რატომ არ დათანხმდა გორის "დილა" მატჩის უფასო ტელერეპორტაჟზე?

AutoSharing Option
ეს უდავოდ საინტერესო ამბავია, რომელმაც სოციალურ ქსელში დიდი რეზონანსი ჰპოვა. საქმე ისაა, რომ დღეს გორში ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურისა და მთლიანად, ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა გაიმართება: ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი "დილა" თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ვიცე-ჩემპიონ ბათუმის "დინამოს" უმასპინძლებს.


სამწუხაროდ, ამ მატჩის პირდაპირი ტელეტრანსლაცია ვერ ხერხდება. მიზეზი ბათუმის "დინამოს" "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული წერილიდან შევიტყვეთ:

"სამწუხაროდ, ხვალინდელი (პარასკევის - რედ.) მატჩის ტრანსლაცია ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ მოხერხდება. დიდი
მადლობა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" აჭარის ტელევიზიას, რომელსაც გორიდან პირდაპირი რეპორტაჟის ტრანსლირება სურდა, თუმცა სურვილი სურვილად დარჩა", - ვკითხულობთ წერილში.

გავრცელებული ცნობით, აჭარის ტელევიზიას მატჩის ჩვენება სურდა, მაგრამ გორის "დილამ" ამაში 2 000 ლარი მოითხოვა. სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება და კამათი სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია.

დავაზუსტეთ, რომ ეს სიმართლეს შეეფერება, რადგან გორული კლუბის თავკაცები თვლიან, რომ ქვეყნის ჩემპიონმა ტელეტრანსლაციიდან მიზერული შემოსავალი მაინც უნდა მიიღოს.

გულშემატკივართა რეაქცია არაერთგვაროვანი იყო. ზოგს "დილას" ხელმძღვანელთა პოზიცია მოეწონა, ზოგიც - გმობდა.

"თქვენ უფრო არ გაწყობთ, ჩემპიონატი რაც უფრო მეტად გაშუქდება? პარასკევს რომ პირდაპირი ტრანსლაცია არ იქნება, ამით ვინ დარჩება მოგებული - გორის "დილა", აჭარის ტელევიზია თუ ბათუმის "დინამო"? ან იქნებ მოგებული ქართული ფეხბურთია?

თუ ფეხბურთის განვითარება გინდათ, ერთმანეთს ხელი უნდა შევუწყოთ და რაც შეიძლება მეტი ტრანსლაცია და გაშუქება მოახერხოთ.

ახლა იტყვის ვიღაც, რომ კანონით სხვანაირადაა. მარტო კანონით თუ ვიმსჯელებთ, მაშინ საქართველოს ჩემპიონატი ჩაშლილი უნდა იყოს. მიზეზი ძალიან ბევრია", - წერს ერთ-ერთი გულშემატკივარი.

იყო სხვაგვარი პოზიციაც:

"კლუბებმა ბილეთებიც უნდა გაყიდონ, ტრანსლაციაც და ყველაფერი, რისი გაყიდვაც შეიძლება. სხვაგვარად შეუძლებელია, თუ გინდათ, რომ კლუბმა საკუთარი თავის რჩენა შეძლოს (მოგებაზე რომ არაფერი ვთქვათ). "დილამ" რა მოიგო და ის მოიგო, ახლა რომ უფასოდ მიეცათ, სხვა დროს ყიდვაზე აღარ იფიქრებდნენ".

თუმცა, აქვე ვიტყვით, რომ დაახლოებით მსგავსი ისტორია უეფას ეროვნული ასოციაციების თანამშრომელმა დავით პეტრიაშვილმა წლების წინათ გაგვიმხილა. თურმე, სატელევიზიო რეპორტაჟებში ფულს საფეხბურთო კლუბებს არც კვიპროსის ტელევიზიები უხდიდნენ.

"ეს ამბავი კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლისგან ვიცი, თუ როგორ დაიწყეს კლუბებმა სატელევიზიო შემოსავლების მიღება. ერთხელ ლიდერების შეხვედრა იყო და მასპინძელმა კლუბმა მატჩის ტრანსლირებაში 100 დოლარი მოითხოვა, რადგან ამბობდნენ, რომ მათ პროდუქტში, ანუ ფეხბურთში სიმბოლური ფასი მაინც უნდა მიეღოთ.

კვიპროსის სახელმწიფო არხი თავიდან თავს იკავებდა, რადგან რეპორტაჟები იქაც ისეთივე წამგებიანი იყო, როგორიც - საქართველოში, მაგრამ შემდეგ დათანხმდა.

რომ იცოდეთ, სწორედ ეს პრეცედენტი გახდა ტელევიზიებისა და კლუბების თანამშრომლობის ათვლის წერტილი და დღეს კლუბებს აქედან მცირე, მაგრამ შემოსავლები მაინც გააჩნიათ.

კლუბს შემოსავლები მაშინ უჩნდება, როცა ევროპაში აწყობილი სისტემა მუშაობს. გასაგებია, რომ ეს ძნელია, მაგრამ იოლი არც ევროპაში ყოფილა", - გვითხრა პეტრიაშვილმა.

ძნელი სათქმელია, კვიპროსული პრეცედენტი საქართველოში რამდენად იმუშავებს. ჩვენთან არც დიდი შემოსავლებია და არც ფეხბურთისადმი განსაკუთრებული ლტოლვა იგრძნობა, მაგრამ ფაქტია, რომ "დილამ" თავისი პოზიცია დააფიქსირა - უფულოდ რეპორტაჟებს არ დათმობს.

სხვათა შორის, თავის დროზე, მსგავსი პრეცედენტი პროფესიული ფეხბურთის ლიგამ და მისმა პარტნიორმა, მედიაკომპანია "კოლხიდამ" დაამკვიდრეს: ამ ორგანიზაციებმა რამდენჯერმე მოახერხეს და ქართული გუნდების მატჩების რეპორტაჟი გაყიდეს: 2007 წელს "რუსთავი 2"-ს თასის ფინალი ("ამერი"-"ზესტაფონი" 1:0) 3,5 ათას დოლარად მიჰყიდეს, 2009 (თბილისის "დინამო"-რუსთავის "ოლიმპი" 1:1, პენ. 2:0) და 2010 ("ვიტ ჯორჯია"-თბილისის "დინამო" 1:0) წლებში კი "საზოგადოებრივ მაუწყებელს" - პირველ შემთხვევაში 5 ათასი დოლარის ეკვივალენტად ლარებში, ხოლო მეორედ - 4 ათას ლარად.

სხვათა შორის, დღემდე პრეცედენტია, პროფლიგის მცდელობით, "სპორტ როსია 2"-ზე 2007 წლის თასის ფინალი ("ამერი"-"ზესტაფონი") რომ აჩვენეს. მართალია, მაშინ ეს უსასყიდლოდ მოხდა, რათა რუსულ მედიაში ჩვენი ფეხბურთი გაშუქებულიყო, მაგრამ ეს მაინც პირველი პრეცედენტი იყო, როცა ქართული გუნდების მატჩი უცხოურმა ტელეკომპანიამ გადასცა.

იყო შემთხვევა, ტურის მატჩს ერთდროულად 4 ტელეკომპანია გადასცემდა - "საზოგადოებრივი მაუწყებელი", "იმედი", "აჭარა" და "მზე".

სამწუხაროდ, ამ ორგანიზაციის ფაქტობრივი გაუქმების შემდეგ ფეხბურთის კომერციალიზაციის იმედმა კიდევ უფრო შორეულ პერსპექტივაში გადაინაცვლა. არადა, დროა, უკვე XXI საუკუნეა - ტელევიზიის ეპოქა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
აბა ამდენი კაშკაშა ვარსკვლავის თამაშის ყურება მუქთად გინდოდათ?:))):)):))
თაზო
13:04 21-08-2015
0
Kai ra torpedo dinamo ro iyos kide mesmis mara dula batumis dunamo es ukve zedmetia..romc gaashuqon mainc ar vuyyreb
Ucxoplaneteli
13:48 21-08-2015
0

სიახლეები პოპულარული