მკითხველთა უმრავლესობამ მატჩი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხით იხილა. ამიტომაც მის პერიპეტიებზე ვრცლად არ შევჩერდებით და ჩვენი ეროვნული გუნდის თამაშს მოკლედ შევაფასებთ.
ის სასტარტო თერთმეტეული, რომელიც თემურ ქეცბაიამ თურქების წინააღმდეგ გაამწესა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოპტიმალურთან მიახლოებულია.
რასაკვირველია, მსოფლიოს 2014 ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის გარკვეულ პოზიციებზე ცვლილებებიც მოსალოდნელია, მაგრამ უნდა შევთანხმდეთ, რომ გუშინ საქართველოს ნაკრებს აუნაზღაურებელი დანაკლისი არ ჰქონია.
სწორედ ამის ფონზე
თუკი გასულ შესარჩევ ციკლში ჩვენი მთავარი პრობლემა შეტევა იყო, ამჯერად წინა ხაზზე მცირედი უკეთესობა შეინიშნებოდა. სამაგიეროდ, საოცრად არაორგანიზებული იყო ქართული დაცვა, რასაც ყველაზე ნაკლებად ველოდით.
ვერ გეტყვით, არის თუ არა ამის მიზეზი კახა კალაძის ნაკრებიდან და საერთოდ, ფეხბურთიდან წასვლა - ამ შეკითხვაზე უფრო ნათელ პასუხს მომდევნო მატჩები გაგვცემს. თურქეთთან მატჩში კი, ფაქტია, რომ პირველი ორი გოლი დაცვის ხაზში დაშვებული უხეში შეცდომების ბრალი იყო.
სხვა მხრივ, საქართველოს ნაკრების ტაქტიკასა თუ სტრატეგიაში მოულოდნელი და ახალი არაფერი გვინახავს - ქეცბაიამ გუნდი ისევ ერთი გამოკვეთილი ფორვარდით ათამაშა, თურქთა სწრაფი გოლის შემდეგ კი ქართველებმა თამამად შეუტიეს და მეტოქის უკანა ხაზს გარკვეული პრობლემებიც შეუქმნეს.
კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენი ახალი ფორმაციის ნაკრების პოტენციური ლიდერები დავით თარგამაძე და სანდრო კობახიძე არიან.
მოკლედ შეხვედრის ძირითადი მომენტებიც გავიხსენოთ - მე-12 წუთზე ქართული დაცვის ცენტრი ჩავარდა და თურქეთის ნაკრების კაპიტანმა ჰამით ალტინტოპმა თავისი გუნდი თავურით დააწინაურა.
შეტევაზე გადასულ ქართველებს ანგარიშის გათანაბრების შანსი სამიოდე წუთში მიეცათ, მაგრამ ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფმა ჯაბა კანკავამ დარტყმა დააყოვნა და თურქთა მცველი ბურთს გადაეფარა.
ამას უკვე მეტოქის ორი სახიფათო იერიში მოჰყვა - ჯერ კონტრშეტევისას ისმაელმა ააცილა მახვილი კუთხიდან, შემდეგ კი გიორგი ლორიამ გიოქჰანის დარტყმა მოიგერია.
39-ე წუთზე კი ქართული დაცვის ცენტრმა კიდევ ერთი უპატიებელი შეცდომა დატოვა და ჩვენ გუნდის კარი ამჯერად მადრიდის "რეალის" მეორე ფეხბურთელმა, ნური შაჰინმა დალაშქრა.
ქართველი მცველების მორიგი უპატიებელი შეცდომით კი სერქანმა ვერ ისარგებლა, რომელსაც ლორიამ არ გაატანინა.
მეორე ტაიმის საწყისი ნაწილი ქართველთა უპირატესობით წარიმართა და თარგამაძის გოლიც კანონზომიერი იყო - ნიკოლოზ გელაშვილის პასი კანკავამ მახვილგონივრულად გაატარა და საქართველოს ნაკრების 10-მა ნომერმა აუღელვებლად გაიტანა.
ეს 51-ე წუთზე მოხდა, 55-ეზე კი გათანაბრებამდე მცირედი დაგვაკლდა. ალექსანდრე ამისულაშვილის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა თურქთა მეკარემ მოიგერია, ხოლო დამატებაზე ლევან მჭედლიძემ მას ბურთი სახეში გაარტყა, რამაც ცოტა ხანში მეტოქის კიპერის შეცვლა გამოიწვია.
ამის შემდეგ ქართული უპირატესობის ტალღამ ნელ-ნელა გადაიარა და თამაშის ტემპი დაეცა. ქეცბაიას შეგირდები თამაშს ვეღარ ამწვავებდნენ, მეტოქეს კი შექმნილი ვითარება სავსებით აძლევდა ხელს და თურქები თავადაც აღარ აქტიურობდნენ.
თუმცა ბოლო სიტყვა მაინც მათ თქვეს - მურთაზ დაუშვილს საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა და თერთმეტმეტრიანი სელჩუკმა გაგვიტანა. ანგარიშის შემცირების საშუალება ნიკა ძალამიძემ ვერ გამოიყენა, მისი დარტყმა მეკარემ მოიგერია და მსაჯის საფინალო სასტვენის ხმაც მალე გაისმა.
როგორც თავში ვთქვით, შედეგი ლოგიკური იყო, საქართველოს ნაკრებისგან კი ამაზე უფრო ხარისხიან თამაშს არც ველოდით. სხვა საქმეა, რომ ამდენი ხარვეზის მქონე გუნდს შესარჩევი ციკლისთვის მეტ-ნაკლებად ხეირიანად მოსამზადებლად მაქსიმალური რაოდენობის ამხანაგური მატჩები სჭირდება.
შედარებისთვის, თურქები ამ შეკრებაზე ხუთ ამხანაგურს ატარებენ. გასაგებია, რომ მათ ფეხბურთის ფედერაციას ძლიერი სპარინგ-პარტნიორების მოსაძებნად გაცილებით დიდი გასაქანი აქვს, მაგრამ ახლა მთელ მსოფლიოში ამხანაგურების ბუმია და სფფ-ს დამატებითი, თუნდაც არცთუ სახელოვანი მეტოქეების მოსაძებნად მეტი მუშაობა მართებდა.
24.05. ზალცბურგი. რედ ბულ არენა. 700 მაყურებელი
საქართველო-თურქეთი 1:3 (იხილეთ ვიდეო)
0:1 ჰამით ალტინტოპი (12. სერქანის პასით), 0:2 შაჰინი (39), 1:2 თარგამაძე (51. გელაშვილის პასით), 1:3 სელჩუკი (82. პენ.)
საქართველო თურქეთი
4-2-3-1 4-2-3-1
ლორია ჩენქი
ლობჟანიძე ეგემენი
კაშია ისმაელი
ამისულაშვილი მეჰმეთ თოფალი
დ. კვირკველია სერდარი
კანკავა ტოპრაკი
ხიზანიშვილი შაჰინი
თარგამაძე ჰამით ალტინტოპი
ს. კობახიძე მუსაქა
გელაშვილი სერქანი
დვალიშვილი გიოქჰანი
მწვრთნელები
თ. ქეცბაია ა. ავჩი
საქართველო
46. ლობჟანიძე - დაუშვილი
46. დვალიშვილი - მჭედლიძე
63. დ. კვირკველია - ფოფხაძე
65. თარგამაძე - ოქრიაშვილი
72. კანკავა - ლიპარტია
89. გელაშვილი - ძალამიძე
სათადარიგოები: რევიშვილი, მიგინეიშვილი, ხუბუტია, ს. კვირკველია, ყენია
თურქეთი
57. შაჰინი - სელჩუკი
57. გიოქჰანი - არდა თურანი
61. მუსაქა - უმუთი
62. ჩენქი - მერთი
70. ალტინტოპი - ჩანერი
გაფრთხილება: ტოპრაკი (79), მჭედლიძე (90)
არბიტრი: მ. ჰამეტერი (ავსტრია)
რეალელების დაწყებული საქმე სელჩუკმა დაასრულა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ციკლიდან მიანც არაფერი გვეშვლება ქართველებს
გუშინ ვარძელაშვილმა საფეხბურთო გადაცემაში ობოლაძესთან ირონიულად თქვა,ს.ფ.ფ. ში პროფესიონალიზმზე არ ვსაუბრობ ყველა მაგრები ვართო და გვერდით სიჭინავა უჯდა.ჯერ ხომ თვითონ სპორტის "კარუზოა"და სიჭინავა საერთოდ უკომენტაროდ და დიმამ დაუმოწმა აბა რაო!. ეგიც მაგარი შემძრომი ჯმჯიდან უნდა მოაცილონ ისეთ კარგ კოლექტის აფუჭებს.