გიორგი რეხვიაშვილი: კარიერას თავიდან ვიწყებ

AutoSharing Option
თბილისის "დინამოში" მატებაა. როგორც ვწერდით, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ღირსებას 27 წლის მცველი გიორგი რეხვიაშვილი დაიცავს.

მისი ბოლო კლუბი თურქული პირველი ლიგის "ბოლუსფორი" იყო, მანამდე კი ის არაერთ ქართულ გუნდში თამაშობდა, მათ შორის - თბილისის "დინამოშიც".

"ლელო" გუშინ რეხვიაშვილს შეეხმიანა და ინტერვიუ სთხოვა, რაზეც ის სიამოვნებით დაგვთანხმდა...

- გიორგი, როგორ დაგხვდნენ "დინამოში"? როგორია თქვენი კონტრაქტი და პირველი შთაბეჭდილებები?
- ძალიან კარგად, თბილად დამხვდნენ გუნდში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო ჩემთვის. შეიძლება ითქვას, თავიდან ვიწყებ კარიერას. ამ ეტაპზე ჩემთვის ნებისმიერი მხარდაჭერა
ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება კონტრაქტს, ხელშეკრულება 1+1 სისტემით გავაფორმეთ. ამ სეზონის შემდეგ გადავხედავთ მის პირობებს. ერთი შემიძლია ვთქვა - ძალიან ბედნიერი ვარ, "დინამოში" რომ დავბრუნდი.

- გიორგი, თქვენ უმძიმესი ტრავმა გადაიტანეთ. ვიცი, მძიმე მოსაგონარია, მაგრამ მაინც - იქნებ გაიხსენოთ ის ეპიზოდი...
- მესამე თამაშს ვატარებდი "ბოლუსფორის" შემადგენლობაში და წინა ჯვარედინი იოგა გავიგლიჯე, ოღონდ, ნაწილობრივ. მაშინ იმდენად არ მიმიქცევია ამისთვის ყურადღება და ისევ გავაგრძელე თამაში. ორი მატჩი კიდევ ჩავატარე და მეტი ვეღარ შევძელი.

სხვათა შორის, "ბოლუსფორი" ძალიან მაგრად დამიდგა გვერდით. ოპერაცია გამიკეთეს, მიმკურნალეს... მერე გუნდში ახალი მწვრთნელი მოვიდა. მას თავისი შეხედულებები ჰქონდა ფეხბურთზე და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაწყდა, რომ უნდა წამოვსულიყავი. ასე დავბრუნდი "დინამოში"...

- ბევრ ფეხბურთელს მძიმე ტრავმის შემდეგ შიშის გრძნობა რჩება ხოლმე. თქვენს შემთხვევაში როგორაა, სძლიეთ ფსიქოლოგიურ მომენტს?
- ვარჯიში რომ დავიწყე, პირველი კვირის განმავლობაში მეც მქონდა ეს მომენტი. მას მერე აღარ მაქვს მსგავსი გრძნობა, ახლა ყველაფერი კარგადაა. მზად ვარ, ბოლომდე დავიხარჯო, ვითამაშო "დინამოში", გამოვადგე გუნდს...

აქ ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ კარგად მოემზადო. დიდებულად მუშაობს ფიზმომზადების მწვრთნელი. ორი კვირის განმავლობაში ძალიან მაგრად მოვემზადე.

- იმ დროს დავუბრუნდეთ, როცა "ჩიხურადან" "ბოლუსფორში" გადახვედით. მაშინ თქვენით რამდენიმე გუნდი იყო დაინტერესებული, მათ შორის - "ბურსასფორი", რომელიც თქვენმა "ჩიხურამ" ევროთასებიდან გამოთიშა. ადასტურებთ ამ ინფორმაციას?
- კი, ვადასტურებ. მერე, "ბოლუსფორში" რომ მივედი და რამდენიმე თამაში ჩავატარე, კლუბის პრეზიდენტმა მითხრა, უმაღლესი ლიგის რამდენიმე კლუბია შენით დაინტერესებულიო. მერე მივიღე ეს ტრავმა, ვეღარ ვითამაშე და ინტერესიც ინტერესად დარჩა.

- თქვენ ადრეც თამაშობდით "დინამოში". ახლა როგორი "დინამო" დაგხვდათ?
- უფრო გაზრდილი, პროგრესირებული. ყველა პროფესიონალია აქ, საქმის საკეთებლადაა მოწოდებული, შესანიშნავი გარემოა, ფეხბურთელი მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობს. "დინამო" დღეს საქართველოში საუკეთესოა.

- დაცვაში ლამის ყველა პოზიციაზე გითამაშიათ. თქვენი ოპტიმალური სათამაშო ამპლუა რომელია?
- მარცხენა ცენტრალური მცველი და მარცხენა მცველი - მე ამ ორ ამპლუას დავარქმევდი ჩემთვის ოპტიმალურს.

- გია გეგუჩაძესთან აქამდე არ გიმუშავიათ. რა შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე მისმა სამწვრთნელო მეთოდებმა?
- გეგუჩაძესთან აქამდე მართლაც არ მიმუშავია, მაგრამ საქართველო პატარა ქვეყანაა და ისედაც ვიცოდი, ყველასგან განსხვავებული და გამორჩეული მეთოდიკა რომ აქვს. ორი კვირის მოსული არც იყო კლუბში და ეგრევე ხელი დაატყო "დინამოს". ახლა გუნდი გაცილებით "მაღლა" თამაშობს, ვიდრე ადრე.

ჩემთვის ახლა იდეალურია გეგუჩაძესთან მუშაობა. როცა "დინამოში" მოვედი, ცხადია, ვისაუბრე გეგუჩაძესთან. ამის მერე კიდევ უფრო მოტივირებული გავხდი. ვიცი, მას სჯერა ჩემი, მენდობა...

- იყო დრო, საქართველოს ნაკრების კანდიდატი იყავით. ალბათ, ისევ უმიზნებთ ეროვნულ გუნდში მოხვედრას...
- ჯერ სტაბილურად დავიწყო თამაში, მე რომ მინდა, ისეთ ფორმაში შევიდე და მერე აუცილებლად ვიფიქრებ ამაზე. ყველა ფეხბურთელი იმიტომ თამაშობს ფეხბურთს, რომ ეროვნულ ნაკრებში მოხვდეს. ესაა ყველა მოთამაშის ყველაზე დიდი ოცნება.

- თქვენი აზრით, საით მიდის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი?
- არ ვიცი, რას დავაბრალო, გუნდების რაოდენობის ზრდას თუ სხვა რამეს, მაგრამ ფაქტია, რომ წინა სეზონი არ იყო ისეთი, როგორიც ყველას გვინდოდა, რომ ყოფილიყო. ჩვენ რაც უნდა ვილაპარაკოთ, ჩემპიონატის დონე ყველაზე მეტად ევროთასებზე ნაჩვენები შედეგით განისაზღვრება, ხოლო რა შედეგებიც გვქონდა, ყველამ ერთად ვნახეთ. ჩემი აზრით, მომავალი პირველობა წინაზე უკეთესი იქნება.

- ბევრს უთქვამს, თურქეთის ჩემპიონატის პირველ ლიგაში შესანიშნავი პირობებიაო. დონეც ასეთი მაღალია?
- მე თავად ვითამაშე იქ და გეტყვით, რომ პირობების თვალსაზრისით, მართლაც დიდებულადაა ყველაფერი. ანაზღაურება ძალიან მაღალია, ინფრასტრუქტურაც გამართულია. რაც შეეხება სათამაშო დონეს, ვერ ვიტყვი, რომ უმაღლესი დონეა. კლასით ვერ არიან ქართულ გუნდებზე უკეთესები.

საერთოდაც, თურქულ ფეხბურთში 5 ისეთი გუნდია, რომელიც დანარჩენებს მნიშვნელოვნად აღემატება. სხვა კლუბები, ძირითადად, ერთი დონისანი არიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული