურთზე ხელით თამაშს პენალტის კვალიფიკაცია არ მისცა...
არადა, დინამოელებს საქმე თითქოს აქამდე არ უნდა მიეყვანათ. თბილისელებმა უკვე მე-2 წუთზევე მიიღეს უპირატესობა - ვახტანგ ჭანტურიშვილის მიერ საჯარიმოს კუთხიდან დარტყმული მეკარეს წინ დაუვარდა, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ გაბრიელ თებიძეს ბურთი ვეღარ შეეკავებინა.
სამაგიეროდ, ათიოდ წუთში, მახვილი კუთხიდან იმავე თებიძესთან პირისპირ გასულ გიორგი ჩირგაძეს "გურიის" კარის დარაჯმა კუთხე კიდევ უფრო დაუმახვილა და შემდეგ უკვე მცველებმა იყოჩაღეს.
ერთხელაც, მე-20 წუთზე შემოსწყრნენ მსაჯს გურულები - კობა შალამბერიძის კუთხურზე "დინამოს" მეკარე არადამაჯერებელი იყო და თითქოს დმიტრი ზოზულიას ზედიზედ მესამე შეხვედრაში (და მესამედაც თავით) გასატანად ხელს ვერაფერი შეუშლიდა, მაგრამ... რენე ფერეირამ სახიფათო თამაშის ზღვარზე ზედ კარის ხაზთან ააცალა ბურთი.
იქვე, ზედიზედ ორჯერ უკვე ალეკო კოშკაძის მოწოდებულ კუთხურებზეც არადამაჯერებელი იყო დაუშვილი, მაგრამ ლანჩხუთელებმა ეს ვერ გამოიყენეს.
მერე ერთხელ ხარიხამ იხსნა "დინამო", როცა თორნიკე მოსიაშვილის გადაცემა ვილი ისიანმა კარისკენ ერთი შეხებით გაგზავნა.
შესვენებაზე უპირატესობით გასვლა თბილისელებსაც შეეძლოთ, მაგრამ თამაშგარეს შექმნისას შემცდარი დაცვა თებიძემ საიმედოდ დააზღვია.
მან მეორე ტაიმშიც გამოიჩინა თავი, ორჯერ მარტო ჭანტურიშვილს არ გაატანინა - ერთხელ საჯარიმოს გარედან დარტყმული უხერხულად მოიგერია, მეორედ კი, როგორ "დაუფარა" შემტევს, ძნელი სათქმელია. პირველი გოლის გამტანმა იქვე დამატებაზე მორიგი შანსი გაანიავა.
ორჯერ კარგი შანსი შეცვლაზე შესულ მანუელსაც მიეცა, მაგრამ ორივეჯერ ააცილა. სულ ბოლოს კი ჯამბულ ჯიღაურს თებიძემ არ გაატანინა.
მატჩის მშვენება იყო კოშკაძის გოლი, რამაც "გურიას" ქულა გადაურჩინა.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXIX ტური
17.05. ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე"
გურია-დინამო (თბ) 2:2
გოლები: 0:1 ჭანტურიშვილი (2), 1:1 მჭედლიშვილი (10), 1:2 პაპუნაშვილი (77-პენ), 2:2 კოშკაძე (88)
გურია: თებიძე, ე. კილაძე, ზოზულია, კ. ღაღანიძე (60. ღაღანიძე), გ. მჭედლიშვილი, კოშკაძე, მოსიაშვილი, ბენაშვილი, შალამბერიძე (73. ვ. წილოსანი), ისიანი, მათიაშვილი (66. შეველი).
სათადარიგოები: იმერლიშვილი, კონოვალოვი, ა. რეხვიაშვილი, გაბრიჩიძე.
მწვრთნელი: გიგლა იმნაძე
დინამო: დაუშვილი, კაკაბაძე, გველესიანი, ფერეირა, თოთაძე, მ. ცინცაძე, პაპუნაშვილი, ჯანელიძე (61. კიტეიშვილი), ჩირგაძე, ჭანტურიშვილი (76. ჯიღაური), შერგელაშვილი (65. მანუელი).
სათადარიგოები: ჰრდლიჩკა, ჯაფიაშვილი, ბუკორცი, ვოლკოვი.
მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი
გაფრთხილება: გველესინი (54), მანუელი (82), პაპუნაშვილი (87)
არბიტრი: ლ. სილაგავა
ბომბარდირები:
ი. მოდებაძე (დილა) 14
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 13
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 11
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ო. კვერნაძე (ტორპედო) 9
შ. ლომია (ზუგდიდი) 9
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 9
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს
ბოლო ტური (XXX) ტური
22 მაისი, პარასკევი
სიონი-გურია
დილა-ვიტ ჯორჯია
დინამო (თბ)-ჩიხურა
კოლხეთი-ცხინვალი
მეტალურგი-ტორპედო
სამტრედია-მერანი
შუქურა-დინამო (ბთ)
ზესტაფონი-ზუგდიდი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
სტატიაშიი რო გიწერიათ თავში მაყურებელთა რაოდენობა სასხვათაშორისოდ,ქვემოთ მიაწერეთ სადაც შემადგენლობები და თამაშის სტატისტიკა წერია
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული