- ბევრჯერ გითქვამთ, რომ საქართველოს ჩემპიონატში ეროვნული ნაკრების დონის მოთამაშეები არ არიან, მაგრამ ახლა ფეხბურთელები სწორედ ქართული გუნდებიდან გამოიძახეთ. მათ შემდეგშიც მიიწვევთ?
- მე არ მითქვამს, რომ საქართველოს ჩემპიონატი სუსტია. მეორე მხრივ, ახლა სანაკრებო "ფანჯარა" არ არის და კლუბები მოთამაშებს თუ არ უშვებენ, ვინ
თუმცა ეს არც პირველი ნაკრებია და არც - მეორე, რადგან ძირითადად ლეგიონერებს ვეყრდნობით ხოლმე. ამ ეტაპზე, მათთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე ლაპარაკი რთულია და ვერ ვიტყვი, მომავალში რომელიმეს თუ მიეცემა ეროვნულ გუნდში თამაშის შანსი. ეს მათზეა დამოკიდებული. საინტერესოა, თავს რომელი მათგანი გამოავლენს...
- მეტოქეებზე რას იტყვით? ამ შემადგენლობით უზბეკეთსა და იორდანიასთან რა შანსი გვაქვს?
- გეცოდინებათ, რომ უზბეკეთს ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავს და წლების განმავლობაში მაღალ დონეზე თამაშობს. მისი ფეხბურთელები რუსეთის ცნობილ კლუბებში, ყატარსა და სხვა ქვეყნებში თამაშობენ. ახლა 4-5 ლეგიონერი ჰყავთ, 70 პროცენტი კი ადგილობრივი მოთამაშეა. უზბეკებთან მძიმე შეხვედრა გველის. მაგრამ მეტოქისადმი პატივისცემის მიუხედავად, მისი ნამდვილად არ გვეშინია.
რაც შეეხება იორდანიას, ამ გუნდის რამდენიმე თამაში ვნახე. სხვათა შორის, ბოლოს უზბეკეთი შეხვდა და 1:0 მოუგო. ვეცდებით, კარგი შედეგი ვაჩვენოთ.
- თუ არიან ფეხბურთელები, რომელთა ხილვაც გსურდათ და კლუბებმა არ გამოუშვეს?
- სასურველი ფეხბურთელებიდან თითქმის არავინ გამოუშვეს. მაგალითად, მსურდა ცინცაძის, პარუნაშვილისა (ბოლო მომენტში, ტრავმირებული თედორე გრიგალაშვილის ნაცვლად, ვლადიმირ ვაისმა ლაშა პარუნაშვილის გამოძახება მოახერხა - ავტ.) და ჯიღაურის ნახვა, ისინი სიაშიც იყვნენ, თუმცა მათი ჩამოსვლა ვერ მოხერხდა.
სულ ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში უცხოეთში მოთამაშე 30 ფეხბურთელია. თუმცა მათგან ამ შეკრებაზე მხოლოდ ხოჭოლავა გვეყოლება. მინდოდა დვალის, კაკაბაძის, ყენიას, სხირტლაძის, კვეკვესკირის და ისეთების გამოძახებაც, რომელთაც ბოლო შეხვედრებში არ უთამაშიათ.
ნაკრებების გარდა, საკლუბო დონეზეც მიმუშავია და ფეხბურთელებს ეროვნული გუნდის შეკრებებზე ყოველთვის ვუშვებდი. ეს ხომ მისი სახელი და შანსია. ასევე, მსურდა არაბიძის ჩამოყვანა, მაგრამ "შახტარს" შეკრებაზე ახლავს და არ გამოუშვეს.
- როგორ შეეწყვნენ ერთმანეთს მოთამაშეები და როგორი განწყობაა გუნდში?
- ჯერ მხოლოდ სამჯერ ვივარჯიშეთ და ვნახავთ, ერთ კვირაში როგორ მოვახერხებთ შეთამაშებას. ჯადოსნური ჯოხი არ მაქვს, რომ ეს უცებ მოვახერხო.
ისე, არაბული და ზივზივაძე "სამტრედიაში" ერთმანეთს მშვენივრად უგებდნენ და ამ შემთხვევაში შეთამაშების პრობლემა არ იქნება. ასევე, შევეცადე, ის მცველები შემერჩია, რომელთაც უკანა ხაზის ცენტრსა და ფლანგებზე ერთმანეთის კარგად ესმით.
- ხომ არ სჯობდა, ამხანაგურები შემოდგომაზე, ფიფას მიერ დადგენილ სანაკრებო დღეებში გაგემართათ?
- მაშინ ეს ვერ მოხერხდა. საერთოდ, მთავარია, ითამაშო და ეს შემოდგომაზე მოხერხდება თუ ზამთარში, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. არჩევანი იანვრის შეკრებაზე გავაკეთეთ, სადაც პერსპექტიულ მოთამაშეებს დავაკვირდებით. ეს აუცილებელი თამაშებია.
მაგალითად, სლოვაკეთმა ახალგაზრდები შეკრიბა და შვეიცარიასთან 0:6 წააგო, მაგრამ ეს არ არის ტრაგედია - სამაგიეროდ, მწვრთნელმა იცის, ვინ ჰყავს რეზერვში და საჭიროების შემთხვევაში, ვისი იმედი უნდა ჰქონდეს.
- რამდენად შეცვლის ეროვნული ნაკრების თამაშის ხარისხს გოგიას, ჯიქიასა და ფარცვანიას საკითხების დადებითად გადაწყვეტა?
- სხვათა შორის, სამივე იყო ჩემს სიაში. ჯიქიაზე რა გითხრათ, უკვე ერთი წელია, ვსაუბრობთ და... არაფერი. ფარცვანიაც და გოგიაც გვაინტერესებს, თუმცა მე რა შემიძლია? - ქართული პასპორტების აღებას ხომ არ ვაიძულებ?! არც ის შემიძლია, საკუთარი ქვეყნისთვის თამაში დავაძალო. ეს მათი პირადი არჩევანია.
ჯიქიას პირადად მეც ველაპარაკე, ისევე, როგორც ლევან კობიაშვილი და დავით მუჯირი. ის სიაში იქნებოდა, მაგრამ ჯიქიას თუ რუსეთის სახელით თამაში სურს, გადაწყვეტილებას მის ნაცვლად მე ვერ მივიღებ. მათ არჩევანი თავად უნდა გააკეთონ...
...ამასთან დაკავშირებით, ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ოთარ გიორგაძემ განმარტა:
"სამივე ეს ფეხბურთელი ფედერაციის ყურადღების ცენტრში იყო და ახლაც არის. ფედერაცია მათთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას ცდილობს, მაგრამ ბევრი რამ თავად ფეხბურთელების სურვილზეა დამოკიდებული".
შემდეგ მორიგი კითხვა ვაისს:
- ბრძანეთ, რომ მიწვეული ფეხბურთელების უმეტესობას პირველად ხედავთ. აბა, როგორ გამოიძახეთ ისინი?
- ჩემპიონატისა და თასის გადამწყვეტი თამაშები ვნახე და წამყვანი გუნდების მოთამაშეები ავიყვანე.
- მოლდოვასთან მატჩის შემდეგ ანალიზის გასაკეთებლად დრო საკმარისი გქონდათ. რა იყო მიზეზი იმ თამაშის ვერმოგების?
- თამაშის შემდეგ ვთქვი, რომ ფრე იყო კოშმარი, მარცხის ტოლფასი... ბიჭებს ძალიან უნდოდათ მოგება და ბოლომდე დაიხარჯნენ გულშემატკივრების გასახარებლად, თუმცა ზედმეტად ემოციურად ითამაშეს, ბევრს ნერვიულობდნენ, ლიდერებმა შესაძლებლობების მაქსიმუმი ვერ აჩვენეს...
სამწუხაროდ, ვერც მჭედლიძე და ანანიძე დაგვეხმარნენ... მაგრამ ასეთია ფეხბურთი. საგოლე მომენტებით არა მხოლოდ მოლდოვასთან, ირლანდია-უელსთანაც ვერ ვისარგებლეთ, რასაც მხოლოდ უიღბლობას ვერ დავაბრალებ - ეს ხარისხის საკითხია. ქვილითაიას მოლდოვასთან რომ გაეტანა, თამაშს დაამთავრებდა.
"სტანდარტულებზეც" ბევრი სამუშაო გვაქვს, რადგან გოლები აქედან გავუშვით. მაგრამ მოლდოვა და ეს ყველაფერი უკვე წარსულია. ჩვენთვის გადამწყვეტი იქნება სერბეთთან შეხვედრა, რათა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის თეორიული შანსი მაინც შევინარჩუნოთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ამ გუნდმა დუბაიში ფრე რომ ითამაშოს, აეროპორტში უნდა დავხვდეთ ყვავილებით.
პ.ს.ყველაფერი უნდა ვიღონოთ,რომ სერბებთან და მოლდოვაში ავიღოთ ექვსი ქულა,რომ შემოდგომამდე დაგვრჩეს სატურნირო მოტივაცია,ვიცხოვროთ იმედით,რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უმთავრეს მიზნამდე დარჩა მხოლოდ... ოთხი უმნიშვნელოვანესი მატჩი!