დრო "ზესტაფონსაც" სჭირდება – მარტის შუამდე

AutoSharing Option
სეზონის მეორე ნახევრისთვის უცხოეთში მომზადება უმაღლესლიგელთა ზუსტად ნახევარმა შეძლო და ერთ-ერთი მათგანი "ზესტაფონია". იმერული კლუბის ესპანურ ვოიაჟზე სისტემატურად გიამბობდით, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ "ზესტაფონმა" ესტეპონაში ოთხი საკონტროლო მატჩი ჩაატარა, აქედან სამი - ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალში გასულ კლუბებთან.

პოლონურ "ლეხთან" გია გეგუჩაძის გუნდმა 2:2 ითამაშა, შემდეგ კი "ზესტაფონი" "მარბელიას თასზე" გადაერთო, რომლის მეოთხედფინალშიც ფეროელები ჩეხურ "სპარტასთან" 0:5 დამარცხდნენ, კიევის "დინამოს" 2:2 ეთამაშნენ და პენალტების სერიით წააგეს, მეშვიდე ადგილისთვის მატჩში კი ბულგარულ "ლოკომოტივს" 3:0 სძლიეს.

"ზესტაფონის" შეკრება ქომაგებს გიორგი ხიდეშელსა და ნიკოლოზ
გელაშვილთან დაკავშირებული უსიამოვნო ამბითაც დაამახსოვრდებოდათ, მაგრამ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და ეს დუეტი კვლავაც "ზესტაფონის" ღირსებას იცავს.

დიდი ხანია, გია გეგუჩაძის ინტერვიუ აღარ შემოგვითავაზებია და მასთან გასაუბრება "დინამოსთან" ჩატარებული მატჩის შემდეგ ვამჯობინეთ. "ზესტაფონის" თავკაცს ამ პრინციპულ შეხვედრაზეც ვკითხეთ, განვლილი შეკრებაც გავიხსენეთ და გუნდის მიზნებზეც ვისაუბრეთ.

- პირველ ყოვლისა, "ზესტაფონის" ესპანური შეკრება შევაფასოთ.

- გარკვეული ხარვეზების მიუხედავად, შეკრებას დადებითად ვაფასებ. ესტეპონაში ყველა პირობა გვქონდა სრულყოფილად მომზადებისთვის - კარგი მინდვრები და საყოფაცხოვრებო პირობები, ძლიერი სპარინგპარტნიორები... ვფიქრობ, იქ ჩვენი პროგრამა მაქსიმალურად შევასრულეთ, რაც რა თქმა უნდა, გუნდის მომავალ შედეგებში უნდა აისახოს. "ზესტაფონი" საქართველოს ჩემპიონობისა და თასისთვის იბრძვის და ამ მიზნის მიღწევაში განვლილი შეკრება ძალიან უნდა დაგვეხმაროს.

- ესპანეთში ჩატარებულ საუკეთესო მატჩად ალბათ, კიევის "დინამოსთან" თამაშს მიიჩნევთ.
- დიახ, ბიჭები იმ შეხვედრაზე განსაკუთრებული მოტივაციით გავიდნენ და ასეთ ძლიერ მეტოქეს ტოლ-სწორად ამიტომაც ეთამაშნენ. უკრაინელებთან სპარინგში "ზესტაფონმა" მართლაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

- მანამდე პრაღის "სპარტასთან" დიდი ანგარიშით დამარცხდით. რატომ ითამაშა "ზესტაფონმა" ამ ორ, კლასით ერთმანეთისგან არცთუ დიდად განსხვავებულ გუნდთან ასეთი განსხვავებული მატჩები?
- ესპანეთში ყველა მეტოქესთან შეხვედრაში მიზნად არა შედეგი, არამედ ჩვენი თამაშის სრულყოფა გვქონდა დასახული. ბუნებრივია, მარცხს გამარჯვება სჯობს, მაგრამ შეკრებაზე შედეგზე გაცილებით მნიშვნელოვანი სხვა ფაქტორებია. თქვენს შეკითხვას რაც შეეხება, "სპარტასთან" შეხვედრის შემდეგ "დინამომდე" რამდენიმე დღემ განვლო და ამ პერიოდში "ზესტაფონი" უკეთეს ფორმაში შევიდა. გუნდი უფრო სწრაფ ტემპშიც ათამაშდა და ფიზიკური მომზადების დონეც უკვე სასურველს მიუახლოვდა.

- უსიამოვნო ამბის შემდეგ ნიკოლოზ გელაშვილმა და გიორგი ხიდეშელმა "ზესტაფონთან" ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლეს. მათი ფიზიკური კონდიციები სხვებისას საგრძნობლად ჩამორჩება?
- ჩამორჩენა უმნიშვნელოა. ბუნებრივია, რამდენიმე დღის უვარჯიშებლობა ფეხბურთელს დაღს ასვამს, მაგრამ ფორმა მათ თითქმის სრულად აღიდგინეს და მინიმუმ ტაიმნახევრის მაღალ დონეზე თამაში შეუძლიათ. ზედმეტადაც კი მიმაჩნია იმის თქმა, რომ ორივე "ზესტაფონისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

- გელაშვილი "დინამოსთან" შეცვლაზე შევიდა და თამაშიც გაამწვავა, ხიდეშელი კი განაცხადში სიცხის გამო ვერ მოხვდა. "სპარტაკთან" თამაშს თუ შეძლებს?
- გელაშვილიც და ხიდეშელიც "სპარტაკთან" მატჩის განაცხადში იქნებიან.

- "დინამოსთან" თამაშის შედეგითა და ხარისხით კმაყოფილი ხართ?
- "დინამოსთან" სტუმრად ვითამაშეთ და ამიტომაც ჩვენი მთავარი მიზანი არწაგება იყო, რასაც მივაღწიეთ კიდეც. თუმცა იმ შეხვედრის მხილველები დამეთანხმებიან, რომ აქცენტი მხოლოდ ფრეზე არ გაგვიკეთებია და მატჩის მიწურულს გამარჯვებამდე ცოტა დაგვაკლდა. თამაშის ხარისხს რაც შეეხება, სეზონი ახლა განახლდა, ოპტიმალური ფორმისგან ყველა გუნდი შორსაა და გამონაკლისი არც "ზესტაფონია".

სამწუხაროა, რომ მეორე ეტაპის პირველ ტურში დიდთოვლობის გამო "ტორპედოსთან" შეხვედრა გადაგვედო. შეკრება იმგვარად წარვმართეთ, რომ პირველი ტურისთვის სათანადოდ მოვმზადებულიყავით, მაგრამ უამინდობამ გეგმებში იძულებითი კორექტივები შეგვატანინა. სამწუხაროდ, მზადების პროცესში ცვლილებები მხოლოდ პირველი კი არა, ამ ტურის წინაც მოხდა. სავარჯიშოდ ზესტაფონში ჩავედით, მაგრამ დიდთოვლობის გამო უკან გამოვბრუნდით და სამგზავრო დრო და ენერგია ფუჭად დავხარჯეთ. კიდევ კარგი, "სპარტაკთან" თამაშს სტუმრად მაინც რომ ვახერხებთ და კიდევ ერთი გადადებული შეხვედრა არ გვემატება.

- კალენდარმა ჩემპიონატის მეორე ეტაპის საწყის ტურებში ძლიერი მეტოქეები გარგუნათ. არაოპტიმალურ ფორმაში მყოფი გუნდისთვის უშუალო კონკურენტებთან თამაში რამდენად სასურველია?
- უნდა მოვემზადოთ იმ კალენდრის მიხედვით, რაც წილად გვხვდა. მეტოქეთა თანმიმდევრობას გადამწყვეტ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ.

- რა დრო დასჭირდება "ზესტაფონს" შესაძლებლობების სრულად გამოსავლენად?
- ამისთვის რამდენიმე მატჩი საკმარისი იქნება. მთლიანი პოტენციალის გამოვლენას მარტის შუა რიცხვებისთვის ვვარაუდობთ.

- სამი ახალწვეულიდან "დინამოსთან" შეხვედრის განაცხადში მხოლოდ გიორგი ფოფხაძე მოხვდა. როდის ექნებათ ზურაბ მენთეშაშვილსა და გორან გრუიცას თამაშის უფლება?
- ამას წინ არაფერი უდგას, მაგრამ გარკვეული ფორმალობები ჯერ კიდევ მოსაგვარებელია. ცუდია, რომ ახალწვეულებს ჯერ ვერ ვიყენებთ, მაგრამ მათ გულშემატკივარი "ზესტაფონის" მაისურით მალე იხილავს. "სპარტაკთან" მენთეშაშვილის თამაში ვერ ხერხდება, გრუიცამ კი არ არის გამორიცხული, ამ მატჩშივე ითამაშოს. აი, ფოფხაძე კი ამ შეხვედრაში ვერ დაგვეხმარება, რადგან სიცხე აქვს.

- მას და მენთეშაშვილს ქართველი გულშემატკივარი კარგად იცნობს, გრუიცაზე კი თქვენი აზრის მოსმენაა საინტერესო.
- ხისტი და მებრძოლი ფეხბურთელია, გამოირჩევა ლიდერის თვისებებითა და პასუხისმგებლობის დიდი გრძნობით. ცენტრალური მცველია, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში დაცვის მარჯვენა ფლანგზეც გამოვიყენებთ.

- "დინამოს" დღევანდელი დონე "ზესტაფონმა" უკვე შეამოწმა. ჩემპიონობის კიდევ ერთი რეალური პრეტენდენტის, "ოლიმპის" თამაში ხომ არ გინახავთ?
- ამის დროც მოვა, ახლა კი მთლიანად უახლოეს მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი. "სპარტაკი" უდავოდ ძლიერი მეტოქეა, მაგრამ ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა და ვიმედოვნებ, სამი ქულა ჩვენ დაგვრჩება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული