ფინეთი-საქართველო 1:1 - მონაგარიც და დანაკარგიც [VIDEO]

AutoSharing Option
ექვს წელიწადზე მეტია, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ოფიციალური გასვლითი მატჩი არ მოუგია. 12 ოქტომბერს თემურ ქეცბაიას გუნდი ამ უსიამოვნო სერიის შეწყვეტასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ძალიან ხელსაყრელი სიტუაცია ვერ გამოიყენა და ქულას დასჯერდა.

ზოგადად, ფინეთში მიღწეულ ფრეს ჩვენი კლასის ნაკრებისთვის ურიგო შედეგი ნამდვილად არ ეთქმის, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რა მოვლენებიც მოედანზე განვითარდა, საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მართებდა.

როცა დაწინაურდები და მეტოქე მალევე რიცხვნაკლული დარჩება, ვალდებული ხარ, უპირატესობა შეინარჩუნო, თუმცა ქართველებმა ეს ვერ შეძლეს და ათკაციან მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცეს.

ჰელსინკიში საქართველოს
ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში სიურპრიზები არ ყოფილა. ტრავმირებული გიორგი ლორიას ნაცვლად ქეცბაიამ კარში ადგილი ნუკრი რევიშვილს ანდო, რომელიც კლუბში ბოლო დროს არასისტემატურად თამაშობს.

პირველი ტაიმი ძალიან უსახური სანახავი გამოდგა და გასახსენებელიც ბევრი არაფერი დაგვიტოვა. შესვენებამდე მცირე ხნით ადრე სტუმრები გააქტიურდნენ და გურამ კაშიას თავური ფინელთა მეკარემ მოიგერია.

მატჩის მეორე ნახევარი კი შინაარსიანი და საინტერესო მოვლენებით აღსავსე იყო. შეტევების ორგანიზებას ორივე გუნდი ახერხებდა და იგრძნობოდა, რომ რომელიმე მათგანი ანგარიშს აუცილებლად გახსნიდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძლებმა ორი სახიფათო იერიში განახორციელეს - ჯერ კაშიამ განმუხტა ხიფათი, შემდეგ კი კასპერ ჰამალაინენმა მახვილი კუთხიდან ბურთი ძელს გაარტყა.

56-ე წუთზე კი ჩვენები დაწინაურდნენ - დავით თარგამაძის მიერ მოწოდებულ კუთხურს კაშიას თავური მოჰყვა, საქართველოს ნაკრების მცველს მცირე რიკოშეტიც დაეხმარა და ბურთი ფინელთა კარის ბადეში აღმოჩნდა.

სამიოდე წუთში ფინელები ერთი შეხედვით, გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ - ალექსეი ერიომენკომ ჩვენს საჯარიმოში ხელით ითამაშა და მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.

ქეცბაიამ ერთდადერთი ფორვარდი, ლევან მჭედლიძე შეცვალა, თუმცა ამ სვლამ ვერ გაამართლა. ფინეთის ნაკრებმა წონასწორობა სულ მალე აღადგინა, რასაც მხოლოდ ჰამალაინენის ინდივიდუალური ოსტატობით მიაღწია.

გოლი ბრწყინვალე გამოვიდა - ფინელთა ფორვარდმა ჯერ ზურაბ ხიზანიშვილი დაჯაბნა, შემდეგ კი რევიშვილმა დაუშვა უხეში შეცდომა და ბურთი ახლო კუთხეში გაუშვა.

დარჩენილმა დრომ ქართველთა უპირატესობით ჩაიარა, თუმცა ქეცბაიას ფეხბურთელებმა სიტუაცია სათავისოდ ვეღარ შეატრიალეს. ალექსანდრე კობახიძისა და ჯანო ანანიძის დარტყმები მაღალ დონეზე მოთამაშე მაენპაამ მოიგერია, ჯაბა კანკავას კი მიზანმა უმტყუნა.

საბოლოოდ, ფრე, რომელიც ამ შემთხვევაში არა სასიხარულო, არამედ გულდასაწყვეტია. წინ კი უქულო და გამარჯვებას მოწყურებული ბელარუსთან გასვლითი ჯახია, სადაც, უნდა ვივარაუდოთ, რომ უფრო მძიმე ბრძოლა გველის.

იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ნაკრებმა ფინეთში შემტევი ფეხბურთის თამაში სცადა და რიგ ეპიზოდებში ეს ნორმალურადაც გამოსდიოდა, უხეში შეცდომებით მაინც დავზარალდით. ეს შეცდომა კი, ვფიქრობთ, ქართველთა მხრიდან მხოლოდ ფინელთა გოლის ეპიზოდში არ ყოფილა დაშვებული...

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი. შესარჩევი ციკლი. I ჯგუფი. III ტური
12.10. ჰელსინკი. ოლიმპიური სტადიონი. 15 000 მაყურებელი
ფინეთი-საქართველო 1:1 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 0:1 კაშია (56), 1:1 ჰამალაინენი (63)

ფინეთი საქართველო
4-2-3-1 4-2-3-1
მაენპაა რევიშვილი
რაიტალა კაშია
ი. ოიალა ხიზანიშვილი
მოისანდერი ამისულაშვილი
ურონენი გრიგალავა
რინგი დაუშვილი
სპარვი კანკავა
ჰამალაინენი თარგამაძე
რ. ერიომენკო კობახიძე
ა. ერიომენკო ოქრიაშვილი
პუკი მჭედლიძე

მწვრთნელები:
მ. პაატელაინენი თ. ქეცბაია

ფინეთი
62. პუკი - ჰეტემაი
სათადარიგოები: ჰრადეცკი, სილანპაა, პასანენი, ტოივიო, არაიური, კოლემაინენი, მ. ოიალა, სუმუსალო, ჰალსტი, სიოლუნდი, პოროკარა

საქართველო
59. მჭედლიძე - დევდარიანი
67. ოქრიაშვილი - ანანიძე
81. თარგამაძე - ყენია
სათადარიგოები: კვასხვაძე, ფოფხაძე, ლობჟანიძე, ხუბუტია, თომაშვილი, გურული, ძალამიძე, სირბილაძე

გაფრთხილება: ა. ერიომენკო (14), ოქრიაშვილი (41), ჰეტემაი (88)

გაძევება: ა. ერიომენკო (59)

არბიტრი: ე. არანოვსკი (უკრაინა)

* * *
ბელარუსი-ესპანეთი 0:4
გოლები: 0:1 ხორდი ალბა (12), 0:2 პედრო (21), 0:3 პედრო (69), 0:4 პედრო (72)
ბელარუსი: ვერემკო, დრაგუნი (79. ჩუხლეი), მარტინოვიჩი, შიტოვი, პლასკონნი, ვოლოდკო (46. კისლიაკი), ტიგორევი, ბორდაჩოვი, ფილიპენკო, ა. გლები, როდიონოვი (65. ბრესანი).
ესპანეთი: კასილასი, არბელოა, სერხიო რამოსი (70. ალბიოლი), ბუსკეტსი, ხორდი ალბა, ხაბი ალონსო, ხავი (76. ვილია), სილვა (56. ინიესტა), კასორლა, პედრო, ფაბრეგასი.
გაფრთხილება: დრაგუნი, შიტოვი - სილვა

თუკი თბილისში გასამარჯვებლად ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, მინსკში ესპანელებმა ერთი ამოსუნთქვით მოიგეს და ჩვენი ჯგუფის სატურნირო ცხრილს სათავეშიც ჩაუდგნენ.

ევროპისა და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონებმა ორი სწრაფი გოლით საქმე თავიდანვე მოამთავრეს. მატჩის გმირი ბარსელონელი პედროა, რომელმაც ვისენტე დელ ბოსკეს ძირითად შემადგენლობაში დაყენებისთვის ნდობა ჰეთ-თრიქით გაუმართლა.

კარლეს პუიოლისა და ხერარდ პიკეს არყოფნაში ესპანელთა დაცვის ცენტრში სერხიო რამოსს სერხიო ბუსკეტსი შეუწყვილდა, ცენტრფორვარდის პოზიციაზე კი სესკ ფაბრეგასმა ითამაშა.

2012 წელს საქართველოს ნაკრები მინიმუმ მესამე პოზიციაზე დაასრულებს, მეორე საფეხურზე კი იმ შემთხვევაში გადაინაცვლებს, ბელარუსში თუ მოიგებს და ესპანეთისა და საფრანგეთის შეხვედრა ფრედ არ დასრულდება.

I ჯგუფი
გუნდი
1 ესპანეთი 2 2
0 0 5-0 6
2 საფრანგეთი 2
2
0 0 4-1 6
3 საქართველო 3
1
1
1 2-2 4
4 ფინეთი 2
0 1
1 1-2 1
5 ბელორუსი 3
0 0 3
1-8 0

16 ოქტომბერი
ბელარუსი-საქართველო
ესპანეთი-საფრანგეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ცხრილში შეცდომაა.1მ 1ფ 1წ არა უშავს მთავარია მონდომება.ქეცბაიას დამსახურება ისაა რომ მე,უბრალო გულშემატკივარმა ვიცი ნაკრები ყველაფერს გააკეთებს რომ მოიგოს.ბოლომდე იბრდძოლებს და შემდეგ წაგება და მოგება დძმები არიან.აბა თქვენ იცით ბოლომდე იბრდძოლეთ
dato
01:33 14-10-2012
0
ჩემი აზრით, კიდევ ერთხელ წაგვაგებინა მწვრთნელის არასწორმა გადაწყვეტილებამ. როცა თამაში შენი კარნახით მიდის, 1:0 იგებ და ამ დროს ერთადერთი თავდამსხმელი გაგყავს და გაურკვეველი ფუნქციის მოთამაშე შემოგყავს და ათი კაცით დარჩენილ მეტოქესთან ანგარიშის შენარჩუნებაზე ფიქრს იწყებ, არ უნდა გაგიკვირდეს, თუ თამაშს ვერ მოიგებ.
Giorgipirweli
16:32 13-10-2012
0

სიახლეები პოპულარული