რევოლუცია: 10-გუნდიანი ლიგა, გაზაფხული-შემოდგომის სისტემა, 3.5 მლნ ჩემპიონს!

AutoSharing Option
ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვისა და შესავლების გარეშე - 17 თებერვალს, ფეხბურთის ფედერაციამ დახურულ შეხვედრაზე ფეხბურთის განვითარების რევოლუციური 5-წლიანი სახელმწიფო პროგრამა წარადგინა. ბოლო 26 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ ფეხბურთში სერიოზული რეფორმა იწყება.

ამ პროგრამაში არის ისეთი დეტალები, რასაც პროგრესული საფეხბურთო სამყარო წლების განმავლობაში ითხოვდა. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, პროგრამაზე პუნქტობრივად მოგითხრობთ...

ჩავარდნილი ჩემპიონატი
სფფ-ის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილის შესავალი სიტყვის შემდეგ პროგრამაზე ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა ჯღარკავამ ილაპარაკა.

"პროგრამის საკვანძო ასპექტებზე მოგახსენებთ: ჩემპიონატის დაბალ დონეს ბევრი ფაქტორი განაპირობებს.

1) არათანმიმდევრული ფორმატი და, ამავე დროს, არაადეკვატურიც. წლების
განმავლობაში ის გაუაზრებლად იცვლებოდა; 2) მოძველებულია ინფრასტრუქტურა; 3) ცარიელი ტრიბუნები; 4) ჩემპიონატი შეუფუთავია და 5) კომერციულად უინტერესოა", - ამბობს ჯღარკავა.

მან წარმოადგინა გრაფიკი, როგორ იცვლებოდა კერძო კლუბების პროცენტული მაჩვენებელი წლების განმავლობაში. ყველაზე მეტი იყო 2009/10 წლების სეზონში - 60%, ამის შემდეგ კი კატასტროფულად დაეცა და დღეისთვის მხოლოდ 25%-ს შეადგენს.

ასევე კატასტროფულად შემცირდა ბავშვების რაოდენობა: 8-წლამდელებში სულ 460 ვარჯიშობს. ამ პროცესს ისიც ემატება, რომ სკოლების კატეგორიზაცია არ მომხდარა. ამავე დროს, საკომპენსაციო სისტემა ძალიან არაეფექტურია.

მნიშვნელოვანია არსებული 13 რეგიონული ფედერაციის მუშაობა, რომ კლუბებისა და მოთამაშეების რაოდენობა გაიზარდოს.

დაფინანსების სისტემა
ჯღარკავამ დაფინანსების მეთოდი წარმოადგინა. მისი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფეხბურთს სპონტანურად და არამიზანმიმართულად აფინანსებდნენ, არ არსებობდა სისტემა. უცნობი იყო, სახსრებს ვის და რა კრიტერიუმით აძლევდნენ, რა საშეჯიბრებო ამოცანას უსახავდნენ...

ახლა სახელმწიფო სახსრების მობილიზაცია ერთიან ფონდში მოხდება, რომლიდანაც დაფინანსდება განვითარების პროგრამები, კლუბები და საფეხბურთო სკოლები, ფეხბურთის ფედერაციას კი მხოლოდ ფიფა-უეფასა და სამინისტროს ძველი დაფინანსება დარჩება. ანუ სფფ-ს ამ ფულთან შეხება არ ექნება.

ფონდის მიზანია ჩემპიონატში დონის ამაღლება, ფეხბურთში თანამედროვე მართვის მეთოდების დანერგვა, კონკურენტუნარიანი და თავისუფალი ბაზრის ჩამოყალიბება, პლუს - სოციალურ აქტივობაში ფეხბურთის ჩართულობის გაზრდა.

"დღეს ასაკობრივი ნაკრებების წევრთა 90 პროცენტი კერძო კლუბებშია გაზრდილი. იმიტომ, რომ სახელმწიფო კლუბებში ასეთი არც ამოცანა ჰქონდათ და არც სურვილი. პროგრამა სწორედ ამ დამოკიდებულებას შეცვლის", - თქვა კობიაშვილმა.

ცნობილი გახდა, რომ თანხები დაიხარჯება მსაჯთა მომზადებაში, აგრეთვე, საფეხბურთო მენეჯმენტის კურსებზე - შესაძლოა, მსაჯთა აკადემიაც ჩამოყალიბდეს. დაიწყება დეფიციტური კადრების (ფიზმომზადების მწვრთნელები, მწვრთნელ-ანალიტიკოსები, სპორტული მედიკოსები, საფეხბურთო მარკეტინგის სპეციალისტები და მოედნების აგრონომები) გადამზადება.

