ახალი თავკაცის, გამოცდილი სპეციალისტის, თემურ მახარაძის მოწვევამ შედეგი უმალ გამოიღო - ბოლო სამ შეხვედრაში "გურიამ" 7 ქულა აიღო და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა. ამაში წვლილი კლუბის სერბ მეკარე ალექსანდარ იოვანოვიჩსაც მიუძღვის, რომელიც წინა ტურში "ლელოს" სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
"გურიის" კაპიტან ერეკლე კილაძის დახმარებით, იოვანოვიჩს რამდენიმე კითხვა დავუსვით:
- როგორ აღმოჩნდით "გურიაში" და
- "გურიაში" მენეჯერის დახმარებით მოვხვდი, რომელმაც ჯერ ბულგარეთში თამაში შემომთავაზა, რაც არ გამოვიდა. შემდეგ მითხრა, რომ იყო საქართველოს ვარიანტი, უმაღლესი ლიგის გუნდი ეძებდა მეკარეს. დავთანხმდი და კმაყოფილიც ვარ ჩემი არჩევანით. მჯერა, აქ თამაში ჩემი კარიერისთვის კარგი ტრამპლინი იქნება.
- როგორ შეეგუეთ საქართველოს, ქართულ ფეხბურთს და როგორ შეაფასებთ თქვენს თამაშს?
- საქართველოში ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს და ძალიან მიხარია, რომ ასეთ კარგ ქვეყანაში მოვხვდი. აქედან გამომდინარე, შეგუების პრობლემა არ მქონია. ძალიან მიადვილდება აქ ცხოვრება...
რაც შეეხება ჩემს თამაშს, ეს არ არის ჩემი მაქსიმუმი. იყო მატჩი, როცა 3 გოლი გავუშვი და უკმაყოფილო გახლდით, თუმცა კარგია, რომ ბოლო შეხვედრებში წარმატებით ვიასპარეზეთ.
- ბოლო ტურში ისე კარგად ითამაშეთ, "ლელოს" სიმბოლურ ნაკრებში მოხვდით...
- ერთმა ქართველმა გოგონამ გამომიგზავნა, თუმცა ვერ მივხვდი, რა იყო. მერე ჩვენმა კაპიტანმა ერეკლე კილაძემ გადამითარგმნა, რომ ფოტოზე ჩემი გვარი ეწერა და სპორტულ გამოცემას ტურის სიმბოლურ ნაკრებში ვყავდი შეყვანილი, რამაც უზომოდ გამახარა და დიდი სტიმული მომცა.
- რას იტყვით საქართველოს ჩემპიონატზე? შეადარეთ ის სერბეთის პირველობას...
- სერბეთში მე პირველ ლიგაში მიწევდა თამაში, თუმცა მაინც შემიძლია ერთის თქმა, რომ, როგორც აქ, ისე სერბეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაშიც, არის რამდენიმე კარგი და დანარჩენი - ნორმალური გუნდი.
- "გურიაში" დარჩებით?
- ახლა უფრო დარჩენილ თამაშებზე ვფიქრობ, განსაკუთრებით - შაბათის მატჩზე ("გურია" "ჩიხურას" მასპინძლობს - ავტ.). დარჩენილი თამაშები მაღალ დონეზე უნდა ჩავატარო და გუნდს მიზნის მიღწევაში დავეხმარო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"