საქართველო-ბელორუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]

AutoSharing Option
7 სექტმებერს, საქართველოს ნაკრებმა მატჩის წინ დასახული მიზანი შეასრულა - თემურ ქეცბაიას გუნდმა, რომელიც მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში "სიკვდილის ჯგუფში" მოხვდა, ტურნირი გამარჯვებით დაიწყო.

ეს კი მნიშვნელოვანი მხოლოდ გუნდის შიდა ატმოსფეროსთვის კი არა, პრაგმატული თვალსაზრისითაც არის - უშუალო კონკურენტის დამარცხებით ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა საკუთარ აქტივს პირველი სამი ქულაც შესძინა და ესპანეთთან მოახლოებული დაპირისპირების წინ ჩინებული განწყობაც შეიქმნა.

საქართველოს ნაკრებს საქმე არცთუ ხელწამოსაკრავ მეტოქესთან ჰქონდა, რომელმაც მასპინძლებს საკმაო თავსატეხი გაუჩინა და პირველ ტაიმში აჯობა კიდეც, თუმცა შესვენების შემდეგ ჩვენი
გუნდი უფრო მძლავრად ათამაშდა და მეტოქისგან განსხვავებით, ბოძებული საგოლე შანსიც გამოიყენა.

ჩვენი ნაკრების სასტარტო შემადგენლობასა და ტაქტიკა-სტრატეგიაში განსაკუთრებული სიურპრიზები ნამდვილად არ ყოფილა. ტრავმირებული სანდრო კობახიძე ძირითადში თორნიკე ოქრიაშვილმა შეცვალა, რომელსაც წილად ამ მატჩის გმირობა ხვდა (იხილეთ ვიდეო).

თუკი საქართველო-ესპანეთზე სრული ანშლაგია მოსალოდნელი, 7 სექტმებერს ეროვნული სტადიონის ტრიბუნები სანახევროდაც გაჭირვებით შეივსო.

თუმცა ტრიბუნებზე შეკრებული პუბლიკისგან საქართველოს ნაკრებს ენერგიული მხარდაჭერა არ მოჰკლებია.

როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში დიდად სანახაობრივი ვერ გამოდგა, მაგრამ დროდადრო შინაარსიანი შეტევების მომსწრენი მაინც ვხდებოდით ხოლმე - პირველ ტაიმში უმეტესად ბელარუსების შესრულებით.

საწყის 45 წუთში სტუმრებს დაწინაურების სამი ხელსაყრელი შესაძლებლობა მიეცათ. პაველ ნეხაიჩიკის დარტყმა გიორგი ლორიამ მოიგერია, სერგეი ბალანოვიჩსა და ანტონ პუტილოს კი წინ გურამ კაშია გადაეღობა.

შესვენებამდე ქართველთაგან ყველაზე დასამახსოვრებელი დავით თარგამაძის მიერ მახვილი კუთხიდან შესრულებული დარტყმა იყო, რომელიც მეკარემ კუთხურზე მოიგერია.

პირველ ნახევარში ბელარუსებმა მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვეს - ყველა რგოლში კარგად ორგანიზებული გუნდიც ვნახეთ და მაღალი დონის ინდივიდუალისტებიც.

საბედნიეროდ, მეორე ტაიმში ქართველებმა მოწინააღმდეგეს თამაშის სადავეები წაართვეს, რაშიც, ბუნებრივია, დიდი როლი ითამაშა გოლმა.

ოქრიაშვილმა
შესანიშნავი ფინტებით მეტოქის ორი მცველი სახტად დატოვა და ბურთი არცთუ ძლიერად მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში გაგზავნა - 1:0.

ცოტა ხანში ქეცბაიამ ლევან მჭედლიძე შეცვალა და შუა ხაზი გააძლიერა. ქართველები ყრუ დაცვაში არ ჩამდგარან, თუმცა, რა თქმა უნდა, ისე მოქმედებდნენ, როგორც დაწინაურებულ გუნდს შეეფერება.

ბელარუსები მეორე ტაიმშიც ბევრს ეცადნენ გატანას, მაგრამ მოედნის ცენტრი ვერაფრით მოიგეს და მხოლოდ ეპიზოდურად უტევდნენ, თუმცაღა მაინც სახიფათოდ - 59-ე წუთზე სერგეი კორნილენკო ჩვენს საჯარიმოში რამდენიმე მეურვეს გასცდა, მაგრამ შეტევა ვერ დააგვირგვინა.

შეხვედრის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე სტუმართა რიგებში მესამე ცვლილება განხორციელდა - სამივე შეცვლა იძულებით ხასიათს ატარებდა. თითქოს სწორედ ამის შემდეგ კიდევ უფრო მძაფრად იგრძნობოდა, რომ სტუმრები თამაშის გადამრჩენები არ იყვნენ.

თუმცა 86-ე წუთზე მაინც შეეძლოთ მიზნის მიღწევა - ლორიამ მაქსიმ ბორდაჩოვის შორეული და საკმაოდ რთული დარტყმა მოიგერია.

