12:52 18-04-2016
ჩიხურა-დინამო (თბ) 1:0 - დაუვიწყარი 16 აპრილი [VIDEO]
AutoSharing Option
- დღის თემა: ლაშა ტალახაძემ ევროპა ასწია! [VIDEO]
"ჩიხურამ" თავისი გულშემატკივრები გაახარა, ლაშამ - მთელი საქართველო! სწორედ ასეთ შემთხვევებზე იტყვიან ხოლმე - იმედმა გაამართლაო. იმედი კი ყოველთვის აქვს ქომაგს, მაგრამ თუ ეს იმედი ტალახაძისგან, ასე თუ ისე, მაინც გარანტირებული იყო, "ჩიხურასთან" დამოკიდებულებაში იმის მოლოდინიც აძლიერებდა მას, რომ თითქმის ჩემპიონი "დინამო" თავს არ შეაკლავდა მოწინააღმდეგეს და უახლოეს ხანში მასთანვე სათასო ბატალიებისთვის დაზოგავდა ძალებს.
საბედნიეროდ, ეს მოლოდინი არ გამართლდა: დინამოელებმა იბრძოლეს ისე, როგორც პროფესიონალებს ეკადრებათ და ამით "ჩიხურას" გამარჯვებასაც აუწიეს ფასი.
"კოლხეთთან" წაგებამ საჩხერელებს სხვა გამოსავალი აღარ დაუტოვა ოთხეულში მოხვედრისა და ევროპალიგის საგზურის მოპოვებისთვის: მხოლოდ თავგანწირული ბრძოლა ორივე ფრონტზე - ჩემპიონატსა და თასზე! მაგრამ როცა მეტოქე "დინამოა", ესეც არ გიშველის, საკუთარ თავსაც თუ არ აჯობე. ეს კი მხოლოდ ერთხელ ჰქონდა გაკეთებული "ჩიხურას" საქართველოს ჩემპიონატის მთელი ისტორიის განმავლობაში.
მოედნის ყოველი მონაკვეთის კონტროლისთვის უკომპრომისო ბრძოლა მატჩის დასასრულამდე გაგრძელდა. ორივე გუნდის ამ მართლაც თავგანწირულ ქმედებაში იყო ყველაფერი, რისთვისაც მაყურებელი სტადიონზე დადის - ახლო და შორი მანძილებიდან დარტყმები, საპენალტე სიტუაციები, ძალისმიერი თამაში, შეხლა-შემოხლა, რასაც უმალვე განმუხტავდნენ ხოლმე თავად ფეხბურთელები; გამჭოლი გადაცემები, ცრუმოძრაობები... მაგრამ არ ჩანდა ფეხბურთის მთავარი მშვენება - გოლი!
სწორედ ამის მოლოდინში განვლო ნერვიულმა 89 წუთმა და 90-ეზე ისიც ვიხილეთ: გამარჯვების გოლი გაიტანა მან, ვისაც ოდნავ მეტი კრეატიულობა და ადრენალინი აღმოაჩნდა - "ჩიხურამ"!
საამისო საფუძველი კი უკვე მე-6 წუთიდან მზადდებოდა, როცა კორიფაძის მწვავე ჩაწოდება მუშტებით მოიგერია მეკარემ, ხოლო განუგრავას ძლიერი დარტყმა კარს ასცდა...
მე-7 წუთზე კაკაბაძე ურტყამს სახიფათოდ, მაგრამ უზუსტოდ. მე-14 წუთზე კუჭუხიძის პასით კინაღამ გოლი იზეიმა სარდალიშვილმა. გავიდა ერთი წუთი და ჭანტურიშვილის დარტყმა ძელმა უკუაგდო. მალევე, კიტეიშვილმა ააცილა ხელსაყრელი მდგომარეობიდან.
შემდეგ დინამოელთა მეკარე ჰრდლიჩკამ იყოჩაღა, როცა ჩიკვაიძის საჯარიმო დარტყმის დროს ბურთი მუშტებით მოიგერია. მერე საჩხერელები მოდუნდნენ თითქოსდა მათ სასარგებლოდ დასანიშნი ჯარიმის მოლოდინში, მაგრამ არბიტრმა ეს მომენტი "გაატარა" და... დინამოელებმაც გაიტანეს, მაგრამ - თამაშგარე მდგომარეობიდან.
პირველი ტაიმი, ძირითადად, თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა. მასპინძლები უფრო მეტ ყურადღებას სტუმართა მთავარი დამრტყმელი ძალის - ქვილითაიას ნეიტრალიზებას (და შეძლეს კიდეც) აქცევდნენ. ამიტომ სივრცეები ეხსნებოდა ჭანტურიშვილს. სტუმრებმა კი ვერაფერი მოუხერხეს კუჭუხიძეს, რომელიც თითქმის ყოველ პირველ ბურთს იღებდა და ისე ფარავდა კორპუსით, სარდალიშვილს ნავარდის საშუალება ეძლეოდა...
მეორე ტაიმი სამ 15-წუთიან მონაკვეთად შეიძლება დავყოთ: პირველში საგრძნობი უპირატესობა მოიპოვა "ჩიხურამ", მეორეში - "დინამომ", ბოლოს კი ისევ მასპინძლებმა იძალეს.
მეორე ნახევრის სტარტზევე ჩიკვაიძეს ოდნავ ძლიერად რომ დაერტყა, გოლი გარდაუვალი იქნებოდა. სულ მალე სარდალიშვილმა თითქმის მოინადირა პენალტი, მაგრამ მხოლოდ - "თითქმის". 52-ე წუთზე კი მანვე შეცდომა დაუშვა ეპიზოდში, როცა ხელსაყრელი მდგომარეობიდან დარტყმას პასი ამჯობინა.
53-ე წუთზე კუჭუხიძის ძლიერმა დარტყმამ სანტიმეტრებში გადაუფრინა ხარიხას. მერე განუგრავას შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ გველესიანმა მისი თავური კარის ხაზიდან გამოიტანა. მალევე, ჯიღაური გახსნიდა ანგარიშს, რომ არა მეკარე ჰამზიჩის თავგანწირული ნახტომი.
...და აი, 90-ე წუთი და საჩხერელთა ნანატრი გოლიც - სარდალიშვილმა სასწაული მოძრაობით სახტად დატოვა ორი დინამოელი მცველი (ასევე - გულშემატკივარი) და შეინავარდა საჯარიმოში, სადაც აკრძალული ილეთით "გაუმასპინძლდნენ". პენალტი! მართალია, ჰრდლიჩკამ არაადამიანური რეაქციით უკუაგდო 11-მეტრიანის ნიშნულიდან დარტყმული ბურთი, მაგრამ მოგერიებულს ისევ სარდალიშვილმა მიუსწრო და თამაშს წერტილი დაუსვა. ისე კი, კომპენსირებულ დროში, როცა "დინამო" მთელი გუნდით შეტევაზე გადავიდა, კუჭუხიძეს კიდევ ორჯერ შეეძლო ანგარიშის გაზრდა, დარტყმები რომ არ დაეგვიანებინა.
იმედია, მსგავსი საფეხბურთო ზეიმის ნიშნით წარიმართება ამ გუნდების სათასო შეხვედრებიც.
მატჩის შემდეგ
იურაი იარაბეკი (თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი): "რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გარეშე მოგვიწია თამაში. ამისულაშვილი და იაშვილი სათასო მატჩისთვის დავასვენეთ, ხოლო გელაშვილს, პარუნაშვილს და ცინცაძეს ტრავმები აწუხებთ...
დღეს 3-5-2 ტაქტიკური წყობა გამოვცადეთ და ის ფეხბურთელები დავტვირთეთ, ვისაც ნაკლები სათამაშო დრო ჰქონდა. მომეწონა ჩემი გუნდი პირველ ტაიმში. რამდენიმე ხელსაყრელი მომენტიც ვერ გამოვიყენეთ, თუნდაც ჭანტურიშვილის დარტყმული, რომელიც ძელს მოხვდა; კიტეიშვილისა და კაკაბაძის მომენტები...
მეორე ნახევარში მეტოქემ საკმაოდ აგრესიული ფეხბურთი შემოგვთავაზა, ცენტრში კი უპირატესობა დავკარგეთ. გამოვყოფდი ქვილითაიასა და ჯიღაურის მომენტებს. ბოლოსკენ შეცდომა მოგვივიდა და გოლიც მივიღეთ...
მეტი სამუშაო გვაქვს კონცენტრაციასა და მომენტების რეალიზებაზე. წინ ნახევარფინალია და ამ თამაშებისთვის სათანადოდ უნდა მოვემზადოთ".
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXV ტური
16.04. ივანწმინდა
ჩიხურა-დინამო 1:0
გოლი: 1:0 სარდალიშვილი (90-პენ)
ჩიხურა: ჰამზიჩი, კორიფაძე, კაშია, რეხვიაშვილი, ჩიკვაიძე, განუგრავა, დობროვოლსკი, გაბაძე (18. ჭანკოტაძე), ჭეჭელაშვილი (46. ვუკაშოვიჩი), სარდალიშვილი, კუჭუხიძე.
სათადარიგოები: კუპატაძე, მეგრელიშვილი, მუმლაძე, დეკანოიძე, ჯოხაძე
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
დინამო: ჰრდლიჩკა, უ. ლობჟანიძე, რენე ფერეირა, გველესიანი, კაკაბაძე (57. გურული), ჭელიძე, ჯიღაური, კიტეიშვილი (88. თევზაძე), ჭანტურიშვილი, არაბული (70. ს. ლობჟანიძე), ქვილითაია.
სათადარიგოები: ბეგაშვილი, ჯანელიძე, ალვარო, მიქელთაძე.
მწვრთნელი: იურაი იარაბეკი
გაფრთხილება: რენე ფერეირა (69)
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი
ბომბარდირები
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 19
ო. მარცვალაძე (დილა) 15
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 15
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 13
ნ. კაჭარავა (ცხინვალი/როსტოვი, რუს.) 13
XXVI ტური
23 აპრილი, შაბათი
დილა-საპოვნელა
დინამო (ბთ)-შუქურა
ზუგდიდი-ლოკომოტივი
მერანი-საბურთალო
ცხინვალი-გურია
24 აპრილი, კვირა
კოლხეთი-დინამო (თბ)
ჩიხურა-სამტრედია
ტორპედო-სიონი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ბრავო ჩიხურა!
0
0
ეს კაცი სტატიების ნაცვლად ლიტერატურულ ჩანახატებს უფრო წერს. რა მეტაფორები და შედარებები თან საჩხერის საშინაო მატჩებზე მხოლოდ
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული