ბელორუსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი კონდრატიევის პრესკონფერენცია ამის შემდეგ გაიმართა.
- რას იტყვით მეტოქეზე?
- საქართველოს ნაკრები თანაბრად დაკომპლექტებული, საკმაოდ მებრძოლი და ტექნიკური გუნდია. გამოვარჩევდი ჯანო ანანიძეს, დავით თარგამაძესა და ალექსანდრე ამისულაშვილს.
ვერ ვიტყვი, რომ ისინი ვარსკვლავები არიან, მაგრამ საკმაოდ მაღალ დონეზე თამაშობენ.
იმედი მაქვს, რომ თბილისში მაყურებელი საინტერესო და შინაარსიან ფეხბურთს იხილავს.
- თამაშს "პირველ ნომრად" აპირებთ?
- ნამდვილად არ ჩავიკეტებით და შევეცდებით, მეტოქეს საკუთარი
მინდა, ჩემს ფეხბურთელებს ჩავაგონო, რომ მხოლოდ დაცვაში დგომით ვერაფერს მივაღწევთ და დავარწმუნო ისინი, რომ ხშირად ხუთი-ექვსი კაცით შეტევაში გადასვლით არაფერი დაშავდება.
ბუნებრივია, არ ვგულისხმობ ისეთი დონის გუნდებთან თამაშს, რომლებიც გასაქანს არ მოგცემენ და საკუთარ საჯარიმოს მიგაჯაჭვავენ.
- ალექსანდრ გლების არყოფნა თქვენი გუნდისთვის დიდი დანაკლისია?
- გლები შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ბოლო დროს ხშირად ტრავმიანობს და ბელორუსის ნაკრები მის გარეშე თამაშს უკვე მიეჩვია. ასე რომ, შევეცდებით, გლების გარეშე ამჯერადაც გავიდეთ ფონს.
- ბატე-სა და ბელორუსის ოლიმპიური ნაკრების წარმატება გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ ბელორუსული ფეხბურთი პროგრესს განიცდის?
- არა. სანამ საფუძველს არ მივხედავთ, წინსვლა შეუძლებელი იქნება. ჩვენთან ბავშვთა ფეხბურთში ბევრი რამ არის გამოსასწორებელი. სანამ საფეხბურთო აკადემიები და ინტერნატები არ მოძლიერდება, წინ ვერ წავალთ. ამ კუთხით ძალიან ჩამოვრჩებით ჩვენს მეზობლებს: რუსეთს, უკრაინასა და პოლონეთს...
- ვერხოვცოვმა და როდიონოვმა ტრავმები მოიშუშეს?
- დიახ, სათამაშოდ ორივე მზადაა.
- საქართველოსთან მატჩისთვის ძირითადი შემადგენლობა უკვე შერჩეული გაქვთ?
- თერთმეტიდან ცხრა კაცი უკვე შევარჩიე, ორი პოზიციის თაობაზე კი გადაწყვეტილებას მატჩის დღეს, დილის მოთელვის შემდეგ მივიღებ.
- გუნდში საბრძოლო განწყობაა?
- ერთი შეხედვით, ასეა. თუმცა ფეხბურთში მხოლოდ განწყობა არაფერს ნიშნავს. ფეხბურთი მეც მითამაშია და ხშირად მომხდარა, როცა მატჩის დილას ჩინებულ განწყობაზე ვყოფილვარ და მოედანზე არაფერი გამომსვლია; და პირიქითაც ყოფილა, მატჩზე უგულოდ გავედი და უმაღლეს დონეზე ვითამაშე.
- მოედნის ხარისხით კმაყოფილი ხართ?
- მოედანიც და სტადიონიც შესანიშნავია. ფეხბურთელობისას ამ სტადიონზე ბევრჯერ მითამაშია და ქართველი გულშემატკივრების ობიექტურობითა და ფეხბურთის ცოდნით ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი.
- რატომ იძახებთ ნაკრებში ბატედან ცოტა ფეხბურთელს?
- ამ გუნდიდან ექვს კაცს ვუხმე, საიდანაც საქართველოსთან შეხვედრაში ძირითადში, ალბათ, ორი მოხვდება. ზოგის აზრით, ეს ცოტაა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ბელორუსული ფეხბურთი მხოლოდ ბატე არ არის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გეორგი კონდრატიევი: ქართველების წინააღმდეგ მხოლოდ ერთი გეგმა დამრჩა
მეტოქე: რეპორტაჟი ბელორუსის ნაკრების პირველი ვარჯიშიდან
მეტოქე ბელორუსი - პირველი შეხვედრა პროგრესირებად მეტოქესთან