ოთარ კაკაბაძე: არ ვიცი, დავრჩები თუ არა თბილისის "დინამოში"...

AutoSharing Option
აპრილში კვიპროსული პრესა იუწყებოდა, რომ თბილისის "დინამოს" მცველი ოთარ კაკაბაძე კარიერას "ანორთოსისში" გააგრძელებდა. მერე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ 19 წლის ფეხბურთელი, კვიპროსის ნაცვლად, საქართველოს ჩემპიონ გორის "დილაში" გადავიდოდა. "ანორთოსისში" ჩაშლილ ტრანსფერზე "ლელო" გუშინდელ ნომერში წერდა. ახლა უშუალოდ კაკაბაძისგან გავიგებთ, რას აპირებს სამომავლოდ:

"კვიპროსიდან შემოთავაზება მართლაც მივიღე. საქმე ისე სერიოზულად იყო, კონტრაქტზეც კი დავილაპარაკეთ, მაგრამ საბოლოოდ, ვერ შევთანხმდით და მოლაპარაკება ჩაიშალა", - ამბობს კაკაბაძე.

ახალგაზრდა ფეხბურთელი გორელთა შემოთავაზებასაც არ მალავს:

"ჯერ არ ვიცი, დავრჩები თუ არა "დინამოში". რა
დასამალია და, შემოთავაზება "დილადანაც" მქონდა, მაგრამ არასწორი ინფორმაციაა, თითქოს ამ გუნდში ჩემი გადასვლა უკვე გადაწყვეტილი ამბავია. ჯერ გაურკვევლობაში ვარ და არ ვიცი, სად ვითამაშებ. მალე ყველაფერს წერტილი დაესმება და ეს ამბავი ყველას ეცოდინება".

ცნობილია, რომ კახა ცხადაძე ეროვნულ ნაკრებში მარჯვენა ფლანგზე უჩა ლობჟანიძის ალტერნატიულ ვარიანტად, სამომავლო პერსპექტივაში, სწორედ კაკაბაძესა და ქობულეთის "შუქურას" ფეხბურთელ არჩილ ტვილდიანს განიხილავს. კაკაბაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილებას სწორედ სანაკრებო პერსპექტივის გათვალისწინებით მიიღებს:

"ინფორმაციამ, რომ ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი მაკვირდება, ძალიან გამახარა და დიდი სტიმულიც მომცა. ახალი გუნდის თაობაზე გადაწყვეტილებასაც სწორედ ამის გათვალისწინებით მივიღებ.

"დინამოში" დავრჩები თუ სხვაგან გადავალ, მთავარი ის იქნება, ნებისმიერი ნაბიჯი ჩემს კარიერასა და სანაკრებო პერსპექტივას წაადგეს. მთავარი მხოლოდ კარგი პირობები არ იქნება".

შეგახსენებთ, რომ 2012 წელს, სლოვენიაში გამართულ ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე, ვასილ მაისურაძის ფორმაციის ნაკრების მცველი ოთარ კაკაბაძე ტურნირის ათ ტალანტს შორის მოხვდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული