ცნობილია, რომ გარდამავალი ჩემპიონატის გამარჯვებული 2-მატჩიანი ფინალით გამოვლინდება, რომელშიც ერთმანეთს "წითელი" და "თეთრი" ჯგუფების პირველადგილოსნები - "სამტრედია" და "ჩიხურა" შეხვდებიან. მატჩები 3 და 11 დეკემბერს გაიმართება.
ბრინჯაოს მედლისთვის ერთმატჩიანი მცირე ფინალი ნეიტრალურ მოედანზე 10 დეკემბერსაა დანიშნული. ამ ფინალის მონაწილე გუნდების ვინაობა კი ჯგუფებში მე-2 და მე-3 ადგილებზე გასულებს შორის ორ ნახევარფინალურ მატჩში გაირკვევა, რომელიც 30 ნოემბერს და 4 დეკემბერს ჩატარდება. აქ
პლეი-აუტში ჯგუფებში მე-5 და მე-6 ადგილებზე გასულები დაწყვილდებიან და 1 და 6 დეკემბერს ითამაშებენ. ორივე დამარცხებული და ორივე ჯგუფის მეშვიდეადგილოსანი მომავალი სეზონიდან PRO ლიგა 2-ში ითამაშებს. აქაც ჯვარედინი პრინციპია: ერთი ჯგუფის მეხუთეადგილოსანი მეორის მეექვსეადგილოსანს შეხვდება. გამარჯვებული PRO ლიგა 1-ში ითამაშებს, ხოლო დამარცხებული - PRO ლიგა 2-ში. მაგრამ მეხუთეადგილოსანს მოედნის უპირატესობა ექნება და პირველ შეხვედრას გასვლაზე გამართავს, მეორეს კი - შინ.
ანუ პლეი-ოფის მატჩებს მხოლოდ ჯგუფებში მე-4 და მე-7 ადგილებზე გასულები არ ჩაატარებენ. პირველები PRO ლიგა 1-ში თამაშის უფლებას პირდაპირ მოიპოვებენ, ხოლო მეშვიდეადგილოსნები ახალი სეზონიდან PRO ლიგა 2-ში მოხვდებიან.
პირველი ლიგის პლეი-ოფის პირველი ეტაპის ორი მატჩი 28 ნოემბერს და 2 დეკემბერს ჩატარდება. მეორე ეტაპზე კი გუნდები ერთმანეთს 5 და 9 დეკემბერს შეხვდებიან.
ასაკობრივ ჩემპიონატებს რაც შეეხება, აქ 19-წლამდელთა ნახევარფინალები 5 დეკემბერს გაიმართება, ჩემპიონის გამოსავლენი დაპირისპირება კი - 9 დეკემბერს.
17-წლამდელთა მეოთხედფინალები 25 ნოემბერს შედგება, ნახევარფინალები - 29 ნოემბერს, ხოლო ოქროს მედლის მფლობელი 4 დეკემბერს გაირკვევა.
15-წლამდელთა შორის მეოთხედფინალი 25 ნოემბერს დაიგეგმა, ნახევარფინალები - 30 ნოემბერს, ხოლო ფინალი - 4 დეკემბერს.
დაბოლოს - საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი ზესტაფონში 22 ნოემბერს, 19 საათზე გაიმართება. "დავით აბაშიძეზე" ერთმანეთს ქუთაისის "ტორპედო" და პირველლიგელი მარტვილის "მერანი" შეხვდებიან. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" უზრუნველყოფს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"