"არმაზის"რეკონსტრუქცია სრულდება

AutoSharing Option
მცხეთის "არმაზის" სტადიონის რეკონსტრუქცია ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ნოდარ ახალკაცი-უმცროსი რომ ხელმძღვანელობდა. მიზეზთა გამო სამუშაოები ძალიან გაჭიანურდა, მაგრამ ყველაფერი უკვე დასასრულისკენ მიდის და სულაც არ არის გამორიცხული, ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის პირველივე საშინაო მატჩი "ვიტ ჯორჯიამ" მცხეთაში გამართოს.

შესრულებული სამუშაოები მცხეთაში საკუთარი თვალით ვიხილეთ და უნდა ვთქვათ, რომ ცოტა ხანში "არმაზი" უწინდელზე გაცილებით თანამედროვე და ფეხბურთელებისა და მაყურებლებისთვის კომფორტული იქნება.

სანამ უშუალოდ მცხეთაში ნანახზე გადავიდოდეთ, "არმაზის" რეკონსტრუქციის ისტორიას მოკლედ შეგახსენებთ. 2009 წელს უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შუამდგომლობით
"ჰეთთრიქის" პროგრამაში ეროვნული ნაკრების ბაზისა და რუსთავის "ფოლადის" სტადიონთან ერთად "არმაზის" კეთილმოწყობაც შეიტანა და ამ საქმისთვის 750 ათასი ევრო გადმორიცხა, საიდანაც 400 ათასი მცხეთურ არენას უნდა მოხმარებოდა.

რეკონსტრუქციაზე თანხა "ვიტ ჯორჯიასაც" უნდა გაეღო და კლუბმა სამუშაოები აქტიურად დაიწყო, სფფ-ს კი საქმის გაკეთება პრეზიდენტის შეცვლის გამო დაუგვიანდა.

ზვიად სიჭინავამ და მისმა გუნდმა ნაკისრი ვალდებულებების შესრულება აქტიურად დაიწყეს და დღეისთვის ფედერაციის წილი საქმის დასრულებას ბევრი აღარაფერი უკლია.

ცნობისთვის, ფედერაციამ უეფას გრანტით მცხეთის სტადიონზე ხელოვნურსაფრიანი მოედნის დაგება იკისრა.

ბოლო თაობის ხელოვნური გაზონი უკვე დიდი ხნის დაგებულია, დარჩენილია მხოლოდ მისი სათამაშო კონდიციამდე მიყვანა. საამისოდ კი საფარზე კაუჩუკისა და ეგრეთ წოდებული ეგვიპტური ქვიშის შეტანაა საჭირო. კაუჩუკი მცხეთაში სამყოფი რაოდენობითაა მიტანილი, ქვიშის ჩამოტანა კი დაგვიანდა. თუმცა ეს მასალა უკვე საქართველოს ტერიტორიაზეა და საბაჟო კონტროლს ელის, რასაც რამდენიმე დღე დასჭირდება.

დაახლოებით ერთი კვირა კი იმისთვისაა აუცილებელი, რომ გაზონზე შეტანილი კაუჩუკი და ქვიშა კარგად "დაჯდეს". 19 თებერვალს უმაღლესი ლიგის მეორე ეტაპის მეორე ტურში "ვიტ ჯორჯია" ზუგდიდის "ბაიას" მასპინძლობს და იმ დროისთვის მოედნის სრულად გამზადება სავსებით შესაძლებელია.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ სფფ-მ "არმაზის" მოედანი კომპანია "ტარკეტის" (ხელმძღვანელი კობა ახალკაცი) მეშვეობით დააგო. ამავე ფირმამ ხელოვნურსაფრიანი გაზონი ზუგდიდის "ბაიას" ბაზაზეც მოაწყო და რაკი იმ საფარმა გაამართლა, "ტარკეტთან" თანამშრომობაც ამიტომ გადაწყდა.

სტადიონის ინფრასტრუქტურის მოწყობა ბოლომდე არ დასრულებულა, მაგრამ სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე შესრულებულია და, ერთი შეხედვით, დანარჩენიც მალე უნდა დამთავრდეს. მოედნის საფრის გარდა, სტადიონის კეთილმოწყობის ყველა სხვა სამუშაოს "ვიტ ჯორჯიამ" საკუთარი სახსრებით მიხედა.

ძველი ხის სკამები ინდივუდუალურებით შეიცვალა. ახალი სკამები "ვიტ ჯორჯიამ" თურქეთში შეიძინა, ტრიბუნები თეთრ-მწვანე საკლუბო ფერებითაა გაწყობილი. "არმაზის" ტევადობა დღეისთვის 2 ათას მაყურებელს შეადგენს. ტრიბუნის სრულ კეთილმოწყობამდე მხოლოდ ვიპლოჟის დამთავრებაღაა დარჩენილი. ვიპლოჟისთვის კლუბმა კომფორტული, 100 ევროს ღირებულების სავარძლები შეიძინა. პრესლოჟა კვლავინდებურად ვიპლოჟის წინ იქნება განთავსებული და გადახურვის ქვეშ მოექცევა. ტრიბუნაზე მხოლოდ სკამები არ შეცვლილა. ძველი ტრიბუნა, ფაქტობრივად, ბოლომდე დაანგრიეს და ბეტონი ხელახლა ჩაასხეს, რამაც მოედნის ხილვადობა უკეთესი გახადა. "ვიტ ჯორჯიას" ხელმძღვანელობა პერსპექტივაში მეორე ტრიბუნის აშენებასაც გეგმავს.

მთლიანად გარემონტდა გასახდელები, მსაჯთა, დელეგატთა, საპრესკონფერენციო და სხვა ოთახები. იმავე შენობაში მთლიანად შეიცვალა კომუნიკაციები, დამონტაჟდა ახალი საკანალიზაციო სისტემა. სტადიონი ხელახლა შემოიღობა. შეიძლება, ეს წვრილმანად მოგვეჩვენოს, მაგრამ ამან "არმაზის" ვიზუალური მხარე უდავოდ გააუმჯობესა.

აქამდე "ვიტ ჯორჯია" "არმაზის" ტერიტორიაზე 3 ჰექტარ მიწას ფლობდა, ახლახან კი იქვე კიდევ 2 ჰექტარი შეიძინა, სადაც დამატებით მოედნებს მოაწყობს და ნელ-ნელა იქაურობა კლუბის ბაზად ჩამოყალიბდება. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ამ ეტაპზე კლუბის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

"ვფიქრობთ, უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ. ჩვენი კლუბი ყოველთვის მიისწრაფვოდა სფფ-სთან პარტნიორული ურთიერთობისკენ და მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა თანამშრომლობამ ასეთი კარგი შედეგი გამოიღო. მაღალი დონის მოედნების დეფიციტი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემაა და სასიხარულოა, რომ ამ პროექტის განხორციელება მხოლოდ "ვიტ ჯორჯიას" კი არა, მთლიანად ჩვენს საფეხბურთო მეურნეობას წაადგება", - გვითხრა "ვიტ ჯორჯიას" სპორტულმა დირექტორმა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა დავით თავართქილაძემ.



ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული