ჯაბა დვალი: "საბურთალოში" ისეთი განწყობაა, რომ ადამიანს ვარჯიში და თამაში გიხარია

AutoSharing Option
"საბურთალო", რომელიც დუშეთში შეკრებას აგრძელებს, ჩემპიონატის დაწყებამდე ბოლო ამხანაგურ შეხვედრას 6 აგვისტოს გამართავს - გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები "ბენდელაზე" პირველლიგელ "რუსთავს" გაეჯიბრებიან და შეკრებასაც ამით დაასრულებენ.

გამოცდილი თავდამსხმელის, ჯაბა დვალის ტრანსფერი საბოლოოდ გაფორმდა - უკვე თვეა, რაც 30 წლის თავდამსხმელი თბილისურ კლუბში ვარჯიშობს. მოლდოვურ "დაჩიასთან" ფორმალური საკითხები მოგვარებულია - "საბურთალოს" მაისურით ის წლის ბოლომდე ითამაშებს.

დვალი ორჯერ (2005/06, 2011/12) გახდა საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი; არის ქვეყნის 4-გზის ჩემპიონი და 2-გზის თასის მფლობელი; სუპერთასის გამარჯვებული.

დვალისთვის "საბურთალო" კარიერის მე-8 გუნდია: აქამდე მას
უთამაშია თბილისის "დინამოში", "ზესტაფონში", "სიონში", "ჩიხურაში", რუსთავის "ოლიმპში", მოლდოვურ "დაჩიაში", აზერბაიჯანულ "ყარაბაღში"... ბოლოს ის ისევ "დაჩიაში" თამაშობდა.

დვალმა "საბურთალოს" ვებგვერდისთვის კომენტარი გააკეთა:

"გუნდზე დადებითი და სასიამოვნო შთაბეჭდილება დამრჩა. კლუბში ისეთი განწყობაა, რომ ადამიანს ვარჯიში და თამაში გიხარია. "საბურთალოს" ძალიან იოლად შევეწყვე და მოხარული ვარ, კარიერას ამ კლუბში რომ ვაგრძელებ.

ამ გადაწყვეტილებაში დიდი როლი მთავარი მწვრთნელის ფაქტორმა ითამაშა - გიორგი ჭიაბრიშვილთან "ზესტაფონში" თამაშისას მიმუშავია და ვიცი, როგორი ფეხბურთის მიმდევარია... სიმართლე გითხრათ, მასთან მუშაობა კიდევ მინდოდა, რადგანაც ძალიან საინტერესო ვარჯიშები აქვს, თამაშებს კარგად აანალიზებს, ფეხბურთელებამდე სათქმელი სწორად მიაქვს.

პირველი და უმაღლესი ლიგები განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ წარმატებით ასპარეზობის რესურსი გაგვაჩნია. კლუბში ნიჭიერი ფეხბურთელები არიან, 17-19 წლის ბიჭები პატარები უკვე აღარ არიან. მჯერა, უმაღლეს ლიგაში დებიუტის მიუხედავად, მაღალი ადგილებისთვის ვიბრძოლებთ.

დუშეთში საფუძვლიანად ვემზადებით და იმედია, ჩემპიონატის სტარტისთვის სასურველ ფორმაში ვიქნებით", - ამბობს დვალი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული