გარდამავალ, მოკლე ჩემპიონატში თითოეულ ქულას ფასი დაედო და სტარტზე წაგებებმა ბოლნისელები უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. "სიონი" მოედანზე მოსაგებად გავიდა, მაგრამ ისინი შეცდომაში შეიყვანა ფოთელთა ბოლო მარცხმა - მეტოქე ჯეროვნად ვერ შეაფასეს და კიდევ უფრო
თამაში სანახაობრივი გამოვიდა. ორივე გუნდი სწრაფ ტემპში ირჯებოდა. სტუმრები უფრო ორგანიზებულად გამოიყურებოდნენ და სათამაშო დისციპლინას იცავდნენ, ბურთს არ აყოვნებდნენ და დინამიკურად უტევდნენ. ძალიან მობილური იყო უკრაინელთა სამეული - ივანკო, კორობკა და განსაკუთრებით - ოზარკივი, რომელიც იერიშებს ტემპს აძლევდა. საიმედოდ იდგა დაცვა - დისკვალიფიცირებული გუნდის კაპიტანი გოგონაია მშვენივრად შეცვალა ჩაკვეტაძემ.
ფლანგზე მონდომებული იყო გიორგი კილასონია, ხოლო თავდამსხმელი ნიქაბაძე ორი მცველის ყურადღებას მაინც იქცევდა. მაგრამ განსაკუთრებული ქება ვეტერან ბოლქვაძეს ეკუთვნის, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა და ბოლომდე დაიხარჯა, შეტევებს დროულად იწყებდა და მოედნის ცენტრში ჩინებულად გამოიყურებოდა.
უკვე მე-3 წუთზე მასპინძლების დაწინაურება შეეძლო ჯაბა უგულავას, რომელიც გიორგი ჯანელიძემ მშვენიერი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა, თუმცა გაბრიელ თებიძე ბოლო მომენტში ბურთს თითებით შესწვდა და "კოლხეთი" აშკარა გოლისგან იხსნა.
საერთოდ კი, ბოლნისელთა შეტევებს სიმწვავე აკლდა და პირველ ტაიმში სხვა რეალური საგოლე მომენტი ამიტომაც ვეღარ შექმნეს. უშედეგო გამოდგა ძარიას მიერ შესრულებული ჯარიმა და კასრაძის დარტყმა. ტაიმის შუაწელიდან სტუმრებმა შეუტიეს, თუმცა ნიქაბაძისა და კილასონიას მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია.
მთავარი მოვლენები მეორე ნახევარში მოხდა. სამი ქულის მოსაპოვებლად "სიონმა" მთელი ძალებით შეუტია.
მაგრამ სანაიას გაწვრთნილები გაცილებით ხარისხიანად და სწორად თამაშობდნენ, პრესინგით მეტოქეებს საკუთარ საჯარიმოზე ზღუდავდნენ, თავად კი შეტევები ცენტრიდან ფლანგებზე კარგად გადაჰქონდათ, მწვავე კონტრშეტევებს ახორციელებდნენ და მეტოქის დაცვის სისუსტეებით ისარგებლეს.
64-ე წუთზე, მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ბურთი ბოლქვაძემ ჩააწოდა, უმეთვალყურეოდ დარჩენილმა რასიმ რამალდანოვმა კი ახლო მანძილიდან ისე დაარტყა, ხელი არავინ შეუშალა - 0:1.
ზედიზედ მესამე წაგების საფრთხემ ბოლნისელები აიძულა, ვა-ბანკზე წასულიყვნენ, მაგრამ დაცვაც გააშიშვლეს. სხვაობის გაზრდა ნიქაბაძეს შეეძლო, რომელმაც ბურთი ძელს მოარტყა, მაგრამ სტუმრებმა მეორე გოლი მაინც გაიტანეს. 73-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან შეტევაში კილასონია ჩაერთო, ცენტრში შევიდა და დაახლოებით 30 მეტრიდან ისე ძლიერად დაარტყა, მეკარე ილიუშჩენკოვს შანსი არ დაუტოვა - 0:2 ულამაზესი გოლით.
"სიონს" სხვაობის შემცირება შეეძლო, როცა ფლანგიდან ლაშა შინდაგორიძემ შეუტია და საჯარიმოში დავით ვოლკოვი მოძებნა, მაგრამ მასპინძელთა თავდამსხმელმა ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა.
უპირატესობის გაზრდის რამდენიმე შანსით ვერც ფოთელებმა ისარგებლეს, მაგრამ დამსახურებული 3 ქულა მოიპოვეს და გასვლაზე ნაჩვენები 100-პროცენტიანი შედეგით, მოულოდნელად, "წითელ ჯგუფში" მე-2 ადგილზე დაწინაურდნენ.
უმაღლესი ლიგა. წითელი ჯგუფი. III ტური
20.08. ბოლნისი. "თამაზ სტეფანია"
სიონი-კოლხეთი 0:2
გოლები: 0:1 რამალდანოვი (64. ბოლქვაძის პასით), 0:2 გ. კილასონია (73)
სიონი: ილიუშჩენკოვი, ხურცილავა, სვანიძე, თოთაძე, კასრაძე (67. სიხარულიძე), ძარია, ვასაძე, უგულავა (58. ზ. ლობჯანიძე), ჯანელიძე (75. შინდაგორიძე), კობახიძე, ვოლკოვი.
სათადარიგოები: ნანიევი, გიორბელიძე, დ. ფოფხაძე, ჟადერი.
მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე
კოლხეთი: თებიძე, გ. კილასონია, რამალდანოვი, ჩაკვეტაძე, ქებურია, ოზარკივი (90. ლუკავა), შ. კერძევაძე, ივანკო (62. ჟიშკარიანი), ბოლქვაძე, კორობკა (81. გედენიძე), ნიქაბაძე.
სათადარიგოები: ძაგანია, ნ. ტუღუში, ჟღამაია, თ. შალიკაშვილი.
მწვრთნელი: გელა სანაია
გაფრთხილება: ქებურია (38), ვასაძე (62), ოზარკივი (78), თებიძე (89)
არბიტრი: ლ. სილაგავა.
მომდევნო ტური
27 აგვისტო
თეთრი ჯგუფი
ლოკომოტივი-გურია
შუქურა-ცხინვალი
ტორპედო-ჩიხურა
დინამო (თბ) ისვენებს
წითელი ჯგუფი
კოლხეთი-საბურთალო
დილა-სიონი
ზუგდიდი-დინამო (ბთ)
სამტრედია ისვენებს
ბომბარდირები
თ. შონია (დინამო, ბთ) 4
ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 3
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 3
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
შენ 5-0 წაგების მერე იგებ გასვლაზე 2-0, სამტრედია კი 2-0 იგებდა და ისიც გაანიავა...