ამ ამბის წინაისტორია ყველამ იცით - "ფაზისის" სტადიონის დაუმთავრებელი რეკონსტრუქციის გამო კოლხები ხან ლანჩხუთში თამაშობდნენ, ხან სამტრედიაში... ბოლოს "კოლხეთი" თანაქალაქელმა მორაგბეებმა "პარკი არენაზე" შეიფარეს და გუნდი სეზონს სწორედ იქ ჩაამთავრებს.
ისე, ბედის ირონიაა
ერთი სიტყვით, "კოლხეთმა" 13 მარტს ქუთაისის "ტორპედოს" სწორედ "პარკი არენაზე" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ კლუბის გენერალურმა დირექტორმა თემურ ბარქაიამ გულშემატკივრებს მიმართა:
"უპირველესად, დიდი მადლობა ფოთის რაგბის საძმოს. რომ არა ეს თანადგომა, წარმატება გაცილებით ძნელად მისაღწევი იქნებოდა. ასევე, დიდი მადლობა თითოეულ ფოთელ ქომაგს! "ტორპედოსთან" გამარჯვება მნიშვნელოვანწილად თქვენი დამსახურებაა! კვირას ჩვენ ყველამ ერთად გავიმარჯვეთ და მშობლიურ ქალაქს ღირსეულად დავუბრუნდით.
თითოეული ჩვენგანი მოუთმენლად ელის მორიგ საშინაო თამაშს, რათა კიდევ ერთხელ გავახაროთ ჩვენი ერთგული გულშემატკივარი. ქედს ვიხრი თქვენ წინაშე და დარწმუნებული ვარ, ერთად კიდევ ბევრ გამარჯვებას ვიზეიმებთ - ჩვენ პირველი ქართული გუნდი ვართ"!
კოლხების მთავარი მწვრთნელი გელა სანაია "ლელოსთან" კომენტარში ამბობს, რომ გუნდის მშობლიურ ქალაქში დაბრუნებამ შედეგების გაუმჯობესების იმედი გააღვიძა:
"ჩვენ უმაღლეს ლიგაში ისედაც ყველაზე მწირი ბიუჯეტის მქონე კლუბი ვართ. ამას ისიც ემატებოდა, რომ ფოთში ვერ ვთამაშობდით. ნეიტრალურ მოედანზე მასპინძლობა კი ძალიან ძნელია, ხალხი არ დადის, ტრიბუნები ცარიელია და ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ "კოლხეთი" არავის აინტერესებს...
ფოთში გუნდის დაბრუნება იმიტომაც მახარებდა, რომ დარწმუნებული ვიყავი, ეს ვითარებას აბსოლუტურად შეცვლიდა და ქალაქისთვის მოვლენა იქნებოდა, მაგრამ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ასეთ აჟიოტაჟს ვერ წარმოვიდგენდი. "პარკი არენის" ტრიბუნები 2800 კაცს იტევს და იმდენი ხალხი მოვიდა, ადგილები არ ეყოთ, ნაწილი ფეხზე იდგა. ასეთ გარემოში თამაშით ხალხმაც ისიამოვნა, ფეხბურთელებმაც...
და როგორც იქნა, გავიმარჯვეთ. ქომაგი ფეხბურთის სული და გულია, თანაც - რაიონში. ამ თამაშის შემდეგ უფრო კარგად ვაცნობიერებთ, ფოთში სამწლიანი უთამაშებლობით "კოლხეთმა" რამდენი რამ დაკარგა".
გავრცელდა კადრები, როგორ ზეიმობენ მატჩის შემდეგ ფოთელები ტრიბუნებზე "კოლხეთის" გამარჯვებას, როგორი ოვაციებით აცილებენ გუნდს გასახდელში... ეს იყო ნამდვილი ზეიმი და იმის დასტური, რომ საქართველოში ფეხბურთი ჯერ კიდევ ძალიან უყვართ. ამდენად, ყველა გუნდმა თამაშები საკუთარ სტადიონზე რომ ჩაატაროს, ფეხბურთზე მაყურებელი მოიმატებს.
ადვილი მისახვედრია, რომ "კოლხეთსა" და "ზუგდიდს" სამტრედიაში, "საპოვნელასა" და "ტორპედოს" - ზესტაფონში, ბათუმის "დინამოს" კი - ქობულეთში უფრო ნაკლები ხალხი გაჰყვება და უქომაგებს, ვიდრე საკუთარ ქალაქში. ამიტომაა საჭირო, რომ ყველა გუნდი თავის მშობლიურ არენას დაუბრუნდეს.
დარწმუნებული ვარ, ასე ჩემპიონატი ბევრად უფრო საინტერესო გახდება. ისიც გამოჩნდება, რომ ფეხბურთი ისევ პოპულარულია. ნამდვილი საფეხბურთო გარემო მოთამაშეებში მეტ ჟინსა და მონდომებას იწვევს. და არა მხოლოდ მათში - ჟრუანტელის მომგვრელი იყო ცარიელი ტრიბუნების შემდეგ ფოთელი გულშემატკივრის შეძახილი - "კოლხეთი"! კოლხეთი"! ამან ფეხბურთელებში სხვა მუხტი და აღმაფრენა დაბადა, რაც ცარიელ ტრიბუნებზე და სხვა ქალაქში წარმოუდგენელია...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"