საქართველო-ესპანეთი 2:7
0:1 ისკო (4), 0:2 მორენო(11), 0:3 ისკო (23), 0:4 მორენო (28), 0:5 მორენო (29), 0:6 კანალესი (41), 1:6 მარტინესი (52.ს.კ), 1:7 ბარტრა (62), 2:7 კვეკვესკირი (88)
საქართველო ესპანეთი
4-2-2-1-1 4-3-3
მაკარიძე დე ხეა
აფაქიძე მალო
კვერკველია ბარტრა
კაკუბავა ამატი
ჯიშკარიანი პლანასი
ჭანტურია რომეუ ვიდალი
თარხნიშვილი კანალესი
კვეკვესკირი მუნიანი
შეყილაძე ილარამენდი
ძალამიძე მორენო
მჭედლიძე ისკო
მწვრთნელი: მწვრთნელი:
ო. გაბელია ლ. მილა
46.ჯიშკარიანი-იოსელიანი
67. ძალამიძე-ოქრიაშვილი
75.ჭანტურია-ყაზაიშვილი
სათადარიგოები: ზარქუა, ბრაჭული, ბეგლარიშვილი, ქობალია.
30.ამატი-მარტინესი
60. ილარამენდი-პერესი
66.როანი-ვასკესი
სათადარიგოები:
მაილო, ფერნანდესი, სერხიო რობერტო, ტელო,
გაფრთხილება: აფაქიძე(55), იოსელიანი(61), ვასკესი(74)
არბიტრი: სტიუარტ ეტუელი (ინგლისი)
რა
სამწუხაროდ, ქუთაისში ფეხბურთი მხოლოდ ესპანელებმა ითამაშეს, ჩვენებს კი მათთან ბრძოლის და ღირსეულად დამარცხების უნარიც არ აღმოაჩნდათ. მართალია, ჩვენი გუშინდელი მეტოქე ევროპის მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია, მაგრამ ასეთ ჯოჯოხეთურ მარცხს ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა. თუმცა, 2:7 რა მოსატანია: შესვენებამდე, 0:6-ისას, ჩვენი დემორალიზებული გუნდის შემხედვარე მაყურებელი იმას შიშობდა, სულაც ორნიშნა რიცხვით არ წაგვეგო...
ესპანელებმა აქცენტი სწრაფ გოლზე გააკეთეს და ქართველებს ,,მისალმებაც არ აცადეს": ისკომ ჩვენი მცველების უნიათობით ისარგებლა, როდრიგო მორენოს მიერ დარტყმულ და მაკარიძის მიერ მოგერიებულ ბურთს დაამატა და ტრიბუნები მე-4 წუთზევე დაადუმა.
სტუმრებმა უფრო აქტიურად განაგრძეს გაბელიას გუნდის შევიწროვება, ბურთს აკონტროლებდნენ და ,,ბარსელონას" ყაიდაზე, მოკლე პასებითა და ინდივიდუალური გარღვევებით ჩვენს დაცვას სტატისტის როლში ამყოფებდნენ. ბრწყინვალედ მოთამაშე მუნიანის, კანალესის, მორენოსა და როანის შეჩერების რესუსრსი არ ჩანდა.
მიუხედავად ესპანელთა უპირატესობისა, ქართველებს მალევე შეეძლოთ გათანაბრება და ჭანტურიას პასით მეკარესთან პირისპირ დარჩენილ მჭედლიძეს შანსი რომ გამოეყენებინა. მე-11 წუთზე მორენომ ჩვენი მცველების ბედოვლათობით ისარგებლა და მეორეც გაგვიტანა, რასაც სულ მალე ისკოს ბრწყინვალე გოლიც მოჰყვა.
ესპანელი კარგად გასცდა კაკუბავას და წინ გამოსულ მაკარიძეს ბურთი თავზე გადაუგდო - 3:0.
ამის შემდეგ ჩვენი გუნდი მთლიანად მოიშალა. ესპანელებს რაც მოესურვებოდათ, იმას აკეთებდნენ. მათ ყველაფერი ძალიან იოლად გამოსდიოდათ. ხუთიოდე წუთში ტრიბუნებზე მყოფმა 100-მდე ესპანელმა გულშემატკივარმა კიდევ ერთი გოლი იზეიმა. მორენომ ყველაფერი უზადოდ შეასრულა და - 0:4. წუთიც არ იყო გასული, რომ ,,ბენფიკას" თავდამსხმელმა ჰეთ თრიკი შეასრულა.
სამწუხაროდ, გულშემატკივრების ერთმა ნაწილმა მეხუთე გოლის შემდეგ საბოლოოდ ჩაიქნია ხელი თავისიანების ქომაგობაზე და ჯარიმის დასარტყმელად გამზადებულ სერხიო კანალესს კიდევ ერთი გოლის გატანისკენ მოუწოდა... ვალენსიელმაც, თითქოს მათი შეძახილი შეისმინაო, საჯარიმო დარტყმა უზადოდ შეასრულა და მაკარიძეს შანსი არ დაუტოვა.
ცხადია, ჩვენი ახალგაზრდების გუშინდელი თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და გულშემატკივრებმაც თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს, მაგრამ ასეთ საქციელს გამართლება მაინც არ აქვს.
მეორე ტაიმის დასაწყისში კიდევ რამდენჯერმე გადავრჩით და, ჩვენ რომ ვერაფერს გავხდით, თავად ესპანელებმა დაგვასაჩურეს: მარტინესმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. ბარსელონელმა ბარტრამ თანაგუნდელის შეცდომა მალევე გამოასწორა და თავურით მეშვიდედ აიღო მაკარიძის კარი. მატჩის მიწურულს კვეკვესკირმა შესანიშნავი გოლი გაიტანა და ჩვენც იმით თუ ვინუგეშებთ თავს, რომ ამ მატჩში გოლები მხოლოდ ესპანელებს არ გაუტანიათ და საერთოდაც, მეორე ტაიმი ქართველების გამარჯვებით დასრულდა (2:1)... ოთხ დღეში ესპანელებთან ლუგოში მეორე მატჩი გველის და იმედია, იქ სულ სხვანაირ საქართველოს ნაკრებს ვიხილავთ.
პრესკონფერენცია
ოთარ გაბელია: ,,ძალიან ცუდად ვითამაშეთ. ვარჯიშების დროს ფეხბურთელებს ვაფრთხილებდი, ზურგს უკან კაცი არ გაგეპაროთ-მეთქი და პირველი და მეორე გოლებისას სწორედ ეს დაემართათ. უყურადღებობის გამო ორი ბურთი დებიუტშივე მივიღეთ, მესამე გოლის შემდეგ კი გუნდი საერთოდ მოიშალა.
ესპანეთი ევროპის ჩემპიონია და რთულია მასთან თამაში, მაგრამ ჩვენი სუსტი თამაშით ესპანელებს კიდევ უფრო გავუადვილეთ საქმე. ზოგიერთმა ჩვენს მიერ მიცემულ დავალებებს საერთოდ ვერ გაართვა თავი. მწარე მარცხი ვიწვნიეთ, მაგრამ ერთი თამაშით ყველაფერი არ მთავრდება. "არსენალმა"-"მანჩესტერთან" 2:8 რომ წააგო ფეხბურთის თამაშს უნდა დაანებოს თავი?
სამწუხაროდ, ჯერჯერობით ჩვენს ფეხბურთელებს ესპანეთისნაირ გრანდებთან თამაში უჭირთ. ეს ფიასკო ამათთვის კარგი გაკვეთილი იქნება. ზოგიერთი შეშინებული თამაშობდა, ფერი არ ედო სახეზე. ყველა თამაშში უნდა იბრძოლონ, უნდა მიეჩვიონ გრანდებთან თამაშს და ფეხბურთზე უნდა იფიქრონ მეტი. ზოგს ფეხბურთელი ჰგონია თავი, არადა ჯერ არაფრისთვის მიუღწევია. მეორე მატჩისთვის ცვლილებები იქნება, მაგრამ ეროვნული ნაკრები არა ვართ, რომ 15 ფეხბურთელი გავუშვათ და სხვები გამოვიძახოთ. შესარჩევი ახლა დაიწყო და ასეთი მარცხის მიუხედავად, ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს.
ლუის მილლა: "ევროპის მოქმედი ჩემპიონები ვართ და ქუთაისური შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ისევე როგორც საქართველოსთვის, რომელმაც პირველ მატჩში სტუმრად ხორვატია დაამარცხა. რთული თამაშის მოლოდინში ვიყავი. სწრაფმა გოლებმა საქმე გაგვიადვილა და ლამაზი გამარჯვება მოვიპოვეთ.
ჩვენთვის გამარჯვება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ანგარიში. ვფიქრობ, რომ ესპანური შეხვედრა უფრო დაძაბული და რთული იქნება. საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმში უკეთ ითამაშა და ჩვენ ამ გამარჯვების გამო მოდუნებისა და მეტოქის შეუფასებლობის უფლება არ გვაქვს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"