ბულგარელმა არბიტრმა სტანისლავ ტოდოროვმა, რომლის მსაჯობითაც უკმაყოფილების საფუძველი არ უნდა გვქონდეს, მატჩის ძირითად დროს სამი წუთი დაამატა და ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი ნაკრების კარს საფრთხე აღარ დაჰმუქრებია.

მოკლედ, ახალი ციკლის პირველი ამოცანა წარმატებით შესრულდა და იმის იმედიც გაჩნდა, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფში ნორმალურ შედეგებს აჩვენებს. ჩვენი გუნდის თამაშის ხარისხი კი ცალკე განსახილველი თემაა და სჯობს, ამაზე ემოციების განელების შემდეგ ვისაუბროთ.

წინ ესპანეთთან მატჩია და ვფიქრობთ, ბელორუსთან გამარჯვებამ ჩვენს ბიჭებს იმის საშუალება მისცა, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან სტრესის გარეშე ითამაშონ.

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. პირველი მატჩებ
7.09. თბილისი. ეროვნული. 20 000 მაყურებელი
საქართველო-ბელარუსი 1:0 (იხილეთ ვიდეო)
გოლი: 1:0 ოქრიაშვილი (51)

საქართველო ბელარუსი
4-2-3-1 4-2-3-1
ლორია ვერემკო
კაშია ტიგორევი
ხიზანიშვილი პოლიაკოვი
ამისულაშვილი მარტინოვიჩი
გრიგალავა ვერხოვცოვი
კანკავა კულჩი
დაუშვილი ჟავრენჩიკი
თარგამაძე ნეხაიჩიკი
ანანიძე ბრესანი
ოქრიაშვილი პუტილო
მჭედლიძე კორნილენკო

მწვრთნელები:
თ. ქეცბაია გ. კონდრატიევი

საქართველო
56. მჭედლიძე - კვირკველია
75. ანანიძე - გორგიაშვილი
83. ოქრიაშვილი - სირბილაძე
სათადარიგოები: კვასხვაძე, ლობჟანიძე, ხუბუტია, რეხვიაშვილი, ფოფხაძე, მაისურაძე, გურული, ძალამიძე

ბელარუსი
30. ნეხაიჩიკი - ბორდაჩოვი
34. ჟავრენჩიკი - ბალანოვიჩი
62. ტიგორევი - დრაგუნი
სათადარიგოები: ჟევნოვი, შიტოვი, ტრუბილო, რადკოვი, ხაჩატურიანი, კოველი, კისლიაკი, როდიონოვი

გაფრთხილება: კანკავა (30), მარტინოვიჩი (54), ლორია (86)

არბიტრი: ს. ტოდოროვი (ბულგარეთი)

* * *
ფრანგებმა დაგეგმილი სამი ქულა არცთუ იოლად მოიპოვეს, მაგრამ მაინც შეძლეს და მუნდიალის საკვალიფიკაციო ტურნირი გამარჯვებით დაიწყეს.

ჩვენს ჯგუფს გამოკვეთილი აუტსაიდერი არ ჰყავს და ამიტომაც თითოეულ ქულას აქ განსაკუთრებული ფასი აქვს. აბუ დიაბის გოლმა დიდიე დეშამის გუნდს საკმაოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

რაკი ესპანეთი პირველი ტურისგან თავისუფალია, ფრანგები ბელარუსთან გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფის სატურნირო ცხრილს ოქტომბრის მატჩებამდე სათავეში ჩაუდგებიან - რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ საქართველომ ესპანეთს არ მოუგო...

ფინეთი-საფრანგეთი 0:1
გოლი: 0:1 დიაბი (20)

ფინეთი: ჰრადეცკი, არკივუო, ჰალსტი, მოისანდერი, ტოივიო, რ. ერიომენკო, ჰეტემაი (65. ა. ერიომენკო), სპარვი, ჰამალაინენი (78. კუქი), რინგი, პუკი.

საფრანგეთი: ლორისი, რევეილერი, სახო, იანგა-მვიბა, ევრა, რიბერი (89. გომისი), მავუბა, მენეზი (62. ვალბუენა), კაბაიე (72. მატუიდი), დიაბი, ბენზემა.

11 სექტემბერი
საქართველო-ესპანეთი
საფრანგეთი-ბელარუსი

ჩვენი ოქრო ბელარუსთან (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თემურ ქეცბაია: ახლა ბიჭები ესპანეთთან თამაშს მოუთმენლად ელიან
გეორგი კონდრატიევი: საქართველომ ჯგუფიდან გასვლის პერსპექტივა მოგვისპო
მკითხველის კომენტარები / 5 /
ნაღდი ქართული გოლი რას ნიშნავს ერთი საინტერესოა - სხვა გატანილი გოლები ჩვენი ნაკრების მიერ ჩუჩმეკური გოლები იყო თუ რისი თქმა სურდა ავტორს

გოლს თუ ნაციონალობა ქონდა არ ვიცოდი
ოთარი
15:54 09-09-2012
0
მეორე ტაიმში მწვრთნელმა სწორი მითითება მისცა, ცენტრში ბრძოლის მოგება. ესპანეთთან თუ გვინდა რაიმე გამოგვივიდეს ერთი წამით არ შეიძლება სხვა რამეზე ფიქრი.
ilia
18:40 08-09-2012
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული