პირველი ლიგა. საკონტროლო მატჩი: "რუსთავი" გამარჯვებით იწყებს

AutoSharing Option
ახალი სეზონისათვის მზადება პირველი ლიგის გუნდებმაც დაიწყეს და რამდენიმე საკონტროლო მატჩიც გამართეს. ყველაზე ადრე კი იმ გუნდებმა დაიწყეს ურთულესი, გარდამავალი ჩემპიონატისათვის მზადება, თავიანთ ("წითელ") ჯგუფში უპირობო ფავორიტად რომ მიიჩნევიან - "ვიტ ჯორჯიამ" და "გაგრამ".

აქვე, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ სწორედ ეს ორი გუნდია პირველ ლიგაში ყველაზე ტიტულიანი: "ვიტ ჯორჯია" საქართველოს ორგზის ჩემპიონია, აგრეთვე, თასისა და სუპერთასის მფლობელი, ხოლო "გაგრა" - თასის მფლობელი.

გამოკვეთილი ფავორიტებია მეორე ("თეთრ") ჯგუფშიც: უმაღლესი ლიგიდან გავარდნილმა "მერანმა" თითქმის ყველა წამყვანი ფეხბურთელიც შეინარჩუნა და რამდენიმე ძლიერი მოთამაშეც
დაიმატა; ასევე საგრძნობლად გაძლიერდა "რუსთავიც" და ამის დასტურად გუნდის ახალწვეულთა ჩამოთვლაც გამოდგება:

მეკარეები: მიხეილ ალავიძე (ბათუმის "დინამო"), დავით ლეგაშვილი ("დილა"). 
მცველები: ვარლამ კილასონია-უმცროსი ("სიონი), გიორგი ნარიმანიძე ("საპოვნელა"), გიორგი ლემონჯავა ("კოლხეთი",ფ). 
ნახევარმცველები: დათა სიჭინავა, მერაბ გიგაური (ორივე - "კოლხეთი",ფ), კახაბერ კაკაშვილი ("ჩიხურა"), გიორგი კილასონია ("სიონი").

კიდევ ერთი ახალწვეული კი მარცხენა გარემარბი ლაშა ციცვიძე გახლავთ, რომელიც მშობლიური ქალაქის გუნდში მარნეულის "ალგეთიდან" გადმოვიდა. თუმცა, "რუსთავის" სატრანსფერო აქტივობა ამით არ დასრულებულა: გუნდის სპორტული დირექტორის ლევან სილაგაძის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში, სულ მცირე, ორი "ცნობადი" ახალწვეულის გამოჩენასაც უნდა ველოდოთ.

ახალი სეზონისათვის მზადება კი "რუსთავმა" 22 ივნისს დაიწყო, ვარლამ კილასონიას ხელმძღვანელობით გუნდი ჯერჯერობით ადგილზე, "ფოლადის" სტადიონზე ემზადება; 2 ივლისს კი "რუსთავმა" პირველი საკონტროლო მატჩი გამართა "გაგრასთან" (თბილისის ზღვაზე მდებარე "ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე) და 3:0 გაიმარჯვა.

მიხეილ ალავიძის, გიორგი ნარიმანიძისა და ზაზა ციცქიშვილის არყოფნას თუ არ ჩავთვლით, ვარლამ კილასონიამ პირველ ტაიმში, ფაქტობრივად, ოპტიმალური შემადგენლობა გამოიყვანა მოედანზე:
ლეგაშვილი - ჩიკვაიძე, ბერუაშვილი, ვ. კილასონია, ლემონჯავა - გიგაური, კაკაშვილი - ზაქრაძე, დ. სიჭინავა, ციცვიძე - მეტრეველი.

აი, რაც შეეხება "გაგრას", უკრაინელი სპეციალისტის, ანატოლი პისკოვეცის დამოძღვრილ გუნდში სელექცია-დაკომპლექტების პროცესი კვლავაც მიმდინარეობს; ანუ, "გაგრამ" შაბათს დილით, "რუსთავთან" სხვა შემადგენლობით (შერვაშიძე, გაბედავა, კახიძე, მნათობიშვილი, გაფრინდაშვილი, მაღრაძე, ვეკუა, ელიზბარაშვილი, ბარბაქაძე, მაგრაქველიძე, მატიაშვილი) ითამაშა, ხოლო საღამოთი უკვე სხვა შემადგენლობა დაუპირისპირდა თბილისის '"ლოკომოტივს".

"რუსთავისა" და "გაგრას" შორის გამართული მატჩი ამხანაგური კი იყო, მაგრამ ფეხბურთელები ხისტ თამაშა არ ერიდებოდნენ და გამოცდილ არბიტრს მალხაზ ბეუქლიშვილს რამდენჯერმე მოუხდა მათ "დასაწყნარებლად" ყვითელი ბარათის ჩვენება.

პირველ ტაიმში ერთადერთი გოლი გავიდა: "რუსთავის" ახალწვეულმა დათა სიჭინავამ "საფირმო" საჯარიმო დარტყმა ისე შეასრულა, თქვენი მოწონებული! "რუსთავს" კიდევ ჰქონდა ანგარიშის გაზრდის შანსი, მაგრამ ფატალურად არ უმართლებდა გუნდის ყველაზე გამოცდილ ფეხბურთელს ზვიად მეტრეველს...

შესვენების შემდეგ ორივე გუნდის თავკაცმა თავის გამოჩენის შანსი სხვა ფეხბურთელებსაც მისცეს; თუმცა, თამაშის შინაარსი არ შეცვლილა და უფრო აქტიური "რუსთავის" გამარჯვებაც კანონზომიერი იყო.

მეორე გოლი "რუსთავმა" ფლანგური შეტევის შემდეგ გაიტანა, როცა გურამ მინდორაშვილის ზუსტ პასს მეტოქის საჯარიმოში ახლაგაზრდა ცენტრფორვარდის, 20 წლის ვანო შენგელიძის ეფექტური და ზუსტი თავური დარტყმა მოჰყვა;

მესამე გოლი კი შეცვლაზე აქტიურად შემოსული, 19 წლის რევაზ ბარამიძის წინააღმდეგ წესების დარღვევის გამო დანიშნულ პენალტს მოჰყვა, რომელიც აუღელვებლად შეასრულა 18 წლის საბა ჯიოშვილმა.

მეორე ტაიმში რამდენიმე სახიფათო მომენტი "გაგრასაც" ჰქონდა, მაგრამ საიმედოდ თამაშობდა დავით ლეგაშვილი, რომელიც "რუსთავს" ნახევარწლიანი პაუზის მერე დაუბრუნდა.

მომდევნო საკონტროლო მატჩს "რუსთავი" 6 ივლისს "ალგეთთან" გამართავს, 7 ივლისს კი გორში დაუპირისპირდება საქართველოში შეკრების ჩასატარებლად ჩამოსულ ირანულ გუნდს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
შემდეგი თამაში სად ექნება რუსთავს?
გიორგი
11:38 04-07-2016
0

სიახლეები პოპულარული