ლოკომოტივი-საპოვნელა 0:0 - ფორტუნამ ლოგიკურად განსაჯა

AutoSharing Option
0:0 - ანგარიში ზუსტად ასახავს ამ თამაშის მთელ შინაარსს. საქართველოს ჩემპიონატის მასშტაბითაც კი ძალიან იშვიათად გვინახავს ასეთი უფანტაზიო და უშინაარსო თამაში. როგორც ჩანს, ორივე გუნდის გარჯას კვალი დაამჩნია იმან, რომ მათი მთავარი მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. "ექვსქულიანს" რომ იტყვიან, ისეთი თამაში იყო, საბოლოოდ კი ფრე დაფიქსირდა.

ეს შედეგი სატურნირო თვალსაზრისით "ლოკომოტივს" უფრო აძლევდა ხელს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ თბილისელები უკვე დიდი ხანია, ვეღარ იგებენ. არ ვიცი, რა და როგორაა მათ შიდა სამზარეულოში, მაგრამ გუნდს უკეთ და უფრო შედეგიანად თამაში
რომ მართებს, ცხადია.

"საპოვნელა" კი თავდაუზოგავად იბრძვის "მზის ქვეშ" ადგილის შესანარჩუნებლად და ახლა თამაშის ხარისხზე მეტად მოპოვებული ქულები აინტერესებს. მოვლენებს წინ გავუსწრებ და თერჯოლელ ქომაგს ემოციურობას შევუქებ, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ, ჩემი აზრით, ისინი თამაშის ბოლოს ტყუილად შემოსწყრნენ ლაშა სილაგავას მეთაურობით მოქმედ მსაჯთა ბრიგადას. შესაძლოა, მათ მართლაც დაუშვეს გარკვეული შეცდომები (ვგულისხმობ აუტის მომწოდებლის განსაზღვრას და თამაშგარე მდგომარეობის სწორად დაფიქსირებას), მაგრამ ეს არ ყოფილა ისეთი შეცდომები, რომლებმაც თამაშის საბოლოო შედეგზე გავლენა მოახდინა...

პირველი სახიფათო მომენტი ამ შეხვედრაში სტუმრებმა შექმნეს. გამოცდილი ჯაბა დვალი დავით ოდიკაძის ფლანგურ გადაცემას გამოეხმაურა და უხერხული სიტუაციიდან შეძლო დარტყმა, თუმცა სიზუსტე დააკლდა.

ამას ბაჩანა ცხადაძის თავური მოჰყვა, რომელიც მცირედით ასცდა გიორგი სომხიშვილის კარს. მერე ისევ უმცროსი ცხადაძე აღმოჩნდა მოვლენათა ეპიცენტრში. გიორგი ფოფხაძის ჩაწოდებას ბაჩანამ თავური შეაგება. დარტყმა სახიფათო კი იყო, მაგრამ არაზუსტი გამოდგა.

ტაიმის ბოლო მომენტი ისევ "ლოკომოტივს" ჰქონდა. მამია გავაშელიშვილმა მახვილი კუთხიდან სცადა გატანა, მაგრამ არ გამოუვიდა - მხოლოდ გარედან გაარტყა ბურთი სტუმართა კარის ბადეს.

ზოგადად, პირველ ტაიმში "ლოკომოტივი" მეტოქეზე უკეთესი იყო. ჟერარდ სარაგოსა მულეტის შეგირდებს ბურთი და ტერიტორია "ეჭირათ". ეგ იყო, თბილისელებს დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტე არ ჰყოფნიდათ.

როგორც ჩანს, "საპოვნელას" სამწვრთნელო შტაბმა პირველი ტაიმიდან შესაბამისი დასკვნები გამოიტანა. მეორე ნახევრის პირველივე წუთიდან მინდორზე თერჯოლელთა შემტევი გიორგი ბუხაიძე გამოჩნდა და "საპოვნელაც" გააქტიურდა.

შეხვედრის დასკვნით ნაწილში "ლოკომოტივის" უგერგილო თამაში კი მართლაც გასაკვირი იყო...

47-ე წუთზე მომენტი მაინც მასპინძელს შეექმნა. თერჯოლელთა გამოცდილი მეკარე სომხიშვილი გამოსვლაზე კარგად ვერ გაისარჯა და ბურთს ასცდა, მაგრამ მასპინძელთა შემტევებმა ამით ვერ იხეირეს.

შემდეგ გიორგი მაკარიძის დარტყმული რევაზ თევდორაძის კარს მცირე მანძილით ასცდა. მერე დავით ჩაგელიშვილს ჰქონდა კარგი მომენტი, რასაც თერჯოლელთა საგოლე შანსი მოჰყვა.

ეს იყო ამ უღიმღამო თამაშის ყველაზე გამოსარჩევი მომენტი - ოდიკაძემ ფლანგურ რეიდს კარგი ჩაწოდება მოაყოლა "ლოკომოტივის" საჯარიმოში, სადაც ტანმაღალი გიორგი ტყეშელაშვილი კარგად გაიხსნა და მძლავრი თავურიც დაარტყა, მაგრამ თევდორაძემ შესანიშნავად ითამაშა და გუნდი აშკარა გოლს გადაარჩინა.

მატჩის ბოლო წუთებზე სიტუაციის გამწვავებას ორივე გუნდი მოერიდა. წაგება მათთვის ლამის კატასტროფის ტოლფასი გახდებოდა... თუმცა არბიტრ სილაგავას მიერ დამატებულ ბოლო წუთზე "ლოკომოტივს" მაინც გაუჩნდა შანსი - დემურ ჩიხლაძე ერთობ ხელსაყრელი სიტუაციიდან ურტყამდა, მაგრამ ძალა დააკლო და ბურთი სომხიშვილის იოლი ნადავლი გახდა.

საბოლოოდ, ის, რაც თავშივე ვთქვით - აბსოლუტურად ლოგიკური 0:0.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXII ტური
02.04. თბილისი. "მიხეილ მესხი"
ლოკომოტივი-საპოვნელა 0:0
ლოკომოტივი: თევდორაძე, ფოფხაძე, მახარაძე, გეთიაშვილი, ბენაშვილი (83. მზევაშვილი), სულთანიშვილი, დიასამიძე (75. ჩიხლაძე), უბილავა, ცხადაძე, ჩაგელიშვილი, გავაშელიშვილი (60. არდაზიშვილი).
სათადარიგოები: კუპატაძე, ჭანტურია, გაბაძე, ქანთარია.
მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა მულეტი
საპოვნელა: სომხიშვილი, ქათამაძე, ჯიხვაძე (13. ჩიკვილაძე), დვალი, ტყეშელაშვილი, ბერუაშვილი (46. ბუხაიძე), ნარიმანიძე, ბოლქვაძე, ზ. ენდელაძე, ოდიკაძე, მაკარიძე (69. ბანძელაძე).
სათადარიგოები: გიორგაძე, ჭელიძე, შარიქაძე, მიქაბერიძე
მწვრთნელი: მამუკა ხუნდაძე
გაფრთხილება: ტყეშელაშვილი (89)
არბიტრი: ლ. სილაგავა.

ბომბარდირები:
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 16
ო. მარცვალაძე (დილა) 14
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
დ. ტატანაშვილი (სიონი) 12
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 12
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 12
ჯ. ჯიღაური (დინამო (თბ) 12

მომდევნო, XXIII ტური
6 აპრილი, ოთხშაბათი
სიონი-ზუგდიდი
ჩიხურა-ცხინვალი
შუქურა-მერანი
სამტრედია-დინამო (ბთ)
ლოკომოტივი-კოლხეთი
საპოვნელა-საბურთალო
გურია-დილა
დინამო (თბ)-ტორპედო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
არა მგონია ირაკლი გინებაზე, რომ დაგაჯარიმონ, ჭორია ეგ. მეც ვიყავი მაგ თამაშზე და ეგრე ჩვენი მისამართითაც შეეალა მსაჯს რარაცეები და ერთი ორი ჩვენც შევაგინეთ... ჩვენც გვაჯარიმებენ თუ იცი? :))) არ გეწყინოს
loko
14:23 05-04-2016
0
ჰაჰაააა მართლა? ის თანხა რაც კლუბებს უნდა მოხმარდეს, ჯარიმებით უნდათ რო გაქვითონ? :))))) ნეტა ჩვენი და დინამოს თამაშზე რას აპირებენ? ალბათ დინამოს თითს არ დააკარებენ და ჩვენებს დასჯიან, მანდ თუ გინებაზეა ლაპარაკი ჩვენთან ჩხუბიც იყო და კი მოგვიწევს მასე 20 ათასი...
დათო ბათუმი
14:20 05-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული