უმაღლესი ლიგის XI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
ხვალიდან ქართველი გულშემატკივრების ყურადღება ჩვენი ნაკრებებისკენ იქნება მიმართული: საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ორი ამხანაგური მატჩი ელოდება (ესტონეთთან და ალბანეთთან), 21 და 19-წლამდელებმა კი ოფიციალური შეხვედრები უნდა ჩაატარონ.

ჰოდა, ამის გამოც არის უმაღლეს ლიგაში თითქმის ორკვირიანი შესვენება, მაგრამ ვიდრე საქართველოს XXVII ჩემპიონატში პაუზა გამოცხადდებოდა, მართლაც უცნაური ტური ჩატარდა!

ჰო, ძალიან დიდი ხანია, რაც ასეთი შედეგიანობა არ გვინახავს. ამას გარდა, გასულ ტურში სხვაც არაერთი დასამახსოვრებელი ფაქტი თუ მოვლენა მოხდა და შევეცდებით, არც ერთი არ გამოგვრჩეს.

35 გოლი!
სეზონის დაწყებიდან არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ XXVII ჩემპიონატის
ლამის საფირმო ნიშანი იყო წინა წლებთან შედარებით გაზრდილი შედეგიანობა. უფრო ზუსტად, ამ სეზონის დასაწყისში იყო, ჩვენი ფეხბურთელების შესაშური შედეგიანობით რომ ვხარობდით, აი, მერე და მერე, შედეგიანობამ ცოტათი მოიკლო...

და აი, XI ტურში გასაოცარი მაჩვენებელიც ვნახეთ: რვა მატჩში 35 გოლი გავიდა (ანუ თითო შეხვედრაში, საშუალოდ, 4 გოლზე მეტი)! ახლა ანგარიშებს აღარ იკითხავთ? 6:2, 5:2, 1:5...

სულ, ჩემპიონატის პირველი ტურიდან მოყოლებული, საშუალო შედეგიანობამ თამაშში 3.06 გოლს მიაღწია, რაც ბოლო 20-წლეულში სარეკორდო ნიშნულია.

ქვილითაიას სადებიუტო ჰეთ-თრიკი
გული გვიგრძნობს, ამ სეზონში სარეკორდო რაოდენობის ჰეთ თრიკებს ვიხილავთ: XI ტურამდე უკვე სამ ფეხბურთელს ჰქონდა გატანილი ერთ მატჩში სამი გოლი: გიორგი ბერიაშვილს ("დინამო", ბთ), ოთარ მარცვალაძეს ("დილა") და დიმიტრი ტატანაშვილს ("სიონი").

და აი, ამ გამოცდილ თავდამსხმელებს კიდევ ერთი ფეხბურთელი შეემატა: თბილისის "დინამოს" 22 წლის ცენტრფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ "კოლხეთის" კარში სამი გოლი გაიტანა!

საქართველოს ჩემპიონატში ქვილითაიას "დინამოსა" თუ "დილას" შემადგენლობაში დუბლი უკვე შესრულებული აქვს, აი, ჰეთ-თრიკი კი მის ქართულ კარიერაში პირველია.

თანაც, ამ სამი გოლით ქვილითაია XXVI ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირთა დავაშიც ჩაერთო: ნიკა კაჭარავას ("ცხინვალი") მსგავსად, უკვე 9 გოლი გაიტანა და ეს ახალგაზრდა ფორვარდთა "დუეტი" მხოლოდ ოთარ მარცვალაძეს ჩამორჩება.

დუბლ(ებ)ის ტენდენცია
ჰეთ-თრიკებისა არ იყოს, ამ სეზონში სარეკორდო რაოდენობის დუბლია მოსალოდნელი: ამ ტურის ჩათვლით, უკვე 28 შემთხვევა დაფიქსირდა, როცა კონკრეტულმა ფეხბურთელმა ერთ მატჩში 2 გოლი გაიტანა. ეგ კი არა, ერთადერთი მხოლოდ IX ტური იყო, როცა დუბლი ვერავინ შეასრულა, დანარჩენ ტურებში კი, როგორც წესი, 2-3 ფეხბურთელი ყოჩაღობდა.

