ფოთის "კოლხეთი": ლეგიონერები და არამხოლოდ...

AutoSharing Option
გელა სანაიამ "კოლხეთის" ფეხბურთელები ფოთში შეკრიბა და სეზონისთვის მზადებას "ფაზისის" დანგრეულ სტადიონზე შეუდგა. მწვრთნელი გუნდს ჯერ მსუბუქად ტვირთავდა, გუშინ კი ორჯერად ვარჯიშებზე გადაიყვანა.

საბოლოოდ დაზუსტდა მათი ვინაობა, ვინც გუნდი დატოვა: მეკარე კოკა სეფიაშვილი; მცველები - თედო კაკულია, გიორგი ლემონჯავა; ნახევარმცველები - გურამ გურეშიძე, მერაბ გიგაური, თორნიკე თუხარელი, ნიკიტა პოლულიახი, დათა სიჭინავა და სანდრო კვარაცხელია.

ცნობილია ფოთელთა რამდენიმე ახალწვეულის ვინაობა - უკრაინასა და კვიპროსში ნათამაშები 24 წლის უკრაინელი შემტევი ვიტალი ივანკო; მარტვილის "მერანისა" და ხობის "კოლხეთის" ნახევარმცველები - ლაშა ჯღამაია და
გიგა წურწუმია. ამ უკანასკნელს დაცვაშიც შეუძლია თამაში და ნახევარდაცვაშიც.

კლუბის პრესსამსახურის ცნობით, მალე კოლხებს კენიელი შემტევები დაემატებიან. მათგან ერთი - 21 წლის ლუის ტერაა, რომელიც ფრანგული "ნიცას" ახალგაზრდულ გუნდში ასპარეზობდა. ამას გარდა, "კოლხეთის" დირექტორმა თემურ ბარქაიამ გვითხრა, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს კიდევ რამდენიმე ფეხბურთელთან - როგორც ქართველებთან, ისე უცხოელებთან.

კიდევ ერთი სიახლე სამწვრთნელო შტაბს ეხება. სანაიას თანაშემწედ იმუშავებს აკაკი კუპრეიშვილი - "ვიტ ჯორჯიის" ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც ბოლო წლებში სამწვრთნელო საქმიანობას ეწევა და ახლა ფოთში ფეხბურთელების ფიზმომზადებაზე იქნება პასუხისმგებელი. თავის დროზე, 33 წლის სპეციალისტი სანაიას "სამტრედიაშიც" ეხმარებოდა, ბოლო სეზონში კი წალენჯიხის "სქურის" მთავარი მწვრთნელი გახლდათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ალბათ იმ კენიელების სახით, "დიდი განძი" შეიძინეს,ერთი დინამომ ჩამოიყვანა კიდე "ვარსკვლავები"
ალეკსანდრე
17:34 05-07-2016
0

სიახლეები პოპულარული