უამინდობისგან დაზარალებულთა შორისაა საქართველოს თასის ნახევარფინალში გასული "გაგრა", რომელსაც ორი შეკრება ჰქონდა დაგეგმილი და სრულად ერთიც ვერ ჩაატარა. ანატოლი პისკოვეცის გუნდი ჯერ ურეკში ვარჯიშობდა, მერე დიდთოვლობის გამო ბათუმში გადაინაცვლა, მაგრამ იმავე მიზეზით საწვრთნელი პროცესი იქაც ჩაიშალა და "გაგრა", რომელიც ზღვისპირეთში წესით, 21 თებერვლამდე უნდა დარჩენილიყო, თბილისისკენ ნაადრევად გამობრუნდა. შესაბამისად, ვერ მოხერხდა
ამჟამად "გაგრა" დედაქალაქში მდებარე სასუმრო "პრესტიჟშია" დაბინავებული და ტესტმატჩებსაც თბილისში ჩაატარებს. შეხვედრები 17, 19 და 21 თებერვალს გაიმართება. რაკი უმაღლეს ლიგაში სეზონი უკვე განახლდა, "გაგრას" სამივე სპარინგპარტნიორი, სავარაუდოდ, პირველლიგელი იქნება. აქამდე კი "გაგრამ" ბათუმის "დინამოსთან" 0:0 ითამაშა, ხოლო "სამტრედიას" 2:1 მოუგო.
"ლელოს" მკითხველმა უკვე იცის, რომ "გაგრამ" ფოთის "კოლხეთიდან" დათა სიჭინავა და დავით ციცხვაია დაიმატა, მოგვიანებით კლუბმა ზუგდიდელი დავით ჯანაშიაც შეიმატა. გადაწყვეტილი ამბავია გუნდში გიორგი გაბედავას დარჩენაც. ნიჭიერ თავდამსხმელს უკრაინულ "ილიჩივეცთან" კონტრაქტი დაუსრულდა და სეზონს მშობლიურ კლუბში ჩაამთავრებს, რამაც, წესით, ჩემპიონატშიც და თასის გათამაშებაშიც "გაგრას" წარმატების შანსები საგრძნობლად უნდა გაზარდოს.
"გაგრას" ნიგერიელ ახალწვეულებზე უკვე ვწერდით, მაგრამ ახლა უფრო კონკრეტულ ინფორმაციას მოგაწვდით. 23 იანვრიდან პისკოვეცის გუნდის შემადგენლობაში ამ ქვეყნის სამი წარმომადგენელი ვარჯიშობდა. ცენტრალური მცველი ჟაჟა პისკოვეცმა მალევე დაიწუნა და სამშობლოში გააბრუნა, ორი ნიგერიელი კი ახლაც უკრაინელი სპეციალისტის განკარგულებაშია. 18 წლის თავდამსხმელმა ჰუსეინ სადიქმა პისკოვეცსა და მის ასისტენტებს თავი "ბენდელას თასის" გათამაშებაზე მოაწონა, შემდეგ მწვრთნელები მას ურეკულ შეკრებაზე დააკვირდნენ, მაგრამ მის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერაც არ მიუღიათ. სადიქის ბედი რამდენიმე დღეში გაირკვევა.
სამაგიეროდ, გადაწყვეტილია "გაგრაში" ჯონს ჯერემის გადასვლა. ისიც ცენტრფორვარდია და, როგორც ხვდებით, თავის თანამემამულეებზე უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა. თუმცა მასთან დაკავშირებით ქართული კლუბი დიდ დაბრკოლებას წააწყდა. საქმე ისაა, რომ ჯერემის 18 წელი სექტემბერში უსრულდება და მანამდე მასთან კონტრაქტის გაფორმება ვერ ხერხდება. ეს პრობლემა არ შეიქმნებოდა, საქართველოს ნიგერიასთან დიპლომატიური ურთიერთობა რომ ჰქონოდა. სანამ 18-ისა არ გახდება, მას "გაგრას" შემადგენლობაში ოფიციალური მატჩების ჩატარების უფლება არ ექნება და მხოლოდ ვარჯიშსა და საკონტროლო შეხვედრებში მონაწილეობას დასჯერდება.
"გაგრა" დღეისთვის პირველ ლიგაში მეორე ადგილზეა და ერთპიროვნულ ლიდერ მარტვილის "მერანს" სამი ქულით ჩამორჩება. 26 თებერვალს პისკოვეცის გუნდი "ნორჩ დინამოელს" ესტუმრება. "ვიტ ჯორჯიასთან" პირველ სათასო ნახევარფინალურ მატჩს "გაგრა" 19 აპრილს ჩაატარებს, განმეორებითს - 4 მაისს.