ახლაც, ამ ტურში სამმა შემტევმა გამოიჩინა თავი: 24 წლის ვილი ისიანმა ("სიონი") და 23 წლის ჯაბა ჯიღაურმა ("დინამო", თბილისი) მიმდინარე ჩემპიონატში უკვე მეორედ შეასრულეს დუბლი, "საბურთალოს" 21 წლის გარემარბმა გიორგი ფანცულაიამ კი - პირველად. საერთოდაც, ფანცულაიამ პირველი გოლ(ებ)ი გაიტანა "საბურთალოს" მაისურით.

აქვე ბარემ ის ფეხბურთელებიც ვახსენოთ, ფანცულაიას მსგავსად, პირველი გოლები რომ გაიტანეს ახალი გუნდის მაისურით: 22 წლის ლაშა შინდაგორიძე ("ცხინვალი"), 26 წლის გიორგი ვასაძე და 23 წლის გიული მანჯგალაძე (ორივე - "სიონი"), 26 წლის კონსტანტინე ბროლაძე ("მერანი"), 30 წლის დენის დობროვოლსკი ("ჩიხურა").

თუმცა, ამ უკანასკნელზე ცალკე გვინდა ვთქვათ...

დობროვოლსკის სამქულიანი!
დენის დობროვოლსკი უმაღლეს ლიგაში 2006/07 წლების სეზონში გამოჩნდა და ჯერ "ამერში", მერე კი რუსთავის "ოლიმპში" ("მეტალურგში") მუდამ ძირითადი შემადგენლობის საკვანძო ფეხბურთელად მიიჩნეოდა.

დობროვოლსკის სხვადასხვა პოზიციაზე უთამაშია, მაგრამ ყველაზე უკეთ საყრდენი ნახევარმცველის ამპლუაში წარმოაჩენდა თავის შესაძლებლობებს. ჩამშლელი ნახევარმცველის ამპლუიდან გამომდინარე, გოლები იშვიათად გააქვს და აი, ამ ტურში სწორედ მისმა ზუსტმა "გასროლილმა" (საჯარიმოს გარედან) მოუტანა 3 ქულა "ჩიხურას". თანაც, მეტოქეს არ იკითხავთ? ამ ტურამდე "სამტრედიას" ხომ ყველა საშინაო მატჩი ჰქონდა მოგებული!

სხვათა შორის, ეს იყო დენის დობროვოლსკის მეათე გოლი უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის პერიოდში და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ თითქმის ორწლიანი "მშრალი პაუზაც" დაარღვია: ბოლოს 2013 წლის ოქტომბერში გაიტანა, თანაც, როგორი გოლი! იმ დროისათვის რუსთავის "მეტალურგის" ფეხბურთელმა, ფაქტობრივად, მოედნის ცენტრიდან გაიტანა გოლი... თავის ამჟამინდელი გუნდის, "ჩიხურას" კარში...

სერიები
ესპანელი სპეციალისტის, ჟერარდ სარაგოსას ხელმძღვანელობით, "ლოკომოტივმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და ასეთი წარმატებული ასპარეზობა ნათლად აისახა ამ გუნდის სატურნირო მდგომარეობაზე. ახალი მწვრთნელის თავკაცობით, შედეგიანად ათამაშდა 25 წლის შემტევი ზვიად ქანთარია, რომელიც ბოლო ტურებია, მოედანს უგოლოდ არ ტოვებს.

ასევე ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო თბილისის "დინამომაც" და გია გეგუჩაძის გუნდი ამ სანაკრებო პაუზას კვლავაც ერთპიროვნული ლიდერის რანგში ხვდება.

ორ-ორი მარცხის მერე მოიგეს თავიანთი მატჩები "ჩიხურამ" და ბათუმის "დინამომ" (თანაც - ორივემ სტუმრად).

"ჩიხურაზე" უკვე ვთქვით და აჭარული "დერბიც" არ უნდა გამოგვრჩეს: ამ ტურამდე "შუქურა" ზედიზედ ოთხი მოგებით მოიწონებდა თავს, მაგრამ ეს მართლაც წარმატებული სერია ბათუმის "დინამომ" შეაჩერა. არადა, შოთა ჭეიშვილის გუნდს სხვადასხვა მიზეზის გამო ძალიან ბევრი წამყვანი ფეხბურთელი აკლდა: მიხეილ ალავიძე, გიორგი ბერიაშვილი, გიორგი გაბედავა, ნიკა მგელაძე, თეიმურაზ შონია. თუმცა, მასპინძლებსაც აკლდათ გუნდის კაპიტანი გიორგი ჩელებაძე.

...ასევე შეწყდა კიდევ ერთი წარმატებული სერია: გელა სანაიას მისვლის შემდეგ "კოლხეთმა" ზედიზედ სამი მატჩი მოიგო, მაგრამ ამ ტურში თბილისის "დინამოსთან" დამარცხდა. წინა ტურში წაგების შემდეგ სრული რეაბილიტაცია მოახდინა მოქმედმა ჩემპიონმა: "დილამ" დიდი ანგარიშით დაამარცხა სტუმრად "საპოვნელა".

აღსანიშნავია, რომ გორელთა გუნდიდან ხუთივე გოლი სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა: 30 წლის ოთარ მარცვალაძემ ზედიზედ მეოთხე მატჩში გამოიჩინა თავი, წინა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა და საუკეთესო ბომბარდირმა, 31 წლის ირაკლი მოდებაძემ კი ამ ჩემპიონატში VI გოლი გაიტანა და თითქმის თვენახევრიანი "მშრალი სერიაც" შეწყვიტა. უფრო ხანგრძლივი პაუზა ჰქონდა "დილას" კიდევ ერთ შემტევს, 23 წლის გიორგი ილურიძეს, რომელმაც გორელთა გუნდის მაისურით ორწელიწადნახევრიანი პაუზის მერე გაიტანა გოლი.

დაბოლოს, ამ სეზონის ყველაზე წარუმატებელ სერიაზეც: "მერანმა" ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო და ბოლო ადგილზეც მყარად დამკვიდრდა.

"სიონის" ამბიცია
ბოლნისური გუნდის წარმატებული ასპარეზობა გრძელდება: ვარლამ კილასონიას დამოძღვრილ გუნდს სეზონის დაწყების წინ ფავორიტთა შორის არავინ მოიხსენიებდა, მაგრამ უკვე 11 ტური მიილია და "სიონი" დაკარგული ქულებით მხოლოდ თბილისის "დინამოს" ჩამორჩება!

"სიონმა" ამჯერადაც გაილაღა და თავისთვის ერთ-ერთ უხერხულ მეტოქეს, "ტორპედოს" მართლაც შთამბეჭდავი ანგარიშით მოუგო - 6:2! საქართველოს ჩემპიონატში "სიონმა" 6 გოლი მეტოქის კარში ბოლოს 2 წლის წინათ გაიტანა.

აი, "ტორპედომ" კი კლუბის ისტორიაში კინაღამ ანტირეკორდი დაამყარა: ამაზე მეტი გოლი ქუთაისელთა გუნდმა მხოლოდ ერთხელ, 1993/94 წლების სეზონში გაუშვა, როცა ფოთის "კოლხეთთან" 2:7 წააგო. ისე, სჯობს მიმდინარე სეზონს დავუბრუნდეთ: ბოლო სამ საგარეო მატჩში "ტორპედომ" უკვე 12 გოლი გაუშვა...

სადებიუტო მატჩები, გოლები
გასულ ტურში ორ ახალგაზრდა ფეხბურთელს ჰქონდა დებიუტი უმაღლეს ლიგაში: 20 წლის გიორგი კაშიას (ბათუმის "დინამო") და 18 წლის თეიმურაზ ჩხეტიას ("მერანი").

რაც შეეხება სადებიუტო გოლებს, ამ შემთხვევაშიც ორმა ახალგაზრდამ გამოიჩინა თავი: 20 წლის თამაზ მაქაცარიამ (ბათუმის "დინამო") და მისმა თანატოლმა ისლამ მაშუკოვმა ("დილა") უმაღლეს ლიგაში პირველი გოლები გაიტანეს.

აქვე, ვასწორებთ შეცდომას და "ზუგდიდის" 18 წლის ფეხბურთელის, დიმიტრი თუთბერიძის სადებიუტო გოლიც გვინდა აღვნიშნოთ, წინა ტურში რომ გაიტანა "საპოვნელას" კარში...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გიგა ამბროლაძემაც (,,საპოვნელა") პირველი გაიტანა და შემდეგ ანალოგიურ სტატიაში გამოაქვეყნეთ თუ გემახსოვრებათ 2 კვირის შემდეგ.
irakli apkhaidze
12:57 10-11-2015
0

სიახლეები პოპულარული