ალექსანდრე იაშვილი: მიმუშავია კახა ცხადაძესთან და ვიცი, რა შეუძლია მას

AutoSharing Option
37 წლის ალექსანდრე იაშვილი ახალი "დინამოს" პოტენციურ ლიდერად მოჩანს როგორც მინდორზე, ისე მინდვრის გარეთ.

იაშვილი შესანიშნავი იყო დინამოელთა მიერ ჩატარებულ საკონტროლო მატჩებში და "გაბალასთან" პირველ, საშინაო შეხვედრაშიც დიდებულად ითამაშა.

დარწმუნებულნი ვართ, ჩვენი გაზეთის მკითხველისთვის მასთან ინტერვიუ არასოდეს იქნება უინტერესო...

- თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და ისიც ერთობ მახარებს, გუნდი ასე რომ უმატებს. ახლა სულ სხვა "დინამოა", ვიდრე თუნდაც ამ ცოტა ხნის წინათ. ჩვენ ძალიან კარგი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ, რაც წარმატების წინაპირობაა... ჩემი აზრით, გუნდი კარგ კონდიციებში ხვდება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის
დაწყებას.

- ...და რას იტყვით საქართველოს ჩემპიონატზე?
- ჯერ კიდევ შარშან ვაკვირდებოდი ჩვენს ჩემპიონატს და უნდა გითხრათ, რომ ძალიან რთული პირველობაა. წინასწარ ვერაფრით იტყვი, ვინ ვის მოუგებს. რა თქმა უნდა, დონე ისეთი არაა, როგორიც გვინდა, რომ იყოს. აქ სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს. თუნდაც ის, რომ ბევრგან მინდორი არ ვარგა და კომბინაციური ფეხბურთის თამაში შეუძლებელია.

- მოდით, "გაბალასთან" ორრაუნდიანი ბრძოლა გავიხსენოთ...
- მე ურყევად მჯერა: დღეს რომ ყოფილიყო "გაბალასთან" მატჩები, "დინამო" უკეთესად ითამაშებდა.

მძიმე მარცხი იყო, მაგრამ ამავე დროს, გაკვეთილადაც გამოდგება ეს წაგება. ნებისმიერი ფეხბურთელი სწავლობს შეცდომებზე, დასკვნები გამოაქვს... ყველამ ვიცით, რომ "დინამო" ძალიან ახალგაზრდული გუნდია... ახლა ეს ჩავლილი ეტაპია.

რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეული იყო მარცხი, მაგრამ ჩვენ წინ უნდა ვიყუროთ. "გაბალასთან" წარუმატებლობა დავიწყებულია. საქართველოს ჩემპიონატი იწყება და მხოლოდ ამაზეა კონცენტრირებული თითოეული ფეხბურთელი.

- გვჯერა, მომავალ ევროთასებზე "დინამო" უკეთეს შედეგს აჩვენებს და გუნდთან ერთად თქვენც იქნებით...
- ეს ჯერ შორეული პერსპექტივაა. ახლა ჩემი ერთადერთი საფიქრალი ისაა, რომ მზად ვიყო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის, რომელშიც თბილისის "დინამო" თერჯოლის "საპოვნელას" დაუპირისპირდება.

- გია გეგუჩაძეზე რას იტყვით? მის სამწვრთნელო მეთოდებს როგორ აფასებთ?
- გია გეგუჩაძის დამსახურებაა, რომ "დინამოში" თითოეულმა ფეხბურთელმა ზუსტად იცის თავისი საქმე და საკეთებელი. ნიუანსებამდე დამუშავებულია ყველაფერი. და კიდევ ერთი - პროფესიონალიზმი და დისციპლინა წარმატების მოსურნე გუნდში შეზავებული უნდა იყოს. ეს თანამედროვე "დინამოშიც" ასეა.

ჩვენი გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებს ჯერ კიდევ ბევრი აქვთ სასწავლი, თუმცა საქმისადმი მათი მიდგომა მაიმედებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ამაში დარწმუნებული ვარ.

- როგორ ფიქრობთ, "დინამოს" ბევრ ფეხბურთელს შეუძლია, დამკვიდრდეს საქართველოს ნაკრებში?
- თქვენის ნებართვით, ახლა ფეხბურთელების გვარებს არ ჩამოვთვლი. ზოგადად ვიტყვი - ძალიან ბევრს შეუძლია! ამ ბიჭებში დიდ ნიჭსა და პროფესიონალიზმს ვხედავ.

- დაბოლოს, უნდა ესეც გთხოვოთ - შეაფასეთ 25 ივლისს სანკტ-პეტერბურგში გამართული წილისყრა...
- მგონი, ერთადერთი ნაკრები ვართ საერთოდ ფეხბურთის ისტორიაში, რომელსაც მეექვსე კალათიდან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის ამბიცია გვაქვს. მე მიმუშავია კახა ცხადაძესთან და ვიცი, რა შეუძლია მას.

უბრალოდ, გარკვეული დროა საჭირო პროგრესისთვის. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დაწყებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი. ახლა მხოლოდ ზოგადად ვიტყვი - საქართველოს ნაკრებს აქვს იმის პოტენციალი, რომ ამ ჯგუფში მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
იაშკა შენ გენაცვალე, პროფესიონალი და უმაგრესი კაცი ხარ, ჩამოთვლას არ დავიწყებ რატომ და რისთვის. წარმატებები
georgiano
01:52 13-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული