"ტრავმის გარეშე ერთი ცხრა თვე მაინც მათამაშა, სხვა არაფერი მინდა"

AutoSharing Option
მიმდინარე წელს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულმა თბილისის "ლოკომოტივმა" უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნება შეძლო. Sportall.ge "რკინიგზელთა" კაპიტან ნიკა ჭანტურიას ესაუბრა, რომელიც მშობლიურ გუნდს ზამთარში დაუბრუნდა,  ცოტა ხნის წინ კი მორიგი ტრავმა მიიღო და სეზონის ბოლო ნაწილში კლუბს გამოაკლდა.

- ცოტა ხნის წინ ოპერაცია გაიკეთე. როგორი მდგომარეობაა ამჟამად?
- 11 მაისს ოპერაცია ნაოპერაციებ ფეხზე გავიკეთე. სამწუხაროდ, მარცხენა მუხლის ორივე ლატერალური და მედიალური მენისკი სრულად იყო გაგლეჯილი. ამას დაემატა ისიც, რომ შარშან ჯვარედინი იოგის ოპერაცია სწორედ ამ ფეხზე გავიკეთე. მიუხედავად რთული მდგომარეობისა,
საბედნიეროდ, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ახლა თავს კარგად ვგრძნობ და ორშაბათიდან აქტიურ რეაბილიტაციის კურსს ვიწყებ, რომელიც, სავარაუდოდ, ორ თვეს გასტანს.

- ზამთარში თბილისის "დინამო" სათამაშო პრაქტიკის გამო დატოვე, მაგრამ ისევ ტრავმები და ისევ გაცდენილი პერიოდი...
- კი, სამწუხაროა. ეს ყველაფერი ძალიან უარყოფითად მოქმედებს, რადგან ფიზიკურად თავის წარმოჩენის საშუალება არ მეძლევა ისე, როგორც მსურს, თუმცა ჯერ ახალგაზრდა ვარ და დარწმუნებული ვარ, ორ თვეში, სათამაშოდ მზად როცა ვიქნები, ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვლება. მთავარია, ჯანმრთელობამ შემიწყოს ხელი.

- "დინამოდან" წამოსვლისას განაცხადე, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღე, რომელიც შენს კარიერას გამოადგებოდა. დღევანდელი გადმოსახედიდან, მიღებულ გადაწყვეტილებას ხომ არ ნანობ?
- კონტრაქტი დამიმთავრდა "დინამოსთან" და გადაწყვეტილება თავისუფალი აგენტის მქონემ მივიღე. "ლოკომოტივმა" ისეთი კონტრაქტი შემომთავაზა, რომელშიც რამდენიმე პუნქტი ჩემთვის მისაღები იყო და ვფიქრობ, იმ კონკრეტულ მომენტში სწორი გადაწყვეტილება მივიღე. თანაც, ლექსო თოფურიას სრულად ვენდობი.

"დინამოს" რაც შეეხება, კიდევ ერთხელ ვუხდი დიდ მადლობას ჩემ მიმართ დამოკიდებულებისთვის.

- უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულმა "ლოკომოტივმა" ჩემპიონატში ადგილის შენარჩუნება შეძლო. როგორ ფიქრობ, როგორი იქნება შემდეგი სეზონი? რა იქნება კლუბის მიზანი?
- ბევრად უკეთესად წარმომიდგენია "ლოკომოტივის" მომავალი - ეს გუნდი იმსახურებს ამას. მართალია, გვქონდა ჩავარდნა, მაგრამ მთავარია, ადგილი შევინარჩუნეთ და დანარჩენი გამოსწორებადია.

- შენ რას აპირებ, რჩები "ლოკომოტივში" თუ არის შემოთავაზებები უცხოეთიდან? ან თუნდაც ქართული გუნდებიდან...
- არ მსურს კონკრეტულად გუნდების დასახელება, თუმცა იყო შემოთავაზებები უცხოეთიდან და რამდენიმეჯერ თითქმის გადაწყვეტილიც იყო ჩემი გადასვლა, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა ეს უნდა მომხდარიყო, არ მიმართლებდა - თავს საკმაოდ სერიოზული ტრავმები იჩენდა ხოლმე. მართალია, ტოპ-ჩემპიონატებიდან არ მქონია შემოთავაზება, მაგრამ სწორი განვითარებისთვის იდეალური გუნდი იყო...

რა იქნება მომავალში, ნამდვილად არ ვიცი... დღეს კი "ლოკომოტივის" ფეხბურთელი ვარ, კლუბთან მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს და კონცენტრირებული ვარ გუნდის წარმატებაზე.

- "დინამოდან" წამოსვლის შემდეგ გია გეგუჩაძე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა. გქონდა მასთან საუბარი?
- გეგუჩაძესთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს, რამდენიმეჯერ "ლოკომოტივის" თამაშზეც შევხვდი და ერთმანეთს გამოველაპარაკეთ. პირად დეტალებზე ლაპარაკი მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, ის კი ვიცი, რომ შრომა არავის დაეკარგება. გეგუჩაძეს და ნაკრებს წარმატებებს ვუსურვებ შვედეთთან გასამართ მატჩში.

ჩვენი თაობის ბიჭებისთვის (ვგულისხმობ 1995-იანებს) საკვალიფიკაციო ეტაპი მალე სრულდება. ამიტომ, სამწუხაროდ, შანსიც მინიმალურია ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშის. აქედან გამომდინარე, არჩევანი მწვრთნელზეა.

ჩემი მთავარი მიზანი, კიდევ ვიმეორებ, სარეაბილიტაციო კურსის მალე გავლა და კარგ სათამაშო ფორმაში შესვლაა, დანარჩენი გამოჩნდება. იმედია, შემდეგში ისეთი ტრავმა აღარ მექნება, რომელიც დიდი ხნით მოედანს მიღმა დამტოვებს და დამღას დაასვამს ჩემს კარიერას.

სულ მაგას ვამბობ, ტრავმის გარეშე ერთი 9 თვე მათამაშა-მეთქი, მეტი არაფერი მინდა... როგორც კი ავთამაშდებოდი, სულ ყოველთვის მაშინ ვიღებდი ტრავმას. ახლა 21 წლის ვარ და ყველაფერი წინაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული