მერანი-საბურთალო 2:5 - კრიტიკულთან ახლოს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რა სჭირს "მერანს"? კითხვა, რომელიც ადგილობრივ გულშემატკივარს აწუხებს, კვლავ პასუხგაუცემელია და თუ მარტვილურ გუნდს უმაღლეს ლიგაში დარჩენის გარკვეული შანსი დღემდე აქვს, ეს არა მათი, არამედ კონკურენტების "დამსახურებაა".

საპირისპირო სიტუაციაა თბილისურ გუნდში. ესპანელი სპეციალისტის, პაბლო ფრანკო მარტინის ხელმძღვანელობით, "საბურთალო" ჩინებულ ფეხბურთს თამაშობს, რაც შესაბამის შედეგშიც აისახება - 4 მოგება და 3 ფრე.

გასავარდნი ზონიდან თავის დასაღწევად, მასპინძლებს მოგება ჰაერივით სჭირდებოდათ, თუმცა ვერ მოახერხეს. არადა, მატჩის დასაწყისი მათ ცუდს არაფერს უქადდა. პირველი რეალური მომენტი მერანელებმა მე-10 წუთზე შექმნეს: ნიკოლოზ საბანაძე მეკარესთან ერთი-ერთზე
დარჩა, მაგრამ ვერ აჯობა. სამაგიეროდ, უკუგდებულ ბურთს ბესიკ ჩიმაკაძემ თავით შეუცვალა მიმართულება და... ხუთიოდ მეტრიდან სასწაულებრივად ააცილა მიზანს.

სტუმრებმა კი საპასუხო იერიში გოლით დააგვირგვინეს - გიორგი ფანცულაიამ შორი მანძილიდან "გაისროლა", ზურაბ მამალაძემ ბურთი უხეიროდ მოიგერია, ხოლო დასწრებაზე ყველას ირაკლი რუხაძემ აჯობა და თავისიანები წინ გაიყვანა - 0:1.

მასპინძელთა რიგებში, უკანასკნელი მატჩების მსგავსად, გამორჩეული იყო სწორედ ჩიმაკაძე, რომელმაც შეცდომა ტაიმის შუაწელში გამოასწორა - ამჯერად, მას თანაგუნდელის შესანიშნავი გადაცემის გოლად ქცევა არ გასჭირვებია -1:1.

წესით, ამ გოლს მარტვილელებისთვის ბრძოლის წყურვილი უნდა გაეღვივებინა, თუმცა შეტევებს სიმწვავე ვერა და ვერ შემატეს. ამას მოჰყვა დაბნეულობა და ქაოსურობა. ამიტომაც იყო, რომ შესვენებამდე თბილისელები გააქტიურდნენ და რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტი შექმნეს. მათ შორის, აღსანიშნავია ირაკლი ბიძინაშვილის დარტყმა, რომელიც მამალაძემ კუთხურზე მოიგერია.

მეორე ტაიმში, რატომღაც, მასპინძლებს უფრო ღრმად "ჩაეძინათ". აშკარად ჩანდა, რომ ისინი მატჩს სასურველი შედეგით ვერ დაასრულებდნენ. უპირატესობა სტუმრებმა იგდეს ხელთ და ხუთწუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაიტანეს და ორივე - თითქმის იდენტური. ჯერ რუხაძის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ გურამ გოშთელიანმა ზუსტი დარტყმით შეარხია ბადე, მოგვიანებით კი მანვე დუბლი გაიფორმა - მარჯვენა ფლანგიდან წამოწყებული იერიში გამჭოლი გადაცემით დასრულდა.

უნდა ითქვას, რომ ამ ეპიზოდში ჭკვიანურად გაისარჯა გიორგი ხარაიშვილი, რომელმაც მცველები დააბნია - ბურთი უკეთეს პოზიციაში მყოფი გოშთელიანის სასარგებლოდ გაატარა. ამ უკანასკნელს ისღა დარჩენოდა, ახლო მანძილიდან ბურთი კარში შეეგორებინა - 1:3.

ფაქტი იყო, რომ ორბურთიანი ჰანდიკაპის აღმოფხვრა "მერანს" გაუჭირდებოდა, თუმცა კიჭი მელიავას მიერ შორეულ ძელთან ჩაწოდებულს ჩიმაკაძე გამოეხმაურა, რომელმაც, დუბლთან ერთად, თავისიანებს მატჩის გადარჩენის მცირეოდენი იმედი ჩაუსახა.

თუმცა მასპინძლებს ცივი შხაპი ხარაიშვილმა გადაასხა, რომელმაც შორიდან ცაციათი ეფექტურად შეაგდო. საბოლოო ანგარიში კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეცვლაზე შესულმა რატი ცაცკრიალაშვილმა დააფიქსირა - 2:5.

აქვე ვთქვათ ისიც, რომ შეხვედრაში საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტი შეიქმნა, ძირითადად, სტუმართა მხრიდან და შემტევებს კიდევ უფრო მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ, შესაძლებელი იყო, უფრო დიდი ანგარიშიც გვეხილა.

მოკლედ, ამ მოგებით "საბურთალოს" ახალგაზრდულმა გუნდმა თავისი სიცოცხლისუნარიანობა დაამტკიცა, აი, "მერანის" მდგომარეობა კი არა უიმედო, მაგრამ კრიტიკულთან მიახლოებულია.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVI ტური
23.04. მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა"
მერანი-საბურთალო 2:5
გოლები: 0:1 რუხაძე (13), 1:1 ჩიმაკაძე (19), 1:2 გოშთელიანი (52. რუხაძის პასით), 1:3 გოშთელიანი (56), 2:3 ჩიმაკაძე (76. მელიავას პასით), 2:4 ხარაიშვილი (78), 2:5 ცაცკრიალაშვილი (90)
მერანი: მამალაძე, მელიავა, ორბელაძე, გიორგაძე (60. შენგელია), ციმაკურიძე, გოგუაძე (89. კიკნაველიძე), ჯიქია, ტეიდი, ხაბელაშვილი (63. უგულავა), ჩიმაკაძე, საბანაძე.
სათადარიგოები: სევოსტიანენკო, გეგია, ჯღამაია, აშორტია
მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია
საბურთალო: ქურდაძე, თოთაძე, მამუჩაშვილი, მარგველაშვილი, გოშთელიანი, ფანცულაია (65. კოხრეიძე), ბიძინაშვილი (42. იაშვილი), ელვინ ტერა (80. ცაცკრიალაშვილი), ხარაიშვილი, რუხაძე, სოფრომაძე.
სათადარიგოები: გვარაძე, გოშაძე, ჩაბრაძე, ხორხელი
მწვრთნელი: პაბლო ფრანკო მარტინი
გაფრთხილება: მელიავა (44)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია.

ბომბარდირები
გ. ქვილითაია (დინამო, თბ) 20
ო. მარცვალაძე (დილა) 15
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 15
ჯ. ჯიღაური (დინამო, თბ) 13
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 13
ნ. კაჭარავა (ცხინვალი/როსტოვი, რუს.) 13

XXVII ტური
30 აპრილი, შაბათი
ზუგდიდი-საბურთალო
ლოკომოტივი-დილა
მერანი-კოლხეთი
სამტრედია-დინამო (თბ)
გურია-ჩიხურა
საპოვნელა-დინამო (ბთ)
შუქურა-ტორპედო
სიონი-ცხინვალი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული