უცხოური ლეგიონი საქართველოში: 42 ლეგიონერი 21 ქვეყნიდან

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კლუბების საერთო სატრანსფერო ფასის მაჩვენებელი გერმანულ ინტერნეტსააგენტო "ტრანსფერმარკტზე" ხშირად იცვლება.

თითქმის ყოველთვის ლიდერი თბილისის "დინამოა". მაგრამ სხვა პოზიციებზე ცვლილებები ხშირია. გამონაკლისი 2012-2014 წლები იყო, როცა გორის "დილა" გალიდერდა...

"ლოკომოტივის" ნახტომი
ამჟამად, ლიდერებში თბილისის "ლოკომოტივი" მოხვდა, რომლის ფასიც ირაკლი კლიმიაშვილის, გიორგი კუხიანიძის (ორივეს სატრანსფერო ღირებულება 275-275 ათასი ევროა), ლუკა ზარანდიასა (150 ათასი) და მათე ვაწაძის (350 ათასი) ტრანსფერებმა 1,05 მილიონი ევროთი გაზარდა და მეორე ადგილზე დაწინაურდა.

გუნდების მოთამაშეთა ჯამური ციფრი ასე გამოიყურება:
კლუბი ფასი (ევრ)
1. დინამო თბ
6,08
2. ლოკომოტივი 4,33
3. ჩიხურა 4,00
4. ტორპედო 3,90
5. საბურთალო 3,80
6. დინამო ბთ 3,53
7. დილა 3,35
8. სამტრედია 3,30
9. შუქურა 3,10
10. სიონი 3,05
11. ცხინვალი 2,50
12. ზუგდიდი 2,43
13. გურია 2,28
14. კოლხეთი 2,23

ჯამი 47,850

ლეგიონერების სიმრავლე
იყო დრო, საქართველოს ჩემპიონატში ლეგიონერების პროცენტული რაოდენობა მთელ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მცირე იყო და მოთამაშეთა საერთო რაოდენობის 12 პროცენტს ვერ აღწევდა.
წლეულს კი უმაღლესი ლიგის გუნდებმა ძალიან მოინდომეს და უცხოელების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, უმთავრესად კი - უკრაინელების ხარჯზე, სადაც რუსეთთან ომი და, აქედან გამომდინარე, ეკონომიკური კრიზისი კლუბებზე უარყოფითად აისახა.

ამ კუთხით "ზუგდიდი" ლიდერობს, სადაც ბოლო დროს 8 ლეგიონერი მიიწვიეს. უცხოელთა სრული სია გუნდების მიხედვით ასე გამოიყურება.

კლუბები ლეგ. რაოდ.
ზუგდიდი 8
გურია 6
სიონი 5
საბურთალო 5
კოლხეთი 4
დინამო ბთ 3
დინამო თბ 3
შუქურა 3
დილა 3
ჩიხურა 1
ტორპედო 1

სულ 42

მხოლოდ სამი გუნდია, სადაც ლეგიონერი არ არის - თბილისის "ლოკომოტივი", "ცხინვალი" და "სამტრედია".

ამ უკანასკნელში, ორმაგი მოქალაქეობის მქონე ორი მოთამაშეა - გია მანჯგალაძე და გიორგი გამყრელიძე. მათ, ქართულის გარდა, უკრაინული პასპორტიც აქვთ. თუმცა, რეალურად ორივე მოთამაშე საქართველოშია დაბადებული და გაზრდილი.

21 ქვეყნიდან
სულ საქართველოს ჩემპიონატში ევროპის, აფრიკის, აზიისა და სამხრეთ ამერიკის 21 ქვეყნის მოქალაქე ფეხბურთელი თამაშობს. წარმომადგენლობითი სია ასე გამოიყურება:

უკრაინა - 12, ბრაზილია - 5, ესპანეთი - 4, რუსეთი, საფრანგეთი, ყაზახეთი - 2-2, ჰოლანდია, ისრაელი, ბოსნია, ლიტვა, ბულგარეთი, სერბეთი, აზერბაიჯანი, ირანი, ნიგერი, ნიგერია, კონგო, კენია, სიერა ლეონე, გვინეა, ბურკინა ფასო - თითო.

ცხადია, მთავარი მხოლოდ ლეგიონერთა რაოდენობა არ არის, ეს ეროვნული ჩემპიონატის დონეს ავტომატურად ვერ გაზრდის. მთავარი მათი კლასია, ამით კი საქართველოში ჩამოსული ლეგიონერების დიდი ნაწილი თავს ვერ მოიწონებს. ჩვენ უფრო ხარისხიანი ლეგიონერები გვჭირდება, რომლებიც ადგილობრივებს ერთი თავით აჯობებენ.

ასაკობრივში ნათამაშებები
თუმცა იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ყველა ლეგიონერი დაბალი დონისაა. თითო ლეგიონერია "ჩიხურასა" და "ტორპედოში" და ორივე საკმაოდ მაღალი კლასისაა. საჩხერელთა მეკარე დინო ჰამზიჩი ბოსნიის ახალგაზრდული ნაკრების წევრი გახლდათ და გუნდისთვის დიდი ძალაა.

ქუთაისის "ტორპედოს" მცველი იურგენ კოლინი "პსვ ეინდჰოვენის", "გენკის", "ნორვიჩის", "აიაქსის", "ბრედას", "ვალვაიკის", "ხიხონის", "ანორთოსისის", თელ-ავივის "მაკაბისა" და კიდევ რამდენიმე ევროპული კლუბის წევრი იყო, იწვევდნენ ჰოლანდიის 20-წლამდელთა და ახალგაზრდულ ნაკრებებში.

თავისი ქვეყნის ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებში კიდევ რამდენიმე უცხოელს უთამაშია: ქობულეთის "შუქურას" მეკარე აზამატ ჯიოევი რუსეთის 18 და 19-წლამდელებში გამოდიოდა.

უკრაინის ამავე ასაკის ნაკრებებში უთამაშია "ზუგდიდის" შემტევ ნახევარმცველს, ალექსანდრ ერმაჩენკოს. ამ ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების წევრი გახლდათ "ზუგდიდის" ორი ფეხბურთელი - ქართველი მცველი ბადრი აქუბარდია (18 და 19-წლამდელებშიც უთამაშია) და ნახევარმცველი დმიტრო ზოზულია.

ამავე გუნდის ფლანგის მცველი, 23 წლის რუდოლფ სუხომლინოვი კი უკრაინის 4 ასაკობრივი ნაკრების წევრი გახლდათ - 16,17,18 და 19-წლამდელებში. უკრაინის 19-წლამდელების წევრი იყო ლნჩხუთის "გურიას" თავდამსხმელი ევგენი მოროზენკოც. ამ ქვეყნის ყველა ასაკობრივი ნაკრების ფორმა მოურგია ფოთის "კოლხეთი 1913-ის" ორ ახალწვეულს - საყრდენ ნახევარმცველ იგორ ოზარკივსა და ფლანგის თავდამსხმელ ვიტალი ივანკოს, ხოლო ვლადიმირ კორობკას მხოლოდ 17-წლამდელებში უთამაშია.

ამ კატეგორიაში აფრიკელი ლეგიონერიც მოხვდა - კონგოს 17-წლამდელების ყოფილი ნახევარმცველი, 21 წლის რამალიკ ეტუ (4 მატჩი) "დილას" წევრი გახლავთ.

ეროვნულიდან საქართველოში
თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში უმაღლეს ლიგაში მიწვეულ მხოლოდ 6 ლეგიონერს უთამაშია: საინტერესოა "ზუგდიდის" მცველის, აზიზ დენ-კონტეჰის ისტორია, რომელიც სამი წლის განმავლობაში ლონდონის "ჩელსის" განაცხადში ხვდებოდა.

23 წლის მარცხენა მცველი ჯერ ინგლისის 16 და 19-წლამდელთა ნაკრებების წევრი გახლდათ, 2015 წლიდან კი ისტორიულ სამშობლოში, სიერა ლეონეს ეროვნულ გუნდში მიიწვიეს და მისი ფორმა უკვე სამჯერაც მოირგო.

ასევე ორი ქვეყნის პასპორტით უთამაშია "ზუგდიდის" ცენტრალურ მცველ ბამბა ფუსენს - ჯერ კოტ დ"ივუარის 20 და 23-წლამდელების წევრი იყო, შემდეგ კი გვინეის მოქალაქეობა მიიღო და მისი ეროვნულ ნაკრებში 2 მატჩი ჩაატარა.

თბილისის "დინამოს" უნივერსალი სტეფან ველევი 2007-08 წლებში ბულგარეთის 19-წლამდელებში გამოდიოდა, ხოლო 2012 წლის 29 მაისს თურქეთის წინააღმდეგ ქვეყნის ეროვნულ გუნდში მისცეს თავის გამოჩენის შანსი და შემდეგ კიდევ ოთხჯერ ითამაშა ეროვნულ გუნდში.

ფოთის "კოლხეთში" მცველი რასიმ რამალდანოვი გამოდის, რომელსაც აზერბაიჯანის ნაკრების ფორმა 17-ჯერ მოურგია, ხოლო 2013 წელს ნაკრებში ჩატარებული ყველაზე მეტი მატჩისთვის ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციისგან საგანგებო პრიზი დაიმსახურა.

ბოლნისის "სიონის" ნახევარმცველ მინდაუგას კალონასს ლიტვის ნაკრებში 49 მატჩი უთამაშია და 3 გოლიც გაუტანია. 2013 წელს ის ლიტვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

ქვეყნის ნაკრებში ყველაზე მეტი შეხვედრა გორის "დილას" ახალწვეულმა კოფი დან კოვამ ითამაშა. 26 წლის ცენტრალურ მცველს საყრდენის პოზიციაზეც შეუძლია თამაში, ქართულ გუნდს კი 1 სექტემბერს ისრაელის ლეუმით ლიგის (რანგით მეორე ლიგა) თელ-ავივის "ბეითარიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით დაემატა. ის განაშია დაბადებული, მაგრამ ნიგერის ეროვნულ ნაკრების ღირსებას იცავს - 58 მატჩი, 3 გოლი. გუნდს 2012 წელს აფრიკის თასზეც ეხმარებოდა. რაც მთავარია, დან კოვა ნაკრების მოქმედი წევრია.

საინტერესოა, რომ ასევე თელა-ავივის "ბეითარის" წევრი იყო და "დილას" კოვასავით 1 სექტემბერს დაემატა კონგოელი რამალიკ ეტუც. იქნებ, გორელთა გუნდით სწორედ თელ-ავივის კლუბის მეპატრონეები არიან დაინტერესებულები?..

ლეგიონერთა ფასები
საქართველოს უმაღლეს ლიგაში მოთამაშე ლეგიონერთა შორის ყველაზე ძვირადღირებული თბილისის "დინამოს" ცენტრალური მცველი რენე ფერეირაა, რომლის პირობითი სატრანსფერო ფასი 550 ათასი ევროა. სრული სია ამგვარად გამოიყურება:

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მადლობა ავტორს საინტერესო სტატიისთვის!
ჰამზიჩი და რენე საუკეთესოები არიან
Georgiano
00:05 16-09-2016
0
რის ლეგიონერები, საქართველოში ვინ ჩამოვა ნორმალური სათამაშოდ. უმეტესობა საკალბასედ თუ გამოდგება, ისედაც ნატურალური ხორცის ნაკლებობაა. ქართული კომპანიები გენმოდიფიცირებულ სოიოს ძეხვით ხოცავენ საბრალო ხალხს.
........
18:21 15-09-2016
0

სიახლეები პოპულარული