გიორგი ქვილითაია: ახლა მხოლოდ "დინამოზე" ვფიქრობ

AutoSharing Option
"ლელო" და "ლიდერბეთი" ტრადიციას აგრძელებენ. ამჯერად, დასახელდნენ ნოემბერ-დეკემბრის საუკეთესო მწვრთნელი და გამორჩეული ფეხბურთელები...

საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაში პირველობა არავის დაუთმო საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის თავკაცმა გია გეგუჩაძემ. თბილისის "დინამომ" ნოემბერ-დეკემბერში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში 5 მატჩი ჩაატარა და ხუთივე მოიგო. საქართველოს თასზე კი გეგუჩაძის შეგირდებმა 2 შეხვედრა ჩაატარეს და აქაც ასპროცენტიანი შედეგი აჩვენეს.

ნოემბერ-დეკემბრის საუკეთესო ფეხბურთელად კი ასევე თბილისის "დინამოს" 22 წლის შემტევი გიორგი ქვილითაია მივიჩნიეთ. ქვილითაიასთვის სეზონის ეს მონაკვეთი მართლაც შესანიშნავი იყო - მან 7 ოფიციალურ შეხვედრაში 8 გოლის გატანა მოახერხა!

"ბიბლუს გალერიში" გამართულ ღონისძიებას დავით პეტრიაშვილის დაღუპვის გამო ვერ დაესწრო გია გეგუჩაძე. ამ ტრაგედიამ, რომელმაც სრულიად საქართველოს საფეხბურთო სამყარო (და არამარტო) შეძრა, მუდამ საინტერესო და ემოციური ღონისძიება ძალიან დაამძიმა...

ტრადიციულად, დაჯილდოების ცერემონიალს ჩვენი კოლეგა გიგა გვენცაძე უძღვებოდა.

გიორგი ქვილითაია გაზეთ "ლელოს" საპატიო რედაქტორმა თენგიზ გაჩეჩილაძემ დააჯილდოვა. მასვე, გიგა გვენცაძისგან გადაეცა გეგუჩაძისათვის სარგო ჯილდოც.

ქვილითაიასთვის მიმდინარე სეზონი მართლაც ძალიან წარმატებულია. საქართველოს ჩემპიონატში მის ანგარიშზე 12 გოლია და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ერთი ბურთით ჩამორჩება "ცხინვალის" ფორვარდ ნიკა კაჭარავას.

შეგახსენებთ, რომ ქვილითაიამ, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, უკვე მოასწრო უცხოეთში თამაში - ის სხვადასხვა დროს ორჯერ იცავდა უნგრული "დიორი ეტოს" ღირსებას.

გიორგისთან გასაუბრება ისედაც გვსურდა და ამაზე უკეთეს დროს, აბა, როდისღა ვიპოვიდით?!

- პირველ რიგში, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ამ ღონისძიების ორგანიზატორებს. ფეხბურთელისთვის ასეთი დაფასება დიდი სტიმულია, - გვითხრა ნოემბერ-დეკემბრის საუკეთესო მოთამაშემ საუბრის დასაწყისში.

- სეზონის პირველი ნახევარი როგორი იყო თქვენთვის?
- ჩემთვისაც და "დინამოსთვისაც " წარმატებული იყო სეზონის პირველი ნახევარი. გუნდმა გადაჭრა ამ ეტაპისთვის დასახული ამოცანა და მოიპოვა "ზამთრის ჩემპიონის" ტიტული. ასევე, გუნდი გავიდა საქართველოს თასის ნახევარფინალში.

- როგორ ფიქრობთ, იმაზე მეტის გატანა თუ შეგეძლოთ, ვიდრე გაიტანეთ?
- ალბათ, შემეძლო, თუმცა უკმაყოფილო ვერ ვიქნები. მთლიანობაში, ყველა ტურნირს თუ ავიღებთ, 15 გოლი დამიგროვდა.

- როგორ დაახასიათებთ დღევანდელ თბილისის "დინამოს"? როგორია გუნდის "შიდა სამზარეულო"?
- ერთ მუშტად შეკრული გუნდი გვყავს. პირდაპირ ვიტყვი, რომ "დინამო" ერთი დიდი ოჯახია.

- საქართველოს ჩემპიონატზე რა აზრის ხართ?
- ჩემი აზრით, საქართველოს ჩემპიონატი ძალიან არაპროგნოზირებადია. ბევრ სტადიონზე მინდვრის საფარი ისეთია, ძალაუნებურად გუნდების დონე თანაბრდება.

- თავად მიადექით მნიშვნელოვან პრობლემას. მინდვრები ხელს გიშლით შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენაში?
- "დინამო არენა", გორისა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონები გამონაკლისია საქართველოში, სადაც ნორმალურად შეიძლება ფეხბურთის თამაში.

- ცალკე მინდა გკითხოთ ალექსანდრე იაშვილზე. რას ნიშნავს თქვენთვის "დინამოს" წინა ხაზში ესოდენ გამოცდილ ფეხბურთელთან ერთად თამაში?
- მისგან ძალიან ბევრი ვისწავლე და კიდევ ვსწავლობ. დაწერეთ პირდაპირ - ის თანამედროვე ქართული ფეხბურთის ნამდვილი ლეგენდაა. ერთი სიამოვნებაა მასთან ერთად ვარჯიში და თამაში.

- შევიტყვეთ, რომ თქვენით უცხოური გუნდები არიან დაინტერესებულნი. რჩებით "დინამოში"?
- პირადად მე ნამდვილად არავინ დამკავშირებია. ახლა მხოლოდ თბილისის "დინამოზე" ვფიქრობ. სეზონის მეორე ნახევარში ჩვენ წინაშე ძალზე საპასუხისმგებლო ამოცანები დგას.

- ცხადია, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის იმედიც გექნებათ...
- ჩემი ოცნება და მიზანი საქართველოს ნაკრებში მოხვედრაა ჯერ კიდევ მას მერე, რაც 7 წლის ასაკში დავიწყე ფეხბურთის თამაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კაი ბიჭია ეს, ტუ შრომა არ დაიზარა დიდი ფეხბურტელი დადგება რასაც გულწრფელად ვუსურვებ. და კიდევ ერტი გიო---გეყოფა უკვე ტორპედოსტვის გოლების გატანა
guri
15:52 22-12-2015
0

სიახლეები პოპულარული