საჯარო სკოლების მასწავლებლებსა და რეგიონში დასაქმებულ დამწყებ მწვრთნელებს D ლიცენზიებს გადასცემენ. არის სურვილი, რომ გაუმჯობესდეს C კატეგორიის კურსებზე სწავლება, ხოლო B, A და PROF-ლიცენზიები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. საქმე ისაა, რომ ამ კატეგორიაზე სწავლა ძვირია და ყველა მსურველი ვერ ახერხებს.

მასობრიობა და პოპულარიზაცია
პროგრამით, ფეხბურთის მასობრიობის გაზრდა 13-წლამდელთა რეგიონული ნაკრებების ჩამოყალიბებითა და მათი ასაკის სასკოლო ჩემპიონატის გამართვითაა გათვალისწინებული. ადგილობრივი ტურნირების შემდეგ ჩამოყალიბდება რეგიონული ნაკრებები და მათ შორის ერთიანი შეჯიბრება გაიმართება.

გოგონებისთვის კი ეროვნული ჩემპიონატი, 15-წლამდელთა რეგიონული თასის გათამაშება და 11-წლამდელთა სკოლის ჩემპიონატი იგეგმება.

ძალიან საინტერესო იყო პაუზების დროს ტურნირების ჩატარების იდეა. ზამთრის მასტერსი დარბაზში გაიმართება, რათა სეზონი გახანგრძლივდეს და მაყურებელმა ინტერესი შეინარჩუნოს, ხოლო ტურნირებზე ვეტერანი ვარსკვლავების ჩამოყვანას აპირებენ. ზაფხულის პაუზის შევსებას კი პლაჟის ფეხბურთის ტურნირით ფიქრობენ.

10-გუნდიანი ჩემპიონატი
ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ეროვნული ჩემპიონატის რეფორმირების რევოლუციური იდეა. 2016 წლის ზაფხულიდან დაიწყება მოკლე, გარდამავალი ჩემპიონატი და ნოემბერში დასრულდება. 16 გუნდი 8-8-გუნდიან ორ ჯგუფად დაიყოფა და ნოემბრამდე ორ წრედ (14 მატჩი) ითამაშებს.

ჩემპიონი ჯგუფების გამარჯვებულს შორის გამოვლინდება, ისევე, როგორც - ევროსაგზურების მფლობელები. მაგრამ ჯერ ამის დეტალები ზუსტდება. ლიგიდან 6 გუნდი გავარდება და მივიღებთ 10-გუნდიან ჩემპიონატს.

გარდამავლი ჩემპიონატის დროს, პირველი ლიგიდან გუნდი აღარ დაწინაურდება. არგუმენტად კობიაშვილმა ეს ფაქტი დაასახელა - ლიცენზირების სურვილი ლიდერების აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ გამოხატა, ანუ განვითარების სურვილი თუ არ აქვთ და ლიცენზიას ვერ იღებენ, უმაღლესში არაფერი ესაქმებათო.

გარდამავალი ჩემპიონატის შემდეგ 10-10 გუნდი ითამაშებს PRO ლიგა 1-სა და PRO ლიგა 2-ში, ორ 10-10-გუნდიან ჯგუფად დაიყოფა ეროვნული ლიგა 1 (ანუ რეგიონული ლიგა). გარდა ამისა, ჩამოყალიბდება კიდევ ერთი რეგიონული ლიგა, ეროვნული ლიგა 2, სადაც გუნდების რაოდენობა ჯერაც განუსაზღვრელია.

ჩემპიონატი გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადავა, მარტში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება. 2016/17 წლების ევროსეზონზე კი გარდამავალი ეტაპის საუკეთესოები მოხვდებიან. კობიაშვილმა ეს ცვლილება საბიუჯეტო დაფინანსებით, მოედნების მდგომარეობით, ევროთასებზე გუნდების უკეთ გამოსვლის მოტივითა და სხვა ფაქტორებით ახსნა.

ამას გარდა, ყოვლად უმოტივაციო დუბლების ჩემპიონატის ნაცვლად, 20-გუნდიანი 19-წლამდელთა ჩემპიონატი გაიმართება, გამარჯვებული კი ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდება.

საინტერესო დეტალია: ეროვნული ლიგა 1 და ეროვნული ლიგა 2 სამოყვარულო იქნება. აქ მნიშვნელოვანი ქვეტექსტია ჩადებული: საქმე ისაა, რომ ტოტალიზატორები სამოყვარულო ლიგების თამაშებზე ფსონს არ იღებენ. ბოლო წლებში კი აზიური ტოტალიზატორების ინტერესი ჩვენი რეგიონული ლიგის მატჩებსაც მისწვდა და საშინელება ტრიალებდა. კარგია, რომ სფფ-მ ეს ამბავი გაითვალისწინა.

