11:59 05-12-2016
სამტრედია-ჩიხურა 2:0 - ნოკდაუნი პირველ რაუნდში [VIDEO]
AutoSharing Option
ფეხბურთის მოყვარულებს ეს ნეგატიური ისტორია კარგად ახსოვთ. საბედნიეროდ, 21 წლის შემდეგ ჩემპიონის ბედი მსგავსი ფორმებით აღარ წყდება. გია ცეცაძის გუნდს აქვს რეალური შანსი, კლუბის ისტორიაში პირველად, ოქროს მედლები იზეიმონ. 3 დეკემბერს, საჩემპიონო პლეი ოფის პირველ მატჩში, მათ ამისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.
"ეროსი მანჯგალაძე" არათუ სრულად შეივსო, ტრიბუნებმა ყველა მსურველი ვერ დაიტია. გაჭედილი სტადიონი და ჩემპიონის ტიტული ის სტიმული იყო, რომელმაც ორივე გუნდი მოედანზე საბრძოლო განწყობით გაიყვანა. თამაში სანახაობრივიც გამოდგა და მაღალ ტემპშიც მიმდინარეობდა, რითიც მოლოდინი გაამართლა.
საწყის წუთებში მოთამაშეებს მღელვარება ეტყობოდათ და ქაოტურად თამაშობდნენ. პირველი მწვავე შეტევა მე-7 წუთზე საჩხერელებმა წამოიწყეს - მიხეილ სარდალიშვილმა საჯარიმოსთან მოძებნა საბა ლობჟანიძე, რომლის დარტყმული კარს ოდნავ ასცდა.
მაგრამ მალე სამტრედიელებმა ისეთ ტემპში შეუტიეს, რასაც ქართული გუნდებისგან არ ვართ მიჩვეულები. ამას გარდა, მასპინძელი მოთამაშეები მეტოქეებს, რომ იტყვიან, ფეხზე "ასხდნენ", გასაქანს არ აძლევდნენ, რის ხარჯზეც დიდი უპირატესობა მოიპოვეს.
კარგად გამოიყურებოდა მათი დაცვაც - უკანახაზელებს ბურთი სწრაფად აჰქონდათ ნახევარმცველებისკენ და ფლანგებიდან აქტიურად უტევდნენ, საყრდენი ნახევარმცველები (გიორგი დათუნაიშვილი, გია მანჯგალაძე) ბევრს და სასარგებლოდ მოძრაობდნენ და შემტევებს ბურთს არ უყოვნებდნენ. ამ შემტევებმა (ბუდუ ზივზივაძე, დავით ჯიქია, ბაჩანა არაბული, დავით რაჟამაშვილი) კი საუკეთესო თამაში ჩაატარეს - მართალია, არაბულს ფეხი ეტკინა და მერე თამაში გაუჭირდა, მაგრამ მოედნიდან გასვლა არ ისურვა და თავისიანების წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.
საერთოდ, ჩანდა, რომ სამტრედიელთა სამწვრთნელო შტაბმა მეტოქის პლუს-მინუსები კარგად გააანალიზა - ცეცაძის შეგირდებმა "ჩიხურას" სამოქმედო სივრცე და კოზირები წაართვეს, მეტოქეს ლამის ყველა ეპიზოდში ერთი ნაბიჯითა და ერთი წამით ასწრებდნენ. მათ ხელში ტემპი, აგრესია და ბრძოლისუნარიანობა მშვენიერი იარაღი გამოდგა.
მასპინძლებმა პირველი სერიოზული შეტევა მე-8 წუთზე განახორციელეს: გიორგი მჭედლიშვილმა, რომელმაც მარჯვენა ფლანგი აიკლო, მშვენიერი გარღვევა წამოიწყო და პენალტის ნიშნულთან დავით რაჟამაშვილი მოძებნა, ამან კი მიზანს ააცილა.
სამტრედიელებმა ტემპს კიდევ უფრო უმატეს: მე-12 წუთზე ბაჩანა არაბული მარჯვენა ფლანგზე ორ მცველს გასცდა და კართან ბუდუ ზივზივაძე შენიშნა. სამტრედიელთა ბომბარდირმა ბურთს ქუსლი ეფექტურად წაჰკრა, მაგრამ უზუსტოდ გამოუვიდა.
...ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლემ მაინც გაიტანა - გიორგი დათუნაიშვილმა შეტევა ჩაჭრა და არაბული მოძებნა, ამან კი გიორგი ჯიქიას გადააწოდა, რომელმაც თავისი ნახევრიდან მეტოქის საჯარიმოსკენ დაძრულ ზივზივაძეს შორიდან იდეალურად უპასა, თავდამსხმელმა გიორგი რეხვიაშვილი ჩამოიცილა და ცაციათი (როცა მარჯვენა ფეხით დარტყმა იყო მოსალოდნელი) ეფექტურად შეაგდო - 1:0.
სტუმრებმა გაიბრძოლეს და სახიფათო გამოდგა ლობჟანიძის (საჩხერელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო) შეტევა. "სამტრედია" კი მწვავედ თამაშობდა: უშედეგოდ დასრულდა კომბინაცია, რომელიც ზივზივაძემ ჯიქიას გაუგრძელა - კარის წინ დარჩენილ სამტრედიელთა ფლანგელს ფეხებში რეხვიაშვილი ჩაუწვა და დარტყმის საშუალება არ მისცა.
მასპინძელთა მცდელობამ შედეგი მაინც გამოიღო და სტუმართა კარში მეორე გოლიც გავიდა - ზივზივაძემ დენის დობროვოლსკის ბურთი "მოპარა" და არაბულს გაუთამაშა, ხოლო საჯარიმოში შოთა კაშიას გაასწრო და მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა - ძელიდან ბურთი კარის ბადეში გაეხვია და სამტრედიელ გულშემატკივრებს უზომო სიხარული მიანიჭა.
დუბლის შესრულების მიუხედავად, მატჩის გმირი სამტრედიელთა თავდამსხმელი (ალბათ, ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელობის უპირველესი კანდიდატი) არ ჩერდებოდა და ბოლო წუთზე ჰეთ-თრიკის შესრულებაც შეეძლო - დათუნაიშვილმა და მჭედლიშვილმა მარჯვენა ფლანგზე უსწრაფესი შეტევა წამოიწყეს, ზივზივაძემ მცველს ისევ დაასწრო, მაგრამ "მოჭრილი" დარტყმით ბადე ამჯერად გარედან შეარხია.
თამაშის მსვლელობამ მწვრთნელებს მეორე ტაიმის ტაქტიკა უკარნახა: გია ცეცაძემ სიფრთხილე ამჯობინა, საპასუხო შეხვედრას უგოლოდ რომ შეხვედროდა, გუნდი კონტრშეტევებზე ათამაშა, სოსო ფრუიძემ კი თავდასხმა გააძლიერა: მოედანზე შესულმა ირაკლი ლექვთაძემ და თორნიკე მუმლაძემ "ჩიხურა" აშკარად გამოაცოცხლეს, შესაბამისად, "სამტრედიას" დაცვას საქმე მოუმრავლდა და მეორე ტაიმი "ჩიხურას" ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა.
48-ე წუთზე სწორედ ლექვთაძემ წამოიწყო იერიში, რომლის დასრულებასაც საჯარიმოში ლობჟანიძე ცდილობდა, მაგრამ კარს ოდნავ ააცილა. ერთ წუთში შეტევა მარჯვენა ფლანგზე სარდალიშვილმა წამოიწყო და საჯარიმოში თორნიკე მუმლაძე მონახა, მან კი სეხნია გორგიაშვილს გადააწოდა, რომელმაც არაზუსტად დაარტყა.
50-ე წუთზე სამტრედიელები პენალტს ითხოვდნენ და ამჯერადაც, მოვლენის ეპიცენტრში ზივზივაძე იყო - გიორგი კორიფაძემ მას ბუცი სახეში ამოსცხო. ეს მომენტი არბიტრს გამოეპარა და თამაში გააგრძელა, რომლითაც საჩხერელთა უსწრაფესი კონტრშეტევა დაიწყო და ლექვთაძემ კინაღამ გოლით დაასრულა.
სტუმართა მორიგი იერიში ლობჟანიძემ წამოიწყო, კარის წინ უმეთვალყურეოდ დარჩენილმა გორგიაშვილმა კი წამიერად დაახანა და ვითარების განსამუხტად მცველებისთვის ეს წამიც საკმარისი გამოდგა.
საჩხერელები უტევდნენ, მაგრამ მასპინძელთა დაცვას უხეში შეცდომის დაშვება ვერ აიძულეს - ალბათ, იმიტომ, რომ "ჩიხურა" ვერ იყო ისეთი სწრაფი და აგრესიული, როგორც მთელი ჩემპიონატის განმავლობაში და რის ხარჯზეც თავის ჯგუფში პირველობა ალალად დაიმსახურა.
63-ე წუთზე კიდევ ერთხელ გაიბრწყინა ჯიქიამ, რომელიც სამ მცველს ეფექტური დრიბლინგით გასცდა და მეკარესთან პირისპირ გადიოდა, როცა საჯარიმოსთან შეაჩერეს. ჯარიმა სახიფათოდ შეასრულა ლაშა შერგელაშვილმა, მაგრამ დინო ჰამზიჩმა ბურთი ჯერ მოიგერია, მერე კი "დაამიწა".
მატჩის ბოლოს საჩხერელებმა მთელი ძალებით შეუტიეს: კარის აღება შეეძლოთ გორგიაშვილსა და კორიფაძეს, ყველაზე რეალური შანსი კი მუმლაძეს მიეცა, რომელმაც ფლანგური გადაცემა თავურით დააგვირგვინა, მაგრამ მეკარე ომარ მიგინეიშვილმა პოზიცია სწორად შეარჩია და ვითარება განმუხტა. ანგარიშის შეცვლის ბოლო მცდელობა ლექვთაძეს ჰქონდა, მაგრამ მასაც არაფერი გამოუვიდა - ეს არ იყო "ჩიხურას" დღე.
საპასუხო მატჩს, რომელიც 11 დეკემბერს თბილისში გაიმართება, ცეცაძის გუნდი საგრძნობი უპირატესობით დაელოდება. შეიძლება ითქვას, "ჩიხურა" ნოკდაუნშია, მაგრამ ეს დამარცხებას არ ნიშნავს. დაველოდოთ და ვნახოთ, რას მოიფიქრებს ფრუიძე...
უმაღლესი ლიგა. საჩემპიონო პლეი ოფი. პირველი მატჩი
03.12. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
სამტრედია-ჩიხურა 2:0
გოლები: 1:0 ზივზივაძე (18. ჯიქიას პასით), 2:0 ზივზივაძე (40. არაბულის პასით)
სამტრედია: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, სანდოხაძე, გოგიაშვილი, შერგელაშვილი, მანჯგალაძე (90+4. ცნობილაძე), დათუნაიშვილი, რაჟამაშვილი (90+2. მთივლიშვილი), არაბული, ჯიქია (86. გამყრელიძე), ზივზივაძე.
სათადარიგოები: მეშველიანი, მარკოზაშვილი, იმედაშვილი, ახალაძე
მწვრთნელი: გია ცეცაძე
ჩიხურა: ჰამზიჩი, თორ. გრიგალაშვილი, კაშია, რეხვიაშვილი, კორიფაძე, დობროვოლსკი, განუგრავა (46. ლექვთაძე), სარდალიშვილი, ს. ლობჟანიძე (87. გაბედავა), გორგიაშვილი, ტატანაშვილი (46. მუმლაძე).
სათადარიგოები: ნ. ქავთარაძე, კაკუბავა, დეკანოიძე
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გაფრთხილებები: გრიგალაშვილი (59), დობროვოლსკი (63), შერგელაშვილი (71)
არბიტრი: ლ. სილაგავა
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
კარგი სტატიაა, მხოლოდ აი ერთი შესწორებით რა :)
სამტრედიაში იმ საშინელი ამინდის პირობებში მართლა ბევრმა არ დაიზარა მისვლა და ორივე გუნდს მხარში დაუდგა, მაგრამ - "ხალხი ვერ დაიტია, სრული ანშლაგი იყო, გადაჭედილი სტადიონი" ეს არ შეესაბამება სიმართლეს :) 1540 ადგილიან ტრიბუნებზე იყო 1200-1250 კაცი მაქსიმუმ. აი ესაა ის რაც სიმართლეს შეესაბამება.
ყოველ იქ მისულ მაყურებელ საჩხერელს და სამტრედიელს, ყველას 1000 მადლობა სათითაოდ რომ მათ საკუთარ მხრებზე და მონდომებაზე მოაქვთ ქართული ფეხბურთი და მათ ხარჯზე არსებობს ეს ფეხბურთი, რომ არა ეს მაყურებლები, ის არაკაცი საქმოსნები და მოჩალიჩეები, ვინაც ქართული ფეხბურთის გაჩანაგებაზე ამდენ ფულს ხერხავენ და ჭრიან, ისინიც კი ვერ იარსებებდნენ.
მადლობა ორივე კლუბის ქომაგებს.
ჟუერნალისტებმა კი ის დაწერეთ რაც იყო და არა ის, რაც "სასურველი იქნებოდა" ყველასათვის.