თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო
გასული ჩემპიონატის ერთ-ერთმა წარმატებულმა გუნდმა, "ცხინვალმა", დებიუტანტ "საბურთალოსთან" ითამაშა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.
ხელისშემშლელი პირობა გაუსაძლისი სიცხე იყო, რომლის გამოც არბიტრმა არსენ ნონიკაშვილმა შეხვედრა ოთხჯერ გააჩერა. სტადიონზე შეკრებილი მცირეოდენი გულშემატკივრიდან ერთმა იხუმრა კიდეც - ბარემ მოედანზე "შლანგი" შეიტანეთო.
თამაშის დასაწყისი საბოლოოდ განვითარებულ სცენარზე არაფერს მიუთითებდა. კახა კაჭარავას გაწვრთნილები უკეთ და უფრო მობილიზებულად გამოიყურებოდნენ, ლიგის დებიუტანტებს კი მღელვარება ეტყობოდათ. შესაძლოა, მიზეზი ისიც იყო, რომ გუნდის კაპიტანი, ახალგაზრდა გიორგი ხარაიშვილი მოედნის ცენტრის ნაცვლად, მარცხენა ფლანგიდან უტევდა და თავიდან უჩვეულო პოზიციაზე თამაში გაუჭირდა.
მწვრთნელმა პოზიცია გურამ გოშთელიანსაც შეუცვალა, რომლის ადგილიც გამოცდილმა ჯაბა დვალმა დაიკავა, ხოლო 18 წლის თავდამსხმელი შემტევ ნახევარმცველად მოგვევლინა.
საბოლოოდ, შეხვედრის ბედი სწორედ ამ ახალგაზრდების გოლებმა გადაწყვიტა, მაგრამ პირველ ტაიმში "ცხინვალი" უკეთ გამოიყურებოდა და უფრო მწვავედაც უტევდა. უკვე მე-7 წუთზე, გიორგი ივანიშვილი ფლანგზე გაიჭრა და საჯარიმოში ირაკლი ლექვთაძე მოძებნა, რომელმაც ახლო მანძილიდან კარში კი დაარტყა, მაგრამ სუსტად გამოუვიდა და მეკარე ბექა ქურდაძე ბურთს იოლად დაეუფლა.
23-ე წუთზე საჯარიმოში შეიჭრა ბიძინა მახარობლიძე, რომელიც მცველთან ბრძოლაში წაიქცა და პენალტს ითხოვდა, მაგრამ მსაჯის სასტვენი დუმდა. მოვლენებს გავუსწრებთ და ვიტყვით, რომ ნონიკაშვილის მიმართ "ცხინვალის" ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს პრეტენზიები შემდგომშიც ჰქონდათ...
ამის შემდეგ "საბურთალო" გააქტიურდა. 34-ე წუთზე ხარაიშვილი საკუთარ საჯარიმოსთან შეცდა და ბურთი დაკარგა, თუმცა ნიკა კაჭარავა კარისკენ დროულად ვერ დაიძრა და ვერც დაარტყა, თუმცა კი მერე შეტევა ივანიშვილს ფლანგზე გაუგრძელა და უმწვავესი მომენტი საბურთალოელმა გია ჩაბრაძემ განმუხტა.
მე-40 წუთზე კაჭარავა ვალდებული იყო, ანგარიში გაეხსნა, მაგრამ ლექვთაძის ჩინებული გადაცემით მეკარე ქურდაძესთან პირისპირ დარჩენილი ბურთს კარგად ვერ შესწვდა, მეკარეც დააზიანა და თამაში კიდევ ერთხელ შეჩერდა...
ტაიმის ბოლო წუთებზე მეტოქეებმა მომენტები გაცვალეს - ჯერ ჯაბა დვალმა მოახერხა საჯარიმო ხაზთან ორი მცველის ჩამოშორება და სახიფათოდ, თუმცა, უშედეგოდ დაარტყა.
ცხინვალელებმა კი მომენტით ისარგებლეს: გიორგი ივანიშვილი მარჯვენა ფლანგზე კარგად გაიჭრა, ქურდაძემ ბურთი კი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე რატი ცაცკრიალაშვილმა ზუსტად დაამატა და ანგარიში გახსნა - 1:0.
ყველას გემახსოვრებათ ქართლოს ხოტივარისა და რევაზ გაბრიაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი - "სერენადა". მომხიბვლელი ქალიშვილის გამო ერთმანეთს ორი მამაკაცი რომ უპირისპირდება - გოლიათის ფიზიკურ ძალას სუსტის ნებისყოფა და თავდაჯერება ამარცხებს. ასე მოხდა მეორე ტაიმშიც: ლამის ბავშვებით დაკომპლექტებულმა "საბურთალომ" გაცილებით გამოცდილ მეტოქეს შეხვედრა მებრძოლი სულისკვეთებით შემოუტრიალა, საკუთარი თამაში მოახვია თავს და დაამარცხა კიდეც.
ჭიაბრიშვილის გაწვრთნილებს ქართული გუნდების უმრავლესობისგან მეტი მოძრაობა, სწორი და აგრესიული თამაში გამოარჩევთ. "საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა პირველი ტაიმიდან სწორი დასკვნა გამოიტანა და... მეორე ნახევარში გუნდი გარდაისახა. "საბურთალო" ბურთს სწრაფად ათამაშებდა და გადაღლილ მეტოქეს სჯობდა.
თუმცა მანამდე "ცხინვალს" უპირატესობის გაზრდა შეეძლო, მაგრამ საჯარიმოში შემოტრიალებულმა კაჭარავამ ბურთი ძელს მოარტყა.
სწორედ ამ დროს ჭიაბრიშვილმა გარისკა, სამივე შეცვლა გამოიყენა და გაუმართლა კიდეც. მისი გუნდის თამაში გაცილებით დინამიკური და სწრაფი გახდა. სტუმრები ბურთს არ აყოვნებდნენ, ცენტრისა და ფლანგების ფეხბურთელები ბურთს კარგად ათამაშებდნენ და მე-60 წუთზე მეტოქის დაცვაში ხვრელიც მოძებნეს - მათი შეტევის მოგერიების შემდეგ ბურთი საჯარიმოსთან გოშთელიანმა ("საბურთალოში" საუკეთესო იყო) მიიღო და დაუხანებლად დაარტყა - 1:1.
ამის შემდეგ "საბურთალო" დამშვიდდა, მაგრამ მატჩის ბოლოს ისევ გამოცოცხლდა. ჩაბრაძის გადაცემის დაგვირგვინება დვალმა სცადა, თუმცა - უშედეგოდ. ორჯერ დაემუქრა მეტოქის კარს ხარაიშვილი და გადამწყვეტი გოლიც მანვე გაიტანა - გოშთელიანმა ის ჩინებული გადაცემით საჯარიმოში დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, სადაც დავით მაისაშვილმა მოცელა და პენალტიც თავადვე გამოიყენა.
სწორედ ამ პენალტისა და სხვა ეპიზოდების გამო "ცხინვალის" მწვრთნელმა კახა კაჭარავამ არბიტრს პრეტენზიები წაუყენა, რისთვისაც არსენ ნონიკაშვილმა ტრიბუნისკენ მიუთითა.
"ცხინვალის" მცდელობის მიუხედავად, "საბურთალომ" 2:1 მოიგო და უმაღლეს ლიგაში დებიუტი გამარჯვებით აღნიშნა.
13.08.15. თბილისი, "მიხეილ მესხი" (სათ). 600 მაყურებელი
ცხინვალი-საბურთალო 1:2 (1:0)
1:0 ცაცკრიალაშვილი (45. ივანიშვილის პასით), 1:1 გოშთელიანი (60), 1:2 ხარაიშვილი (87-პენ)
გაფრთხილება: მამუჩიშვილი (12), ქარდავა (50), გოშთელიანი (58), მაისაშვილი (86), თოთაძე (90)
გაძევება: კახა კაჭარავა (87. მწვრთნელი, მსაჯის შეურაცხყოფისთვის)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი
ცხინვალი (4-2-3-1): ნადირაძე - ჭაფოძე, კაკუბავა, მაისაშვილი, ჯაფარიძე - მახარობლიძე (81. ბურძენაძე), ქარდავა (84. გიგაური) - ლექვთაძე (64. შულაია), ცაცკრიალაშვილი, ივანიშვილი - კაჭარავა.
სათადარიგოები: ცერცვაძე, ქოჩლაძე, ზ. ლობჯანიძე, კერესელიძე
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
საბურთალო: ქურდაძე - სოფრომაძე (58. ნადარაია) მარგველაშვილი, თოთაძე, ჩაბრაძე - მამუჩაშვილი (49. ფანცულაია), ალთუნაშვილი - გვარაძე (53. ბიძინაშვილი), გოშთელიანი, ხარაიშვილი - დვალი.
სათადარიგოები: ჩოჩიშვილი, ნ. იაშვილი, ბეროშვილი, ღლონტი.
მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი
მატჩის შემდეგ
კახა კაჭარავა (ცხინვალი): "მსაჯების კრიტიკა არ მიყვარს, მაგრამ პირველ ტაიმში ასპროცენტიანი პენალტი არ მოგვცეს, აქეთ კი საეჭვო ვითარებაში დაგვინიშნეს 11-მეტრიანი. არბიტრი თამაშის საშუალებასაც არ გვაძლევდა, ხოლო გოლის დროს ჩვენი ფეხბურთელი წაქცეული იყო, თუმცა, რატომღაც, თამაში არ შეაჩერა. ამას გარდა, პირველ ტაიმში ჩვენი მომენტები ვერ გამოვიყენეთ. მეორე ნახევარში კი დაღლილობა დაგვეტყო, რადგან შეკრება არ გაგვივლია. უნდა ვაღიარო, რომ ძალიან კარგი მეტოქე გვყავდა, მაგრამ რომ არა მსაჯის შეცდომები, ფრე უფრო ლოგიკური შედეგი იქნებოდა".
გია ჭიაბრიშვილი (საბურთალო): "მეტოქემ სეზონისთვის მზადება ჩვენზე ადრე დაიწყო, რადგან ევროპალიგაზე უნდა ეთამაშა და მეორე ტაიმში დაღლილობაც დაეტყო. ჩვენ კი პირიქით, სისწრაფეებს მოვუმატეთ, "ცხინვალის" დაცვაში ხარვეზები ვიპოვეთ და გამოვიყენეთ. ვერ ვიტყვი, რომ აუცილებლად მოსაგები თამაში გვქონდა, მოწინააღმდეგე კარგად თამაშობდა... მაგრამ მთავარია, რომ მოვიგეთ. ასეთი კარგი დებიუტი ჩვენი ახალგაზრდებისთვის ბევრს ნიშნავს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
10:54 14-08-2015
ცხინვალი-საბურთალო 1:2 - "საბურთალოს" სერენადა [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ბრავო ჭიაბრიშვილს, წარმატებები საბურთალოს!
0
0
ჰიმნის დროს მსაჯები ვირებივით რატომ დგანან.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული