ცხინვალი-ლოკომოტივი 1:1 - მხსნელი ქულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამ მატჩში "ცხინვალი", ალბათ, პირობითად თუ იყო ამ მატჩის მასპინძელი: ტრიბუნაზე მსხდომთა თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას ხომ "ლოკომოტივის" გულშემატკივრები წარმოადგენდნენ! თუმცა ეს ფაქტი გასაკვირი არც უნდა ყოფილიყო: ბოლო ტურის წინ უმაღლესი ლიგიდან გავარდნის საფრთხე ხუთ გუნდს ემუქრებოდა და ერთ-ერთი სწორედ "ლოკომოტივი" იყო.

აქვე, ერთი განმარტებაც: კონკურენტებთან შედარებით, ყველაზე უკეთეს სიტუაციაში "ლოკომოტივი" იყო და დასარჩენად, ძალიან დიდი ალბათობით, შესაძლოა, ფრეც ჰყოფნოდა; თუმცა, იყო იმის ალბათობაც, რომ ეს მხსნელი 1 ქულაც არ ყოფილიყო საკმარისი, ოღონდ ამ შემთხვევაში მის ოთხივე კონკურენტს უნდა გაემარჯვა, თანაც,
ოთხივეს - სტუმრად!..

არ დავმალავთ და მოვლენების ასეთი განვითარების ნაკლებად გვჯეროდა და საბედნიეროდ, ბოლო ტურში რამდენიმე გუნდმა სამართლიანი თამაშის პრინციპები ბოლომდე დაიცვა! და სწორედ ამ გუნდებს შორის უნდა მოვიხსენიოთ "ცხინვალიც": კახა კაჭარავას გუნდს მეორე წრის შუაგულიდან, ფაქტობრივად, აღარანაირი მოტივაცია აღარ ჰქონდა ჩემპიონატში, მაგრამ ქულების აქეთ-იქით "ჩამორიგება" არ დაუწყია! თანაც, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ მთელი მეორე წრის განმავლობაში "ცხინვალს" სერიოზული ფინანსური პრობლემა ჰქონდა...

როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი სტუმართა აქტიურობით დაიწყო, მაგრამ საკადრო პრობლემებით "განახევრებულ "ლოკომოტივს" (ათამდე წამყვანი ფეხბურთელი რომ აკლდა), რასაც რეალური მომენტები ჰქვია, ასეთი პირველ ტაიმში არ შეუქმნია. უფრო ზუსტად, "ცხინვალმა" არ შეაქმნევინა.

მასპინძლებმა თამაში კონტრშეტევებზე ააწყვეს და ამ ტაქტიკამ გაამართლა - შესვენებამდე ორი გოლი შეიძლება გვეხილა და ორჯერვე სტუმართა კართან შეიქმნა მეტად და მეტად სახიფათო მომენტი: ჯერ ბიძინა მახარობლიძემ შემოგვთავაზა მშვენიერი სოლო-რეიდი, მერე კი ლევან კაკუბავას ჩინებული პასის შემდეგ ვილი ისიანი აღმოჩნდა ლაზარე კუპატაძესთან პირისპირ - ორივე ეპიზოდში სტუმრები აშკარა ხიფათს გადაურჩნენ.

"ცხინვალმა" მეორე ტაიმიც სამართლიანი თამაშის პრინციპების დაცვით დაიწყო და მასპინძლების გოლიც ნამდვილად არ ჩანდა "კონტექსტიდან ამოვარდნილი": სტუმართა მცველების შეცდომით მშვენივრად ისარგებლა მოუღლელმა ირაკლი ლექვთაძემ და ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა.

"ლოკომოტივს" გარკვეული დრო დასჭირდა, "შოკიდან" რომ გამოსულიყო, თუმცა, ამ გუნდის ქომაგთა საბედნიეროდ, სიტუაციის გამოსასწორებლად დროც მეტ-ნაკლებად საკმარისი იყო დარჩენილი და, რაც მთავარია, იმ მომენტისათვის ვერც ერთი კონკურენტი ვერ იგებდა...

...მატჩის დამთავრებამდე 13-14 წუთი იყო დარჩენილი, შეცვლაზე შემოსულმა მამია გავაშელიშვილმა მეტოქის საჯარიმოს მისადგომებიდან ბურთი ძლიერი და ზუსტი დარტყმით რომ გაგზავნა "ცხინვალის" კარში - აი, ეს იყო გუშინდელი ნერვული და ემოციური მატჩის კულმინაცია!

შეგახსენებთ, რომ 21 წლის გავაშელიშვილი წინა სეზონში პირველი ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა (45 გოლი გაიტანა!), მიმდინარე ჩემპიონატში კი სათამაშო დრო ნაკლებად ეძლეოდა და აი, თავის ბომბარდირული თვისებები ყველაზე საჭირო დროს გამოავლინა.

ისე, ამ გოლამდე "ლოკომოტივს" რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ ფატალურად არ უმართლებდა დავით ჩაგელიშვილს: ერთ ეპიზოდში მისი "თავური" მიზანს მცირედით ასცდა, მეორე ჯერზე ძელს გაარტყა ბურთი, მესამე ეპიზოდში კი "ცხინვალის" მეკარემ, გიორგი ნადირაძემ მართლაც ჩინებული რეაქციით ურთულესი ბურთი აუღო გამოცდილ ფორვარდს.

ამასობაში, პარალელურად მიმდინარე მატჩებში ანგარიშები იცვლებოდა, მაგრამ "ლოკომოტივისათვის" ეს ერთი ქულა გადარჩენისათვის სრულიად საკმარისი იყო; თუმცა, სტუმართა ქომაგებს მატჩის მიწურულს გვარიანი ნერვიულობის გადატანა მოუწიათ: ნიკა ჯიშკარიანის ჩინებული შორეული პასის მერე სრულიად უმეთვალყურეოდ დარჩენილი ვილი ისიანი ახლო მანძილიდან თავით ურტყამდა, მაგრამ ბურთი მიზანს მცირე მანძილით ასცდა...

არადა, თითქმის ამ დროს, "ლოკომოტივის" ერთ-ერთმა კონკურენტმა პენალტი ვერ გამოიყენა...

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXX ტური
22.05. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ)
ცხინვალი-ლოკომოტივი 1:1
გოლები: 1:0 ლექვთაძე (63), 1:1 გავაშელიშვილი (77)
ცხინვალი (4-2-3-1): ნადირაძე - ბეჭვაია, კაკუბავა, მაისაშვილი, ბაჩიაშვილი - ქარდავა, გორგიაშვილი - ლექვთაძე, ქოჩლაძე (36. მახარობლიძე), ივანიშვილი (46. ჯიშკარიანი) - ისიანი.
სათადარიგოები: გაბრიჩიძე, ბურძენაძე, ნ. ნოზაძე, ბუტუევი, კერესელიძე
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
ლოკომოტივი (4-2-3-1): კუპატაძე - ჩიტეიშვილი, გაბაძე, გეთიაშვილი, გ. ფოფხაძე - დიასამიძე, ქიქავა - მზევაშვილი (57. კიკაბიძე), არდაზიშვილი (57. გავაშელიშვილი), უბილავა - ჩაგელიშვილი (74. ქანთარია).
სათადარიგოები: სულთანიშვილი, პატარკაციშვილი, დარციმელია, მიქავა
მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა
გაფრთხილება: გაბაძე (24), უბილავა (26), კაკუბავა (45), ჯიშკარიანი (80), ჩიტეიშვილი (81)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი.

ბომბარდირები:
გ. ქვილითაია (დინამო, თბ) 24
ო. მარცვალაძე (დილა) 19
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 16
გ. ბუხაიძე (საპოვნელა) 15
დ. ტატანაშვილი (სიონი) 14

ევროტურნირებზე ითამაშებენ
ჩემპიონთა ლიგა (საკვალ.) დინამო, თბ
სამტრედია

ევროპალიგა (საკვალ.) დილა
ჩიხურა

უმაღლესი ლიგიდან გავარდნენ
მერანი (მარტვილი)
საპოვნელა (თერჯოლა)

პლეი ოფი
29 მაისი
ზუგდიდი-კოლხეთი (ხობი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული