საჩხერის "ჩიხურა": როგორც იქნა, დაიწყო!..

AutoSharing Option
ეროვნული ჩემპიონატის მონაწილეთაგან ყველაზე გვიან სეზონისთვის მზადებას საჩხერის "ჩიხურა" შეუდგა. იმ დროს, როცა სხვა გუნდები ლამის ორი თვეა შეკრებაზე არიან, სოსო ფრუიძემ ფეხბურთელებს მხოლოდ გუშინ, 30 ივლისს მოუყარა თავი.

ცვლილება საკმაოდ ბევრია: საჩხერელთა დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის თქმით, გუნდი ძირითადი შემადგენლობის წევრების უმრავლესობამ დატოვა - მეკარე მაქსიმე ქვილითაია პირველი ლიგის ცხინვალის "ლიახვში" გადავიდა, კაპიტანი დავით ოდიკაძე კარიერას ქუთაისის "ტორპედოში" აგრძელებს, არჩილ ბაჯელიძე - მშობლიურ ქობულეთის "შუქურაში".

ახალ გუნდებს ეძებენ - მეკარე თორნიკე ზარქუა და ლაშა ჭელიძე, უკრაინელი ლეგიონერები - გიული მანჯგალაძე,
დონეცკის "მეტალურგიდან" იჯარით დამატებული ევგენი ტროიანოვსკი და სერგეი ლუბჩაკი.

შუკაკიძემ დარჩენილთა ვინაობაც გვითხრა. ძირითადი ბირთვიდან გუნდში არიან შოთა კაშია, გიორგი კორიფაძე, გიორგი განუგრავა, დენის დობროვოლსკი, ლაშა კუჭუხიძე, თორნიკე მუმლაძე და ბესიკ დეკანოიძე, აგრეთვე - კახა კაკაშვილი, ალექსანდრე ივანიშვილი და ლაშა ჩიკვაიძე. მხოლოდ მიხეილ სარდალიშვილის საკითხია გასარკვევი, რომლის ტრანსფერიც "ზესტაფონს" ეკუთვნის.

არაორდინარული ვითარების გამო "ჩიხურას" დაკომპლექტება ჩემპიონატის დაწყებამდე დასრულდება. ამჟამად კი, სოსო ფრუიძემ საკმაოდ ბევრი ახალწვეული მიიწვია - "ზესტაფონიდან" მეკარე დავით კუპატაძე და ნახევარმცველი ვაჟა ნემსაძე, "სამტრედიიდან" მცველი თორნიკე გრიგალაშვილი, გორის "დილადან" - ნახევარმცველი ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, ბოლნისის "სიონიდან" შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჭანკოტაძე (რომელიც გულშემატკივარმა "ზესტაფონიდან" გაიცნო), "ვიტ ჯორჯიის" ყოფილი ნახევარმცველი გიორგი გურეშიძე და რუსთავის "მეტალურგის" ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გიორგი ჯოხაძე.

"მათ გარდა, ახალგაზრდებიც მოვიწვიეთ. დუბლებიდან ფრუიძემ ნიჭიერი ბიჭები, გაბაძე და კამლაძე დააწინაურა, მაგრამ ჯერ არც ერთ მოთამაშესთან კონტრაქტი არ გაგვიფორმებია.

კიდევ რამდენიმე ახალ ფეხბურთელს ველოდებით. ვინ დარჩება, ამაზე გადაწყვეტილებას ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მივიღებთ", - ამბობს შუკაკიძე.

ძნელი სათქმელია, ასეთ პირობებში საჩხერელები რომელ ჯგუფში დამკვიდრდებიან, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ გუნდს, რომელმაც გასულ ზაფხულს ქართველ გულშემატკივარს იმედი გაუღვივა, შენარჩუნება და გაფრთხილება სჭირდებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
არასწორები და არაკაცები ხართ, ვისაც ჩიხურას მოვლა-პატრონობა გევალებოდათ და არ მიხედეთ!გუნდმა შარშან ევროპალიგაზე ისე გვასახელა, როგორ შეიძლებოდა ამ გუნდის დაშლა.ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება ამ გუნდის მიმართ დღემდე ვერ გავიგე რა. ბ-ნ ბიძინა გააკეთეთ ქართული საქმე და დააფინანსეთ ჩიხურა, რითაც გაიხარებს მთელი ქვეყანა, არამხოლოდ იმ მიწის ბინადრები, საიდანაც თქვენ ხართ..
georgiano
14:47 31-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული