ქართულმა დელეგაციამ, რომელშიც ხუთი ჟურნალისტიც შედის, მშვენივრად იმგზავრა ნოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვამდე. ვიფრინეთ ორ საათზე ოდნავ მეტი და თბილისის დროით ექვსის ნახევარზე კიშინიოვის მთავარ აეროპორტში დავეშვით.
თუ არ ჩავთვლით ბოლო წამს გამოკლებულ ჯანო ანანიძეს და ლაშა დვალს, ნაკრები სრული შემადგენლობით ჩაფრინდა მოლდოვის დედაქალაქში. ადრევე ვიყავით შეგუებულები იმას, რომ ტრავმების გამო არაერთი ფეხბურთელი დაგვაკლდებოდა.
საქართველოს ნაკრები სასტუმრო ‘"რედისონში" ცხოვრობს, ჩვენ კი ასევე ქალაქის ცენტრში მდებარე "კიშინიოვში" დავბინავდით. თვალის ერთი გადავლებით კიშინიოვში დიდი საფეხბურთო აჟიოტაჟი არ იგრძნობა. ეგაა, ჩამოვედით თუ არა, აეროპორტში რამდენიმე მოლდოველმა ქომაგმა სურათები გადაიღო ვლადიმირ ვაისთან.
თბილისის დროით 19 საათსა და 30 წუთზე ვაისი წინასამატჩო პრეკონფერენციას გამართავს, მერე კი საქართველოს ნაკრების ვარჯიში იქნება.
ალეკო კაკაურიძე კიშინიოვიდან
სპეციალურად Spotall.ge-სთვის