სამტრედია-ზუგდიდი 2:0 - ლაშა შერგელაშვილის ორი სტანდარტი

AutoSharing Option
"სამტრედიამ" ლაშა შერგელაშვილის ულამაზესი დუბლის წყალობით მიმდინარე ჩემპიონატის აუტსაიდერ "ზუგდიდთან" დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში კვლავ მეორე ადგილზეა.

გია ცეცაძის გუნდი თავიდანვე ფლობდა სათამაშო უპირატესობას, მაგრამ ზუგდიდელები, რაფაელ ჩუკურას მეთაურობით, თავს კარგად იცავდნენ და საგოლე მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. საწყისი 20 წუთის განმავლობაში ბურთი ძირითადად მოედნის ცენტრთან ახლოს ტრიალებდა.

შემდეგ მასპინძლებმა სიჩქარეებს მოუმატეს და სახიფათო შეტევაც განახორციელეს - მარჯვენა ფლანგზე, გიორგი მჭედლიშვილისა და დავით რაჟამაშვილის აქტიურობის შემდეგ, თეიმურაზ მ
არკოზაშვილი ზუგდიდელთა მეკარესთან პირისპირ რჩებოდა, მაგრამ თორნიკე ზარქუამ დაასწრო და არ გაატანინა.

მალე სტუმრებსაც მიეცათ გოლის გატანის შანსი - ზვიად სიხარულია საჯარიმოს ძალზე ხელსაყრელი პოზიციიდან ასრულებდა, მაგრამ ხეირიანად ვერ დაარტყა და გამოცდილ ომარ მიგინეიშვილს ბურთის მოგერიება არ გასჭირვებია. მერე ამას ისევ მასპინძელთა მწვავე შეტევა მოჰყვა. იერიშს ბუდუ ზივზივაძე აგვირგვინებდა, მაგრამ ზარქუამ ამ ეპიზოდშიც შეძლო ბურთის მოგერიება.

სამტრედიელები უპირატესობას კი ფლობდნენ, თუმცა, როგორც სჩვევიათ, ისეთი კომბინაციური თამაში და თავბრუდამხვევი შეტევები არ გამოსდიოდათ. ასეთ ვითარებაში, შერგელაშვილის სახით მასპინძლებს ხელში უდიდესი კოზირი აღმოაჩნდათ - სამტრედიელთა მარცხენა მცველმა საჯარიმო დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა და მასპინძლები დააწინაურა.

ტაიმის მიწურულს მასპინძლებს სხვაობის გაზრდა მართებდათ, მაგრამ მოულოდნელად გათამაშებული "სტანდარტულის" შემდეგ ირაკლი სიხარულიძის სახიფათო დარტყმა მცირედით ასცდა სტუმართა კარს.

მეორე ტაიმი ზუგდიდელთა შეტევებით დაიწყო, სტუმრებმა ზედიზედ სამი კუთხური მოაწოდეს, რომელთაც მალხაზ გაგოშიძისა და სიხარულიას სახიფათო დარტყმები მოჰყვა. პირველ ეპიზოდში "სამტრედია" მეკარემ იხსნა, მეორე დარტყმამ კი კარს ახლოს ჩაუქროლა.

სამტრედიელთა საპასუხო შეტევებიც სახიფათო გამოდგა. მჭედლიშვილის ფლანგური გადაცემის შემდეგ ზივზივაძემ ცარიელ კარში ვერ გაიტანა, შემდეგ კი შერგელაშვილმა კვლავ სახიფათოდ შეასრულა საჯარიმო დარტყმა და სტუმრები გოლისგან ჩუკურამ იხსნა - კარის ხაზიდან ბურთი თავით მოიგერია.

ზუგდიდელთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, როცა ვაკო ტყემალაძემ მეორე ყვითელი ბარათის გამო მოედანი ნაადრევად დატოვა. 74-ე წუთზე კი შერგელაშვილმა კვლავ უზადოდ შეასრულა "სტანდარტული" და მატჩის ბედიც გადაწყვიტა.

დარჩენილ დროში შეცვლაზე შესულ დავით ჯიქიასა და გივი იოსელიანს ჰქონდათ გოლის გატანის შანსები, მაგრამ კარის დალაშქვრა ვერ მოახერხეს.

ზუგდიდელებსაც შეეძლოთ ანგარიშის "დასველება", მაგრამ ქობალიას თავური სამიზნეს მცირედით ასცდა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXI ტური
18.03. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
სამტრედია-ზუგდიდი 2:0
გოლები: 1:0 შერგელაშვილი (33), 2:0 შერგელაშვილი (74)
სამტრედია: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი (83. მთივლიშვილი), გოგიაშვილი, ცნობილაძე, შერგელაშვილი, დათუნაიშვილი, ა. ენდელაძე, რაჟამაშვილი, მარკოზაშვილი (78. იოსელიანი), ზივზივაძე, სიხარულიძე (59. ჯიქია).
სათადარიგოები: მეშველიანი, ცინცაძე, სანდოხაძე, კერძევაძე
მწვრთნელი: გია ცეცაძე
ზუგდიდი: ზარქუა, მაჩაიძე, ჩუკურა, გაგოშიძე, ჯავაშვილი, გ. სამუშია (66. თუთბერიძე), სიხარულია, ტყემალაძე, მალანია (69. ჩებოტარიოვი), კოვალენკო, შეველი (69. ქობალია).
სათადარიგოები: ჯომიდავა, ჩანადირი, თიბილაშვილი, ც. სამუშია
მწვრთნელი: იური ბაკალოვი
გაფრთხილება: ტყემალაძე (13), მაჩაიძე (32), სამუშია (38)
გაძევება: ტყემალაძე (62)
არბიტრი: გ. დოგრაშვილი.

ბომბარდირები
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 16
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
ო. მარცვალაძე (დილა) 13
დ. ტატანაშვილი (სიონი) 12
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 12
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 12
ჯ. ჯიღაური (დინამო თბ) 11
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 10

XXII ტური
1-ლი აპრილი, პარასკევი
ლოკომოტივი-საპოვნელა

2 აპრილი, შაბათი
დილა-სამტრედია
საბურთალო-შუქურა
დინამო (ბთ)დინამო (თბ)
მერანი-სიონი
ზუგდიდი-გურია
ტორპედო-ჩიხურა
კოლხეთი-ცხინვალი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
...წინა მიმოხილვებს გადახედეთ სამტრედიელ ზივზივაძეს და სიხარულიძეს 12 -12 ბურთი აქვთ გატანილი და არა 10-10.


გია ცეცაძეს :
ბატონო გია ცოტა შეუყვირეთ, ცოტა შეუფუცხუნეთ,ცოტა დააძალეთ და სრული პირველი ტაიმები ათამაშეთ ჯიქია,მას ტალანტი და მონაცემები აქვს მგონი, მაგრამ ფორმაში ვერა და ვერ შედის, მგონი რაღაც ფსიქოლოგიურ განცდებთან გვაქვს საქმე.მოეხმარეთ და დააძალეთ გამოაჩინოს სრულიად ტალანტი,ასე 15 წუთიანი დამატებაზე შემოსვლით ის წინ ვერ წავა.
Guadua
13:32 21-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული