სოლიდური პრემიები და პროგრამა-მაქსიმუმი "დინამოში" - ინტერვიუ იურაი იარაბეკთან

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" სლოვაკ მთავარ მწვრთნელ იურაი იარაბეკს "ლელო" დიღმის საწვრთნელ ბაზაზე შეხვდა. სლოვაკი სპეციალისტი გულღია მოსაუბრე, კარგი რესპონდენტია და არც სამწვრთნელო ნიჭი დაეწუნება: მისი ხელმძღვანელობით "დინამომ" დამაჯერებლად მოიგო საქართველოს ჩემპიონატი და ქვეყნის თასიც აღმართა.

ახლა კი მთავარი გამოწვევა კარსმომდგარი ევროტურნირებია, რომელშიც ქართული ფეხბურთის ფლაგმანი ჩემპიონათა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაებმება. მანამდე, "დინამო" ავსტრიულ შეკრებაზე გაემგზავრება და საკმაოდ სოლიდურ სპარინგებსაც გამართავს...

"ლელო" იარაბეკს "დინამოს" დღევანდელობასა და მომავალზე ესაუბრა.

- გუნდმა უკვე დაიწყო ახალი სეზონისთვის სამზადისი. როგორც ვიცით, ამ ეტაპზე მთავარი აქცენტი
ფიზმომზადებაზე კეთდება. რამდენად კმაყოფილი ხართ ამ კუთხით ფეხბურთელების მომზადების დონით?

- მოგეხსენებათ, დღევანდელ ფეხბურთში ფიზმომზადება უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. უნდა გითხრათ, რომ ამ მხრივ ძალიან კმაყოფილი ვარ. ტესტებმა აჩვენა, რომ ბოლო 7 თვის განმავლობაში ჩვენი ფეხბურთელების ფიზმომზადების დონე 30 პროცენტით გაუმჯობესდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და, რაც მთავარია, ეს ჩვენი აზრი არ არის, ეს ტესტებმა "თქვეს".

ამავე დროს, ეს არის შედეგი ფეხბურთელების მიერ გაწეული დიდი სამუშაოსიც. ავიღოთ თუნდაც "დინამოდან" ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელები. მართალია, ისინი ისვენებდნენ სანაკრებო მატჩების შემდეგ, მაგრამ მაინც მოდიოდნენ ბაზაზე და თავიანთი ნებით ვარჯიშობდნენ.

- რას იტყვით ავსტრიულ შეკრებაზე? სპარინგპარტნიორები მართლაც შესანიშნავი გუნდები არიან - "ლეგია", "ლუდოგორეცი", კიევის "დინამო"...
- ავსტრიაში იმიტომ მივდივართ, რომ კარგად მოვემზადოთ ჩემპიონთა ლიგისა და საქართველოს ჩემპიონატისთვის. მადლობა მინდა ვუთხრა კლუბის ხელმძღვანელობას, ასეთი კარგი მეტოქეები რომ შეგვირჩია.

- ორ ახალწვეულზე უნდა გკითხოთ. "დინამომ" უკვე გააფორმა კონტრაქტები სტეფან ველევთან და მატიას კურიესთან. რას იტყვით მათზე?
- ორივე ძალიან კარგი მოთამაშეა. ეს არჩევანი შემთხვევით არ გაგვიკეთებია. ბოლო სამი თვის განმავლობაში ჩვენ განუწყვეტლივ ვაკვირდებოდით მათ თამაშს და მადლობა კლუბის მენეჯმენტს, რომ მოხერხდა ამ ფეხბურთელებთან კონტრაქტის გაფორმება. მჯერა, ისინი "დინამოს" აუცილებლად გააძლიერებენ.

- რა აზრის ხართ ხორვატ მატია შპიჩიჩზე? მისი თამაში ბაქოს "ინტერში" ყველას გვახსოვს. ძალიან სწრაფია, შეტევაში შესანიშნავად ერთვება...
- აბსოლუტურად სწორად შეგინიშნავთ. ამ პოზიციაზე გვქონდა არჩევანი. შეგვეძლო, ჩერნოგორიელი მილოშ დრნჩიჩი აგვეყვანა, მაგრამ არჩევანი შპიჩიჩის სასარგებლოდ გავაკეთეთ.

აქვე, რადგან ახალწვეულებზე ვსაუბრობთ, გიორგი პაპუნაშვილის "დინამოში" დაბრუნებასაც უნდა შევეხო. მჯერა, ის გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

გიორგი ლომაია ძალიან გამოცდილი, საიმედო მეკარეა. მას შეუძლია, ბევრი რამ ასწავლოს ახალგაზრდა პარტნიორებს. როგორც იცით, ის უკვე დინამოელია.

რაც შეეხება უცხოელ მეკარეს, დავიმატეთ ფრანგული "აიაჩოს" მეკარე ანტონი სკრიბე. პირდაპირ უნდა გითხრათ, ის მაღალი დონის გოლკიპერია და გაგვიმარლთა, ჩვენს გუნდში რომ ითამაშებს. ხორვატ მეკარე ივან კელავასთანაც გვქონდა მოლაპარაკება. მაგრამ მერე გაირკვა, რომ "გრანადას" რაღაც პრობლემები აქვს მეკარის პოზიციაზე და კელავა თავად სჭირდება

ძალიან უნდოდა "დინამოში" თამაში ერიკ საბოს. ამის შანსი ჯერ კიდევ არის, მაგრამ დაახლოებით 10 პროცენტი, მეტი არა. საქმე ისაა, რომ ერთ-ერთმა წამყვანმა ებრაულმა კლუბმა პაოკ-ს ძალიან კარგი პირობები შესთავაზა. ის მზადაა, საბოს მთლიანი კონტრაქტი გამოისყიდოს.

- მოდით, ის ფეხბურთელები ჩამოვთვალოთ, ვინც "დინამოდან" წავიდნენ...
- მეკარეები გიორგი ბეგაშვილი და ლიბორ ჰრდლიჩკა. ბეგაშვილი ნიჭიერი, კარგი მეკარეა. მას სჭირდება სისტემატური სათამაშო პრაქტიკა. ჰრდლიჩკას კონტრაქტი დაუსრულდა, ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკება კი ვერ მოხერხდა...

რთული იყო გიორგი გველესიანთან განშორება. ის ძალიან კარგი ფეხბურთელი და პიროვნებაა. "დინამოსთან" მასაც დაუმთავრდა ხელშეკრულება. მისთვის უკეთესი იქნება, თუ მეტს ითამაშებს. "დინამოში" ცენტრალური მცველის პოზიციაზე რენე ფერეირა და ამისულაშვილი თამაშობენ... ბაჩანა არაბული და საბა ლობჟანიძე ძალიან ახალგაზრდა, პერსპექტიული ბიჭები არიან. მათაც ჰაერივით სჭირდებათ სათამაშო პრაქტიკა და ამის გამო მივიღეთ გადაწყვეტილება სხვა კლუბებში მათი განათხოვრების თაობაზე...

"დინამო" დატოვა საქართველოს ნაკრების წევრმა ოთარ კაკაბაძემაც. ისიც შესანიშნავი ფეხბურთელი და ძალიან კარგი ადამიანია. მისივე ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა ასე...

როგორც იცით, საფეხბურთო კარიერა დაასრულა ალექსანდრე იაშვილმა. მასზე მოკლედ ვიტყვი - ის "დინამოსა" და მთლიანად ქართული ფეხბურთის ლეგენდაა.

- "დინამო" უკვე ბოლომდეა დაკომპლექტებული?
- შეიძლება, ასეც ითქვას. მხოლოდ ცენტრალური მცველის პოზიციაზე შეიძლება დავიმატოთ ფეხბურთელი.

- ევროთასების წილისყრა კარს მოგვადგა. რა თქმა უნდა, უკვე გექნებათ მოხაზული სასურველი და არასასურველი მეტოქეები...
- ზოგი შედარებით ძლიერი გუნდია, ზოგიც - შედარებით სუსტი. ჩვენთვის მთავარია, ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ.

- რას ელით "დინამოსგან" ევროთასებზე?
- ჩვენი პროგრამა-მაქსიმუმი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვედრაა. ეს მართლაც დიდებული იქნებოდა. პროგრამა-მინიმუმად კი ევროპალიგის ჯგუფში გასვლა დავისახეთ.

კლუბის ხელმძღვანელობა ყველანაირად გვიწყობს ხელს. წარმატების შემთხვევაში, სოლიდური პრემიებიც გაიცემა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მსაჯების დახმარებით ისე მაგრად მოიგო ჩემპიონობა "დინამომ" ჯგუფური ეტაპიო ლიგაზეო ალბათ ახალი გაღვიძებულია და სიზმარს ყვება))))
0
სომხური ალაშკერტის ბარიერი დამაჯერებლად უნდა გადავლახოთ თორე შეგიძლიათ დაიშალოთ...
zaza
18:27 20-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული