ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური განცხადება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გამოხატავს გულწრფელ მადლიერებას ყველა იმ ფეხბურთელის მიმართ, ვინც წლების მანძილზე ერთგულად იცავდა ეროვნული ნაკრების ღირსებას და სიამაყით ატარებდა ნაკრების ფორმას.
ჩვენმა ფეხბურთელებმა ქართველ გულშემატკივარს არაერთი დასამახსოვრებელი წუთი აჩუქეს. მათ ბევრი რამ გააკეთეს ეროვნული ნაკრებისათვის.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2013 წლის ნოემბერში, როცა ეროვნული ნაკრები საშინაო ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს, მოეწყობა იმ ფეხბურთელების ოფიციალური, საზეიმო გაცილება, რომლებმაც მიმდინარე სეზონში საკუთარი სურვილით განაცხადეს ხანგრძლივი სანაკრებო კარიერის
საზოგადოებას და გულშემატკივარს მიეცემა საშუალება, კიდევ ერთხელ იხილონ გამორჩეული ფეხბურთელები ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში და ყველამ ერთად, მადლობითა და მხურვალე ოვაციით გავაცილოთ ისინი ქვეყნის უპირველესი გუნდიდან.
ვიმედოვნებთ, რომ ეს დღე ყველასათვის დაუვიწყარი იქნება.
სფფ-ის პრესსამსახური
* * *
ვფიქრობთ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ეს განცხადება ბოლო დღეების ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საფეხბურთო თემის ლოგიკური გაგრძელება და პრობლემის გადაწყვეტის საუკეთესო გზაა.
შეგახსენებთ, სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" მეშვეობით ჯერ ლევან კობიაშვილმა, შემდეგ კი ალექსანდრე იაშვილმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადეს და გულისტკივილი გამოთქვეს იმის გამო, რომ გულშემატკივრებთან დამშვიდობების საშუალება არ ეძლეოდათ.
ვერ გეტყვით, ჰქონდათ თუ არა ჩაფიქრებული სფფ-სა და ნაკრების თავკაც თემურ ქეცბაიას მათი გაცილება, მაგრამ ახლა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ უნდა ჰქონდეს.
მთავარია, რომ ნოემბერში კობიაშვილს, იაშვილს და შესაძლოა, კიდევ რომელიმე ვეტერანს ქართველი გულშემატკივარი თბილისში უკანასკნელად იხილავს ნაკრების მაისურით და ეროვნული გუნდისთვის გაწეული სამსახურის გამო ისინი კუთვნილ მადლობასა და აპლოდისმენტებს მიიღებენ.
დაგვეთანხმებით, ეს მეტად იოლად განსახორციელებელი საქმეა და უმჯობესი იქნებოდა, საქვეყნოდ გავრცელებული ეს წესი საქართველოში უფრო ადრე დანერგილიყო.
თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს და იმედია, დამსახურებული ვეტერანების გაცილება ქართული საფეხბურთო კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცევა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რევაზ არველაძე: ვერანაირ პრეტენზიას ვერ მივიღებ
კახა კალაძე ლევან კობიაშვილის განცხადებაზე: სფფ-ში უნდა გამოფხიზლდნენ!
ალექსანდრე იაშვილი: სულ ცოტა, ღირსეულ მადლობას ვიმსახურებდით
მივდივარ, მაგრამ დავბრუნდები - ლევან კობიაშვილის მიმართვა გულშემატკივარს