დაფინანსება და საპრიზო პრემიები
გუნდები ჩემპიონატში შემდეგ თანხებს მიიღებენ:

უმაღლესი ლიგა (II წრე)
საბაზისო 0,80 მლნ
სტიმულირება 0,40 მლნ
პრემია 0,75 მლნ

პირველი ლიგა (II წრე)
საბაზისო 0,30 მლნ
სტიმულირება 0,05 მლნ

მეორე ლიგა (II წრე)
საბაზისო 0,05 მლნ

გარდამავალი ჩემპიონატი
უმაღლესი ლიგა
საბაზისო 0,60 მლნ
სტიმულირება 0,30 მლნ
პრემია 0,60 მლნ

ახალი ჩემპიონატი
PRO ლიგა 1
საბაზისო 1,00 მლნ
სტიმულირება 0,50 მლნ
პრემია 6,00 მლნ
საპირზო ფონდი 6,00 მლნ

PRO ლიგა 2
საბაზისო 0,70 მლნ
სტიმულირება 0,30 მლნ
პრემია 3,00 მლნ

ეროვნული ლიგა 1
საბაზისო 0,25 მლნ
სტიმულირება 0,05 მლნ

ეროვნული ლიგა 2
საბაზისო 0,04 მლნ

ნიკა ჯღარკავამ ციფრები დაასახელა: შესაძლოა, 10-გუნდიანი ჩემპიონატის გამარჯვებულმა 3,5 მილიონი ლარი მიიღოს, გავარდნილმა - 2,3 მილიონი. ხოლო PRO ლიგა 2-ში გამარჯვებულმა და გავარდნილმა, შესაბამისად - 1,7 მილიონ ლარზე მეტი.

ერთიანი ფონდი
ერთიანი ფონდი კლუბებს დაეხმარება ტურისტული მომსახურების, შეკრებებისა და გასვლითი მატჩების ორგანიზებაში, სპორტული ეკიპირების, ბურთების შეძენაში, სამედიცინო მომსახურებაში, ტრანსპორტირებაში, სასტუმროების დაჯავშნაში.

ცხადია, ერთიანი შეკვეთის შემთხვევაში ეს ყველაფერი გაცილებით იაფი დაჯდება, ვიდრე გუნდები ცალ-ცალკე რომ გააკეთებენ. ეს ამ ფონდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია იქნება და სახელმწიფო სახსრები გაცილებით ეფექტურად დაიხარჯება.

მედიაპროექტი
კობიაშვილმა დაადასტურა, რომ 10-გუნდიან ჩემპიონატში თამაშები მხოლოდ ბალახისსაფარიან მოედნებზე გაიმართება. აუცილებელი პირობა იქნება თამაშების კეთილმოწყობილ სტადიონებზე, განათებაზე ჩატარება და სატელევიზიო გაშუქება.

ეს კიდევ ცალკე პუნქტია. მზადდება მედიაპროექტი, რომლის მიზანიც ეროვნული ჩემპიონატის მაღალ დონეზე გაშუქებაა - ტელევიზიით, ბეჭდურ მედიაში, სოციალურ ქსელებში. ეს შეეხება მატჩისწინა მზადებას, თამაშების პირდაპირ რეპორტაჟებსა და ტურის მიმოხილვას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 77 /
ძალიან ცუდია 10 გუნდიანი ჩემპიონატი და კიდევ გაზაფხული შემოდგომა ეს საერთოდ სიბეცეა
ogafa
18 თებერვალი 2016 11:45
0
ვფიქრობ კარგად დაიწყეს. მიმაჩნია, რომ ჯერ-ჯერობით მხოლოდ ცხადაძის საკითხთან დაკავშირებით აქვთ შეცდომა დაშვებული (ღმერთმა ქნას ვცდებოდე.თუმცა ერთი შეცდომა ყველას დოსდის). ამ შეცდომამ კი, შეიძლება ყველაფერი წყალში ჩაყაროს, თუ ეროვნულმა ნაკრებმა შედეგი ვერ აჩვენა. ეს ნაღდად მაღელვებს.
stajiani balelshiki
18 თებერვალი 2016 11:39
0
სისტემა კიარაა მთავარი ფეხბურთელის გაზრდაა მთავარი მაგ სისტემაში გაიზარდენ ფეხბურთელები ვინაც ევროპიოს ფინალიც ითამაშეს და შემდეგ მოედვნენ მთელ დასავლეთ ევროპას მიხაილიჩენკო ზავაროვი ბელანოვი ალეინიკოვი კანჩელსკისი რომელი ერთი დავასახელო ბლოხინს კიდე საერთოდ არ შევეხები ეგ ცალკე თემაა.მთავარია გაზრდა კონკურენცია და პროფესიონალიზმი დაარა რომელიმე სისტემა თორე დღეს თუ ხარ ევროპულ სისტემაზე ხო გლიჯავ ყველაფერს აქეთ რეალი გყავს წიხლის ქვეშ გადებული და იქეთ ბარსელონა ხო.ან რას ნიშნავს ეს ყბადაღებული საბჭოთა კავშირის აღდგენა რა შუაშია ეგ ფეხბურთთან.ისე იმ დროს შექმნილი დოვლათი როარა დღეს დედა არ ეყოლებოდა საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტს.მარა ეს სხვა თემაა.
qutaiseli
18 თებერვალი 2016 11:38
0
საღოლ კობი,შენ გენაცვალე!ხორვატებთან რომ გამახარე ისეთ გახარებულს და ბედნიერს გევლოს!წარმატებას და იღბალს გისურვებ ამ საქმეში და ცხოვრებაშიც
გიო 77
18 თებერვალი 2016 11:36
0
იდეა კარგია,მაგრამ ელემენტარულად არ ეყოფათ ფული
shota
18 თებერვალი 2016 11:34
0
საინტერესოა, ვინ იქნება პასუხისმგებელი (და უფლებამოსილი) ამ ერთიანი ფონდის მართვაზე? გასაგებია, რომ ფედერაციას არ ექნება შეხება. მაშინ ვის ექნება? საუბარია რამდენიმე ასეულ მილიონ ლარზე!... თან სახელმწიფო ბიუჯეტიდან და არა ჯერძო ფულზე. ნუთუ ვერ ვისწავლეთ, რომ როგორც წესი მსგავსი ტიპის ფონდები რბილად რომ ვთქვათ ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს ხოლმე მიზნობრივად ხარჯვის კუთხით? მაგალითად, ვინ მოგვცემს გარანტიას, რომ ბოლო თეთრი ბავშვებს და მოედნებს (და უშუალოდ ფეხბურთის სხვა კომპონენტებს) მოხმარდება და არა ვიღაცის ბიძაშვილ-მამიდაშვილების ჯიპებს, თბილ ოფისებს და მაღალ ხელფასებს? და კიდევ - 6 გუნდი ვარდება და არცერთი შემოდის უმაღლეს ლიგაში. ვშიშობ, რომ დედა შვილს არ აიყვანს ხელში ისეთი ამბები დატრიალდება. არ მინდა ჩვენი ფეხბურთი კობიაშვილის დაუფიქრებელ ავანტიურებს შეეწიროს!
meko
18 თებერვალი 2016 11:33
0
გაზაფხული-შემოდგომა? ეს ხომ ყაზახური ვარიანტია? არ ვიცი, შეიძლება გაამართლოს. ევროტურნირის სტარტისათვის უკეთესი კი იქნება მაგრამ, დაბოლოებისათვის მიუღებელი. არ არის თანხვედრაში ევროპული ქვეყნების გათამაშების სისტემასთან.
bibi
18 თებერვალი 2016 11:31
0
რომ წერთ, რომ გარდამავალი ჩემპინატის გამარჯვებულები 2016-2017 წლის ევროსეზონზე მიიღებს მონაწილეობასო, გამაგებინეთ, რანაირად, გარდამავალი ჩემპიონატი ნოემბერში დამთავრდება, უეფა ჩვენ დაგველოდება თუ რა ხდება იქნებ გამაგებინოთ.
vaxo
18 თებერვალი 2016 11:27
0
ძალიან ბევრი კარგი სიახლეა. თუმცა არის საკითხები, რომელიც უკან გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს. თუნდაც გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადასვლა. რუსეთი რომ რუსეთია, ისიც შემოდგომა-გაზაფხულის სისტემაზე გადავიდა, რათა ევროპულ სისტემას მიახლოვებობოდა. ბოლომდე ვერ გავიაზრე ეს ყველაფერი. რატომ?
niko
18 თებერვალი 2016 11:26
0
ძალიან საინტერესოა,იმედი მიჩნდება რომ გავარგვევტ ამ მოჯადოებულ ცრეს და ბოლო ბოლო ჩვენი ფეხბურტი ნელ ნელა აგმავლობის გზას დაადგება!
ალეკო
18 თებერვალი 2016 11:11
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული