"...თუ ის მზად არის უფრო მაღალ დონეზე სათამაშოდ, ჩვენ ხელს არ შევუშლით"

AutoSharing Option
საკმარისია, თბილისის "დინამომ" პირველი წრის ბოლო ტურში ფრედ დაასრულოს გასვლითი მატჩი ქობულეთის "შუქურასთან", რომ საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი "ზამთრის ჩემპიონის" არაოფიციალურ ტიტულს დაიბევებს.

"დინამოს" ბოლოდროინდელი პროგრესი თვალსაჩინოა. გია გეგუჩაძის გუნდი დამაჯერებლად იგებს თამაშებს და აგერ, სულ ბოლოს, ბოლნისის "სიონიც" დაამარცხა, გუნდი, რომელიც მიმდინარე სეზონში ძალიან კარგად გამოიყურება.

საერთოდ, საქართველოს ჩემპიონატში "დინამო" ამ ეტაპზე ბევრ ასპექტში საუკეთესოა. გუშინ "ლელო" "დინამოს" მთავარ მწვრთნელს დაუკავშირდა და ინტერვიუ სთხოვა...

- სულ ცოტაც და, ზამთრის ჩემპიონის ტიტულს მოგილოცავთ....
- მოდით, ნუ ვიჩქარებთ. დარჩენილია კიდევ ერთი
ტური და ჩვენ გასვლითი მატჩი გვაქვს "შუქურასთან". ასევე, გვაქვს თასზე საშინაო თამაში ქუთაისის "ტორპედოსთან". ამის შემდეგ ჩვენ უკვე გვექნება საშუალება, უფრო დაწვრილებით შევაფასოთ "დინამოს" მიერ ჩატარებული სეზონის პირველი ნაწილი.

- ალბათ, უკვე გამოიკვეთა ზამთრის მოსამზადებელი ეტაპის კონტურები. საინტერესოა, სად მოემზადება "დინამო" ჩემპიონატის საგაზაფხულო ეტაპისთვის?
- გადაწყვეტილი ამბავია, რომ სეზონის განახლებისთვის ჯერ თბილისში მოვემზადებით, მერე კი თურქულ ბელეკში წავალთ და იქ გავაგრძელებთ სამზადისს. ბელეკში ხუთ ამხანაგურ შეხვედრას ჩავატარებთ. წავალთ 30 იანვარს და 14 თებერვლამდე გავჩერდებით. ვფიქრობ, "დინამო" ყველანაირად მზად შეხვდება საფეხბურთო სეზონის განახლებას...

- უკვე გარკვეულია, რომელ გუნდებთან მოგიწევთ სპარინგები ბელეკში?
- ჩვენი პრინციპი ასეთია: უნდა ვითამაშოთ რაც შეიძლება მაღალი დონის მოწინააღმდეგეებთან. როგორც გითხარით, ბელეკში ხუთ ამხანაგურ შეხვედრას ჩავატარებთ. გვქონდა მოლაპარაკება სერბულ "პარტიზანთან". ამ ეტაპზე, ეს მოლაპარაკება ჩაშლილია, რადგან გაირკვა, რომ "პარტიზანი" ბელეკში აღარ ჩამოდის შეკრებაზე... სამაგიეროდ, გადაწყვეტილი ამბავია, რომ პირველი შეხვედრა გვექნება ხორვატულ "სპლიტთან". გეტყვით იმასაც, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს სლოვენიის მრავალგზის ჩემპიონ "მარიბორთანაც".

- როგორ ფიქრობთ, "დინამოს" ბევრი ფეხბურთელი დატოვებს?
- არა, საკითხი ასე არ დგას, რომ გინდა თუ არა, "დინამო" ვინმემ უნდა დატოვოს. გუნდი ცოცხალი ორგანიზმია. ჩვენ გვინდა "დინამოს" გაძლიერება, მაგრამ ისიცაა, რომ ეს პროცესი იოლად არ მიმდინარეობს.

- როგორი იქნება თქვენი აქცენტები ახალწვეულების შერჩევისას? უპირატესობას ქართველ ფეხბურთელებს მიანიჭებთ თუ ლეგიონერებს?
- ამ კითხვას ასე ვუპასუხებ: ჩვენთვის საინტერესო ფეხბურთელები არიან როგორც ქართულ სატრანსფერო ბაზარზე, ისე უცხოეთში. ჩვენი მუშაობის შედეგებს მალე ყველა ერთად ვნახავთ.

- "დინამოს" ლეგიონერები დარჩებიან გუნდში?
- რა თქმა უნდა! როგორც სხვები, ისინიც გავლენ შვებულებაში და ამის შემდეგ ჩვეულებრივად მოემზადებიან გუნდთან ერთად.

- ცალკე გკითხავთ ალექსანდრე იაშვილზე, ვინც გუნდს ამ სეზონის დასრულების შემდეგ ვეღარ შეეშველება...
- პირდაპირ გეტყვით, რომ ალექსანდრე იაშვილის დონის ფეხბურთელისა და პიროვნების გუნდში ყოლა დიდი ფუფუნებაა. ის ახალგაზრდა ფეხბურთელებს ფასდაუდებელ გამოცდილებას აძლევს. ცალკეა მისი განსაკუთრებული ადამიანური თვისებები... მე არ დავიღლები ალექსანდრე იაშვილზე საუბრით...

- დიდი შანსია, სატრანსფერო პერიოდში სხვა კლუბებმა "დინამოს" ლიდერების მიმართ ინტერესი გამოავლინონ. შეძლებთ მათ შენარჩუნებას?
- არ გამოვრიცხავ ასეთ ინტერესს... უბრალოდ, ამ შემთხვევაში მე მაქვს ჩემი პრინციპი. თუ ფეხბურთელს აქვს შეთავაზება უკეთესი გუნდისგან და თუ ის მზად არის უფრო მაღალ დონეზე სათამაშოდ, ჩვენ ხელს არ შევუშლით.

მაგალითად, ჩვენ შეგვეძლო, კიდევ დაგვეტოვებინა გუნდში გიორგი პაპუნაშვილი, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ, ხელი არ შევუშალეთ მას, უფრო მაღალ დონეზე მოესინჯა ძალა. უბრალოდ, ყველაფერს აქვს თავისი დრო და როცა ფეხბურთელი ამოწურავს თავის შესაძლებლობებს საქართველოს ჩემპიონატში, როცა ის უკვე იტყვის თავის სიტყვას, მას ხელი აღარ უნდა შეუშალო. ეს ისეთი პროცესია, რომ აჩქარება არავის არგებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
დინამოს ფანი ვარ ბავშვობიდან.
ჩემთვის დინამო ყველაფერია.მაგრამ ვიყოთ ობიექტურები.სტადიონზე ვიყავი ბოლო ორი თამაში და მიხედავათ იმისა რომ მოვიგეთ ძალიან დაბალი დონის გუნდი გვყავს .და ეს დაბალი დონის ჩემპიონატის ბრალია. ფაქტიურად დგანან გუნდები არ მოძრაობენ.და საშინელი საყურებელია მოკლედ რომ ვთქვათ
aleks 78
20:51 08-12-2015
0
სულ ველოდი მისი დიანმოს მწვრთნელად დანიშვნას ძალიან კარგი მწვრთნელია უბრალოდ ნდობაა მის მიმართ საჭირო თუ დინამო ამ ზაფხულსაც ვერ გავა ევროთასებზე ის მაინც უნდა დატოვონ რადგან დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ძლიერი სპეციალისტია
inkognito
18:39 08-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული