"პაუზის შემდეგ კარგი სტარტი გვქონდა და მიხარია, მე-3 ადგილზე რომ გადავედით, მაგრამ მთავარია, ეს პოზიცია შევინარჩუნოთ. სამეულში მოსახვედრად ახლა თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მ
არტვილში მძიმე თამაში გველის, რადგან მეორე წრეში "მერანი" ძალიან გაძლიერდა და ამიტომ, ახლა ჩვენს წინააღმდეგ ყველა გაასმაგებული ენერგიით ითამაშებს. ამიტომ მარტვილში მოგება ჰაერივით გვჭირდება. იმედია, ისევ წარმატებით ვითამაშებთ და ევროპის ლიგის საგზურს მაინც მოვიპოვებთ", - ამბობს გიორგი დათუნაიშვილი.
მისი თქმით, "სამტრედიის" დაწინაურება შემთხვევითი
"ბევრისთვის მოულოდნელი იყო, რომ ჩვენი ახალგაზრდული გუნდი ახლა მე-3 ადგილზეა. მაგრამ გუნდი დღითი დღე იზრდებოდა, ზამთრის მოსამზადებელი ეტაპის შემდეგ კი პროგრესი აშკარად გამოჩნდა. კარგი ახალგაზრდები გვყავს და გია ცეცაძემაც შემადგენლობა კარგად შეარჩია.
რაც მთავარია, სამწვრთნელო შტაბის კარგ მუშაობაზე ის მეტყველებს, რომ გუნდი ერთსულოვანია. მას ფეხბურთელებთან დისტანცია არ უჭირავს და მეგობრული მიდგომით ჩვენგანაც ანალოგიურ დამოკიდებულებას იღებს. გუნდიც სწორედ ასე იკვრება.
მეორე მხრივ, ცეცაძემ პროფესიულადაც კარგად დააყენა საქმე, თანამედროვე ხედვები აქვს და ეს ყველას მოგვწონს. მასთან პირველად ვმუშაობ და გულწრფელად ვამბობ - მიმაჩნია, რომ ცეცაძეს ჯერ საქართველოში ბოლომდე არ იცნობენ და გასაქანი ბოლომდე არ მიუციათ.
საქართველოში მოსამზადებლად მხოლოდ 3 თუ 4 გუნდი დავრჩით. უცხოეთში, კარგ პირობებში მომზადება კი რამდენს ნიშნავს, ეს ფეხბურთში ჩახედულ ადამიანს არ ესწავლება. ამის მიუხედავად, ცეცაძემ და მისმა სტაფმა გუნდი მაგრად მოამზადა და მაინც სამეულში ვართ. უცხოეთში რომ წავსულიყავით, დარწმუნებული ვარ, ახლა კიდევ უფრო უკეთ ვიქნებოდით".
"სამტრედიას" წარმატება მის გულშემატკივრებს ახარებს, მაგრამ ევროპის ლიგაზე გასვლის შემთხვევაში, მზადაა კი გუნდი, რომ ღირსეულად ითამაშოს? დათუნაიშვილს ევროთასებზე რამდენიმე გუნდში უთამაშია და ცხადია, მისი კომენტარი ამ საკითხზეც დაგაინტერესებთ:
"ბოლო წლებში, ევროთასებზე ქართული გუნდების წარუმატებლობის მიზეზებზე ვფიქრობდი და ერთ პარადოქსულ აზრამდე მივედი: ეს ყველაფერი არა იმდენად უფულობის, არამედ - არასტაბილურობის შედეგია.
საჩხერის "ჩიხურაში" რომ ვთამაშობდი, ევროპის ლიგაზე მაკედონიურ და თურქულ კლუბს მოვუგეთ, მესამე ეტაპზე კი ბაქოს "ნეფთჩიმ" გამოგვაგდო. დიდი ფული არ იყო და ერთი ლეგიონერიც არ გვყავდა, მაგრამ 2 წლის განმავლობაში შემადგენლობა მეტ-ნაკლებად შეინარჩუნეს, გუნდი შეთამაშდა და ამის ხარჯზე ჩვენი გუნდების ფონზე კარგად გამოვჩნდით. დარწმუნებული ვარ, ამ ფეხბურთელებით მესამე წელს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლასაც მოვახერხებდით.
ანუ ევროთასებზე ჩვენი წარუმატებლობის მთავარი მიზეზი ერთწლიანი გუნდებია. ყველამ 3-4 წელი მაინც რომ შეინარჩუნოს ძირითადი ბირთვი, წინსვლა აუცილებლად გვექნება.
"სამტრედიაზეც" იმავეს ვიტყვი - თუ ევროსაგზური მოვიპოვეთ, მთავარი იქნება შემადგენლობის შენარჩუნება. თორემ, მწვრთნელი თუ იძულებული გახდა, სეზონის შემდეგ ახალი გუნდი ჩამოაყალიბოს და ერთ თვეში ევროპის ლიგაზე ითამაშოს, წარმოუდგენელია, შედეგი აჩვენოს.
მეორე ფაქტორია, რომ ევროთასებზე გუნდი საკუთარ ქალაქში უნდა თამაშობდეს. ბოლოს წლებში კი, თბილისში ითამაშეს გორის "დილამ", ბოლნისის "სიონმა", საჩხერის "ჩიხურამ", ბათუმის "დინამომ" კი - ზესტაფონში. დარწმუნებული ვარ, მეტოქე თავის ქალაქში რომ მიეღოთ, უკეთეს ფეხბურთს აჩვენებდნენ. საკუთარი კედლების ფენომენი შემთხვევით ხომ არ არსებობს - ეს ფაქტორი მოქმედებს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"