"ლელოს" მკითხველმა იცის, რომ 24 წლის გრუიცას დღემდე არ მიუღია საქართველოს ჩემპიონატსა და თასზე თამაშის უფლება. არადა, ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციიდან მისი გათავისუფლების ფურცელი უკვე ჩამოვიდა. როგორც გავარკვიეთ, ყველაფრის თავიდათავი ისაა, რომ "ზესტაფონს" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ლეგიონერის დარეგისტრირებისთვის დაწესებული თანხა, 15 000 ლარი არ შეუტანია.
საქმე ისაა, რომ იმერული კლუბი სფფ-ის ძველ ვალს,
"ეს 4 000 ევრო ჯერაც სადავო თანხაა და თუ დამტკიცდება, რომ ფედერაციას "ზესტაფონის" ვალი მართებს, ბუნებრივია, გაქვითვაც არ იქნება პრობლემა. ხაზს გავუსვამ იმ ფაქტსაც, რომ "ზესტაფონთან" დათმობაზე წავედით და 15 ათასი ლარის გადახდა არა ახლავე, არამედ 10 მაისამდე შევთავაზეთ. თანაც, სავსებით შესაძლებელია, მანამდე იმ 4 000 ევროს საკითხი გარკვეულიყო და თუ ფედერაციას ამ თანხის გადახდა დაეკისრებოდა, გაქვითვასაც წინ აღარაფერი აღუდგებოდა. ჩვენი წინადადება არ გაიზიარეს, მაგრამ იმედია, "ზესტაფონი" აზრს შეიცვლის. თუ ასე მოხდა, გრუიცას თამაშის უფლება უმალ მიეცემა. თეორიულად, ეს შეიძლება ხვალ დილასვე (დღეს, რედ.) მოხდეს და გრუიცას "სპარტაკთან" თამაში შეეძლება."
"ზესტაფონს" 15 000-ის გადაუხდელობისთვის მეორე არგუმენტიც აქვს - სეზონის დაწყებამდე პროფესიული ფეხბურთის ლიგაში სამონაწილეო თანხა სრულად მხოლოდ ამ კლუბმა და ქუთაისის "ტორპედომ" გადაიხადა. მოგვიანებით პფლ-მ კლუბებს საწევრო გაუნახევრა, მაგრამ "ზესტაფონს" შეტანილი ფულის ნახევარი არ დაბრუნებია. ამაზე ფეხბურთის ფედერაციას ასეთი პასუხი აქვს - პროფლიგის ვალებთან მე არაფერ შუაში ვარ. პროფლიგა კი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს და ჩემპიონატისა და თასის ჩატარების უფლება სფფ-ს გადაელოცა, თუმცა ეს ორგანიზაცია იურიდიულად არ გაუქმებულა.
მოკლედ, ჯერჯერობით აზრის შეცვლას არც ფედერაცია აპირებს და არც "ზესტაფონი", შექმნილი სიტუაცია კი კლუბს აზარალებს, რომელიც კვალიფიციურ ფეხბურთელს ვერ იყენებს.
ადამიანურ თანაგრძნობას იმსახურებს თვითონ გრუიცაც, რომელსაც შექმნილ ჩიხურ მდგომარეობაში ბრალი საერთოდ არ აქვს და საქართველოში მაინც ტურისტის სტატუსით უწევს ყოფნა.
.