ბათუმის "დინამო": ეს ბრინჯაო ძალიან გვჭირდებოდა

AutoSharing Option
10 დეკემბერს, საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მცირე ფინალში ბათუმის "დინამომ" თბილისის "დინამო" 1:0 დაამარცხა, რისი წყალობითაც ლევან ხომერიკის გაწვრთნილებმა მესამე ადგილი და ევროპალიგის საგზური მოიპოვეს.

- დინამო (ბთ)-დინამო (თბ) 1:0 - დამსახურებული ბრინჯაო და საფიქრალი [VIDEO]

"ლელომ" ბათუმელთა სპორტულ დირექტორს, მალხაზ მახარაძეს ინტერვიუ ჩამოართვა...

Sportall.Ge- უპირველეს ყოვლისა, წარმატებას გილოცავთ!..
- მადლობა ყველას, ვინც ჩვენი სიხარული გაიზიარა. ჯერ მსაჯობა უნდა აღვნიშნო, რადგან გიორგი ვადაჭკორიამ ძალიან წესიერად განსაჯა და ამისთვის მადლობა ეკუთვნის.

ობიექტურები უნდა ვიყოთ - ტრავმის გამო თამაში რენე ფერეირამ გამოტოვა, ვინც
თბილისელებისთვის დიდი ძალაა. მათზე უარყოფითად იმოქმედა ლობჟანიძის არყოფნამაც. ჩვენ კი შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოვავლინეთ და ჩვენი სამწვრთნელო შტაბის წევრები და თითოეული მოთამაშე ქების ღირსია.

- ჩანდა, რომ მეტოქე კარგად შეისწავლეთ...
- ეს ჩვენი სამწვრთნელო შტაბის დამსახურებაა.

- ყველაფრის გათვალისწინებით, ბათუმის "დინამოს" მე-3 ადგილზე აღზევება მაინც ძალიან მოულოდნელი იყო...
- რატომ? მიმაჩნია, რომ თბილისის "დინამოს" თამაშით ვაჯობეთ. მატჩი იმდენად კარგად დავიწყეთ, რომ მეორე გოლის გატანა და თამაშის დასრულება პირველივე ტაიმში შეგვეძლო, მაგრამ რეალური საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ.

- ამაზე არავინ კამათობს, მაგრამ თქვენ ხართ კლუბი, რომელსაც არანაირი ინფრასტრუქტურა არ გააჩნია, ხოლო თბილისის "დინამო" ამ კუთხით საუკეთესოა და ფინანსურადაც ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია...
- ამ კუთხით გეთანხმებით და ახლა ბათუმის "დინამოს" მესამე ადგილი ნამდვილად გმირობის ტოლფასი იყო - ჩვენ ხომ ყველა მატჩს გასვლაზე ვატარებდით... შეღავათი ის იყო, რომ მთელი ქობულეთი ჩვენ გვქომაგობდა და თავს ისე ვგრძნობდით, როგორც - სახლში. მაგრამ ყოველდღე აქეთ-იქით სიარული დიდ ენერგიას გვართმევდა.

მიხარია, ამ დიდი პრობლემების მიუხედავად, გუნდმა საკუთარ თავში ძალა რომ იპოვა და ბრინჯაო მოვიპოვეთ. ლევან ხომერიკმა დიდი სამუშაო გასწია, ბიჭებმაც მთელი სეზონი კარგად ჩაატარეს. მიმაჩნია, რომ წარმატება ნაყოფიერი მომზადების შედეგი იყო.

- საერთოდ, "დინამოსთან" თბილისში თამაში ასე იოლი არ იქნებოდა...
- ეს მაინც საუკეთესო ვარიანტი იყო.

- რატომ?
- ჩვენ თბილისშივე დავამტკიცეთ, რომ ბრინჯაოს მედალს ვიმსახურებდით. არადა, რომ იცოდეთ, 8 საათი გზაში ვიყავით.

- ახლა გუნდისთვის წინსვლა ფინანსურადაც მნიშვნელოვანია. ფეხბურთის განვითარების ფონდიდან ყველა ერთნაირად ფინანსდებით, მაგრამ ევროთასებსა და წარმატებისთვის მიღებული დამატებითი შემოსავალი განსაზღვრავს, ვის ექნება სასტარტო უპირატესობა...
- აბსოლუტურად გეთანხმებით, წარმატება კლუბის ფინანსურ მდგომარეობაზე აისახება, ჩვენ კი დამატებითი შემოსავალი ძალიან გვჭირდებოდა. ახლა მერია და საკრებულო ყველანაირად გვეხმარებოდა და ამას ვერავინ დაივიწყებს.

წარმოიდგინეთ, ავტონომიის ხელმძღვანელი ჩვენი და"შუქურას" თამაშებს მუდმივად ესწრებოდა. როცა გვერდში მდგომი გყავს, ეს ბევრს ნიშნავს. მაგრამ სპონსორიც უნდა დავაინტერესოთ, ეს კი სწორედ წარმატების შედეგად მოდის. ახლა დამატებითი დაფინანსების წყარო ძალიან გვჭირდება.

- ხელისუფლების თანადგომა ახსენეთ. ამის საუკეთესო გამოხატულება ბაზის და სტადიონის აშენება იქნება. თუმცა, სტადიონზე ჯერ მხოლოდ ლაპარაკია, ნოემბერში დასამთავრებელი ბაზის მშენებლობა კი შეჩერდა. 2006 წლის შემდეგ სტადიონის გარეშე ხართ. ბაზისა და ერთი პატარა სტადიონის აშენება ასეთი პრობლემური რატომ გახდა?
- ეს ჩვენ ყველაზე მეტად გვადარდებს. სხვათა შორის, თამაშის შემდეგ აჭარის მეთაურმა ზურაბ პატარაძემ ილაპარაკა, რომ ვითარება აუცილებლად გამოსწორდებოდა. ჩვენ სტადიონი აუცილებლად გვჭირდება. ხომ ნახეთ, "მიხეილ მესხზე" ბრინჯაოს ფინალს თბილისის "დინამოს" გულშემატკივარზე მეტი ჩვენი ფანობა დაესწრო. არადა, თამაში თბილისში იყო და ესეც აჩვენებს, რომ ბათუმში ფეხბურთი უზომოდ უყვართ. თამაში ჩვენთან რომ ჩატარებულიყო, 7-8 ათასი მაყურებელი მაინც მოვიდოდა.

- სამწუხარო ფაქტია, რომ თბილისში ჩვენი ჩემპიონატი არ აინტერესებთ...
- ასე მხოლოდ თბილისში ხდება, თორემ გაიხედეთ, რეგიონებში რა ხდება, ხალხი სტადიონზე სულ დადის. საერთოდ, წლეულს დასავლეთ საქართველოს უპირატესობა გამოიკვეთა: თასი ქუთაისელებმა მოიპოვეს, ჩემპიონობა - სამტრედიელებმა, მეორეზე საჩხერელები გავიდნენ, ჩვენ - მესამეზე. არადა, დასავლეთ საქართველოში თბილისის მსგავსი ინფრასტრუქტურა ნამდვილად არ არის, მაგრამ წარმატებას მაინც ვაღწევთ.

- ევროპალიგაზე გასულ გუნდს გაძლიერება დასჭირდება...
- საამისოდ, ევროპიდან საშუალო დონის ფეხბურთელების ჩამოყვანა მაინც დაგვჭირდება. ბევრს ჰგონია, რომ ისინი მილიონებს ითხოვენ. ასეც არაა, ევროპაში დიდ ფულს ყველა ვერ იღებს, 5-6 ათასად კი საკმაოდ მაღალი დონის მოთამაშეების ჩამოყვანა შეიძლება. ასეთები ევროპაში ნამდვილად არიან. გაძლიერება აუცილებელია, ევროპის ლიგაზე 2 ეტაპი მაინც რომ გადავლახოთ. მესმის, ეს რთული იქნება, მაგრამ საქმე ბათუმის, აჭარისა და მთლიანად, საქართველოს პრესტიჟს ეხება.

- სეზონისთვის მომზადების გეგმა უკვე გაქვთ?
- სავარაუდოდ, 5 იანვარს შევიკრიბებით, თებერვალში უცხოეთში მოვემზადებით, მარტში კი ჩემპიონატი დაიწყება. კარგია, ევროთასებისთვის მზადებას აქედანვე რომ შევუდგებით. ასე გუნდის შესათამაშებლად და ფეხბურთელთა სასურველ კონდიციებში მოსაყვანად ბევრად მეტი დრო გვექნება, ვიდრე ძველი გრაფიკით და ეს ძალიან კარგია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბათუმის დინამომ აქედანვე უნდა დაიწყოს გაძლიერებაზე ფიქრი ნამდვილად შეიძლება საშუალო დონის ლეგიონერების ჩამოყვანა როგორც ევროპიდან ისე სამხრეთ ამერიკიდან.სტადიონი და ბაზა კი აუცილებელია გუნდისთვის.
bebeto
19:47 12-12-2016
0
რეგიონებში ხალხი იმიტომ ესწრება , რო არანაირი სამსახური და გასართობი არაა, და თან სად ესწრება ტრიბუნა არაა არსად, და სადაც თბილისის დინამო ჩადის იმ ერთხელ მიდის ხალხი , / ტელევიზორში ასე ჩანს და რავიცი, ტორპედოს თამაშზე გურიასთან სად იყო ხალხი?!/ თბილისში როცა აზრიანი თამაშია სულ დადის ხალხი, ზირითადად ნაკრების თამაშზე, და იშვიათად დინამოს თამაშზე როცა შესარჩევია , მაგრამ დაბალი დონის ფეხბურთს თამაშობენ და არ ღირს მაგათი ყურება, არც უნდა უყურო სანამ რამეს არ იზამენ... ძალიან ელემენტარულია, თეატრში წახვაალ? როცა იცი რო უნიჭო მსახიობები არიან? არ წახვალ! არც კონცერთზე წახვალ როცა იცი ვიღაცა უხმო მღერს , რათქმაუნდა არ წახვალ, არც კინოში წახვალ როცა იცი რო მოსაწყენი და უაზრო კინო იქნება,, და ასეა თბილისში დინამოც ცოცხალმკვდარი ფეხბურთელებით შექმნილი გუნდი, არანაირი მონდომება არ ეტყობათ, არ აქვთ პასის კულტურა, ვერ დარბიან! ტექნიკაზე ხო საერთოდ აღარაფერს ვამბობ და რა უნდა გულშემატკივარს სტადიონზე ? რას უყუროს? ვის უგულშემატკივროს? და თან რეგიონიდან ჩამოსული გუნდი ხო დინამოზე უარესია..../ პირადად მე მართალი რო ვთქვა თითქმის სულ ვუყურებ , მაგრამ ჩემი ძმაკაცები , ნათესავები , მეგობრები , ახლობლები , მეზობლები ზუსტად აი ამ მიზეზების გამო არ დადიან სტადიონზე..../ ისე ბათუმში სულ მეგონა რომ სტადიონის მშენებლობა დაწყებული იყო :D ჩემ ახლობლებთან რო ჩავედი და ვთხოვე ეჩვენებინათ სად შენდებოდა მაგრად დამცინეს :D :D :D
Vasili
18:14 12-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული