11:18 24-02-2016
ჩიხურა-საბურთალო 5:0 - კარგი დასაწყისის ფასი [VIDEO]
AutoSharing Option
დედაქალაქელთა რბევა მეორე წუთიდან დაიწყო, როცა ჩიკვაიძეს ხელსაყრელი მომენტიდან დარტყმის ნაცვლად, კარგი პასი გამოუვიდა და ჭანკოტაძემაც არ დაახანა.
მე-14 წუთზე თორნიკე კირკიტაძემ საკუთარიდან მოწინააღმდეგის საჯარიმო მოედნამდე დიდებული სოლო-რეიდი "გაწელა", ჩამოიცილა ყველა, ვინც გზაზე დაუხვდა და უძლიერესი დარტყმით დალაშქრა "ცხრიანი".
მე-40 წუთზე საჯარიმო მოედანში შეღწეული სარდალიშვილი მანამ აწვალებდა ბურთს დასარტყმელ პოზიციაზე გასასვლელად, სანამ მომენტით ნერვებმოშლილმა თოთაძემ არ მოცელა. 100-პროცენტიანი პენალტის რეალიზება თავად სარდალიშვილმა ითავა. 3:0 - ამ ანგარიშით გავიდნენ გუნდები შესვენებაზე.
გამანადგურებელი ანგარიში "ჩიხურას" უდავო უპირატესობაზე კი მეტყველებს, მაგრამ სტუმართა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ 5:0-ის მერეც არ დაუყრიათ ფარ-ხმალი - მთელი მატჩის განმავლობაში იბრძოდნენ, თუმცა კუპატაძის, ჩიკვაიძის, კაშიას, რეხვიაშვილისა და სხვათა შეუვალობის ფონზე, საბურთალოელთა გარჯაც, უმეტესწილად, ჯახირს უფრო ჰგავდა.
ერთ მომენტში სტუმრებს, უბრალოდ, არ გაუმართლათ, თორემ "ჩიხურას" ვეღარც ზემოთ ნახსენები შეუვალობა უშველიდა: 29-ე წუთზე გოშთელიანმა საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტყმით ძელი შეაზანზარა, ხოლო ფანცულაიას ძელიდან უკუგდებული ბურთის ცარიელ კარში გადაგზავნის ოსტატობა არ ეყო.
იგივე შეიძლება ითქვას პირველ ტაიმში ბიძინაშვილის დარტყმაზეც, რომელსაც რიკოშეტი და კუპატაძის თავგანწირული ნახტომი მოჰყვა.
ორივე გუნდმა დიდი "ჯაფა" დააყენა ბურთს. ტემპის დაგდება არც ერთ მხარეს არ უცდია, ხოლო მომატებას საჩხერელები უფრო ახერხებდნენ, რის შედეგადაც თავზესაყრელ საგოლე მომენტებს ქმნიდნენ მოწინააღმდეგის კართან.
მარტო ის ეპიზოდი რად ღირდა, როცა მე-60 წუთზე ჭანკოტაძეს სულ ოდნავ უმტყუნა სიზუსტემ, მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდებით მორიგი გოლი ეზეიმა, თუმცა არც ამან დააგვიანა: 64-ე წუთზე მოგვარის ნაცვლად შეცვლაზე გამოსულმა, "ჩიხურაში" დაბრუნებულმა დავით კირკიტაძემ გაიხსენა "ძველი დრო", ფლანგური გარღვევით საჯარიმოში შესულმა ისე ზუსტად და დროულად უპასა ჭანკოტაძეს, რომ დანარჩენი მხოლოდ ტექნიკის საქმე იყო.
ბოლოსკენ ორჯერ გაუცუდდა ცდა მეკარესთან პირისპირ გასულ სარდალიშვილს. მანამდე, რამდენჯერმე გაიბრძოლეს თბილისელებმაც. მათ პრესტიჟის გოლის გატანაც შეეძლოთ. შეხვედრას კი წერტილი განუგრავამ დაუსვა სარდალიშვილ-კუჭუხიძის კომბინაციის დაბოლოებით.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. II წრე. XVII ტური
23.02. ივანწმინდა
ჩიხურა-საბურთალო 5:0გოლები: 1:0 ჭანკოტაძე (2. ჩიკვაიძის პასით), 2:0 თ. კირკიტაძე (13), 3:0 სარდალიშვილი (40-პენ), 4:0 ჭანკოტაძე (64. დ. კირკიტაძის პასით), 5:0 განუგრავა (90)
ჩიხურა: კუპატაძე, თ. კირკიტაძე (34. დ. კირკიტაძე), ჭანკოტაძე (73. კაკაშვილი), განუგრავა, გაბაძე (19. სარდალიშვილი), კუჭუხიძე, კორიფაძე, ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, კაშია, რეხვიაშვილი.
სათადარიგოები: კაკალაძე, მუმლაძე, დეკანოიძე, ენუქიძე
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
საბურთალო: ქურდაძე, იაშვილი, თოთაძე, მარგველაშვილი, მამუჩაშვილი (46. ცაცკრიალაშვილი), გოშთელიანი, ხარაიშვილი, ფანცულაია, ჩაბრაძე, ბიძინაშვილი, ელვინ ტერა (28. კოხრეიძე).
სათადარიგოები: ჩოჩიშვილი, ხორხელი, სოფრომაძე, რუხაძე
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
გაფრთხილება: თოთაძე (40), დობროვოლსკი (54), განუგრავა (62), ცაცკრიალაშვილი (67), კაკაშვილი (89)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი
ბომბარდირები
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
გ. ქვილითაია (დინამო (თბ) 13
ო. მარცვალაძე (დილა) 13
დ. ტატანაშვილი (სიონი) 10
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 10
XVIII ტური
27 თებერვალი, შაბათი
საბურთალო-დინამო (თბ)
ლოკომოტივი-სამტრედია
ზუგდიდი-ცხინვალი
შუქურა-სიონი
კოლხეთი -დინამო (ბთ)
მერანი-ჩიხურა
დილა-ტორპედო
საპოვნელა-გურია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
მსაჯის ბრალია, ხო? :D
0
0
თოთაძემ მოცელაო? მოცელა კი არა, მოგვერდია ეგ. არ უყურებთ ვიდეოს, იქ თუ არ უყურეთ?!
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული