გიორგი პაპუნაშვილი: ფეხბურთელი, რომელიც ამბობს, რომ საქართველოში დარჩენა სურს, ტყუის

AutoSharing Option
მეორე სეზონია, რაც გიორგი პაპუნაშვილი თბილისის "დინამოს" ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა. პირველ სეზონში მან თავი კარგად წარმოაჩინა, წლეულს კი 19 წლის ფეხბურთელი გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა - 20 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა, რაც ნახევარმცველისთვის მშვენიერი შედეგია.

ამ მაჩვენებლით, მან ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა და გორის "დილას" თავდამსხმელ ირაკლი მოდებაძეს ახლა უკვე ერთი ბურთით ჩამორჩება. არადა, საშუალო პროცენტული მაჩვენებლით ის მოდებაძესაც უსწრებს.

საქმე ისაა, რომ გორელთა თავდამსხმელმა 14 გოლი 22 შეხვედრაში შეაგდო, პაპუნაშვილს კი 13 გოლის გასატანად 20 მატჩი დასჭირდა.

ბევრი
მიიჩნევს, რომ პაპუნაშვილი საქართველოს ჩემპიონატში, სადღეისოდ, ტრანსფერისთვის ყველაზე საინტერესო ფიგურაა. არახალია, რომ 19 წლის ფეხბურთელით რამდენიმე ქვეყნის გუნდი ჯერ კიდევ 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაინტერესდა. თავად კი ამბობს, რომ საქართველოდან ტიტულებითა და გამოცდილებით წასვლა ურჩევნია, თუმცა არაფერს გამორიცხავს...

პაპუნაშვილთან ინტერვიუ, რომელიც თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კახა გოგიჩაიშვილის გათავისუფლებამდეა ჩაწერილი, გუნდის დღევანდელ მდგომარეობაზე საუბრით დავიწყეთ...

- თქვენი და რამდენიმე ფეხბურთელის აქტიურობისა და არაერთი საგოლე მომენტის მიუხედავად, "დინამომ" "გურიას" ვერ აჯობა. რატომ?
- ძნელი ასახსნელია, რაც ხდება. ჩემს თანაგუნდელებს ბრძოლასა და მონდომებას ვერ დავუკარგავ. "გურიასთან" თამაში სანახაობრივი იყო და მიმაჩნია, რომ მაყურებელი ასეთი ფეხბურთით ისიამოვნებდა. თუმცა, მეტოქის მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ ეს თამაში უნდა მოგვეგო. საამისოდ, მეტოქეზე მეტი რეალური საგოლე მომენტი გვქონდა. მაგრამ ფეხბურთში ასეც ხდება და საწყენია, რომ ვერ გავიმარჯვეთ.

- მიმდინარე სეზონში ქულები პირველად არ დაკარგეთ. რა გჭირთ, უპირატესობას რატომ ვერ იყენებთ?
- სამწუხაროდ, ბევრს ავიწყდება, სეზონის დაწყებამდე რაც მოხდა. მოვიდა ახალი მწვრთნელი, ბევრი მოთამაშე გაუშვეს, მათ ნაცვლად კი ახალგაზრდები მოიყვანეს. რეალურად, დრო გვჭირდება, რომ მოვუმატოთ და გუნდმა თავისი პოტენციალი გამოავლინოს. ჩემი აზრით, გულშემატკივარი უნდა დაელოდოს და შედეგიც იქნება. დარწმუნებულიც ვარ, ამ შემადგენლობას დიდი პოტენციალი აქვს. მთავარია თანადგომა, ჩვენ კი მონდომებას არ დავაკლებთ.

- რეალურად, გუნდს აშკარად დააკლდა გამოცდილი მოთამაშეების ძალა და ავტორიტეტი. ვეტერანებით დაკომპლექტებულ გუნდებთან მოგება ამიტომაც ხომ არ გიჭირდათ?
- რა თქმა უნდა, ეს ფაქტორიც მოქმედებს. ჩემპიონატის გადამწყვეტ ეტაპზე გამოცდილი ხალხი გადამწყვეტ როლს თამაშობს. ამიტომაც მინდა, ორიოდე სიტყვა კახა გოგიჩაიშვილზე ვთქვა: ის გუნდში 9 თვის წინათ მოვიდა. რა თქმა უნდა, ასე მცირე პერიოდში ის გუნდს რადიკალურად ვერ გააძლიერებდა. თანაც, უკვე ვთქვი, რომ უმთავრესად, დიდების ფეხბურთში გამოუცდელი მოთამაშეები დაგვაწინაურა.

რა თქმა უნდა, გარკვეული ეტაპი ჩავაგდეთ და ეს ჩვენი ბრალია. ყველაზე სამწუხარო იყო, შინ გორის "დილას" რომ ვერ მოვუგეთ. მაგრამ კახამ გუნდში სული და გული ჩადო და რაღაცებსაც მიაღწია - სუპერთასი ავიღეთ, თასის ფინალსა და ჩემპიონატის სამეულში გავედით. ვთვლი, დღევანდელი შემადგენლობით ეს უკვე წარმატება და წინგადადგმული ნაბიჯია. მაგრამ უცებ ჩემპიონობა ძალიან ძნელია.

- ეს შედეგი ნებისმიერ სხვა გუნდში დაფასდებოდა, მაგრამ ეს "დინამოა", რომლისგანაც ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვენ...
- დიახ, მეც ეს უნდა მეთქვა. ამიტომაცაა რთული "დინამოში" თამაში.

- ფსიქოლოგიურ წნეხს გრძნობდით?
- სულაც არა, არ ვიძაბებოდით. ეგაა, დრო გვჭირდება. მართლა დარწმუნებული ვარ, რომ პერსპექტიული გუნდი გვყავს.

- დაბოლოს: "დინამოში" რჩებით თუ კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებთ?
- გულახდილად ვიტყვი: ფეხბურთელი რომ ამბობს, საქართველოში დარჩენა მსურსო, ჩემი აზრით, ტყუის. რა თქმა უნდა, წასვლა და მაღალი დონის პირველობაზე თავის მოსინჯვა მეც მსურს, მაგრამ ამასთანავე, ისიც ძალიან მინდა, რომ ევროპის ლიგაში "დინამოსთან" ერთად წარმატებას მივაღწიო, გუნდში ჩემი კვალი დავტოვო და მის წინაშე ვალი მოვიხადო. მერე კი, იმედია, უცხოეთში მეც წავალ. თუმცა, რეალურად რა იქნება, ამას დრო გვაჩვენებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული