მერაბ თევზაძე: კახა ცხადაძე ნაკრებისთვის საუკეთესო კანდიდატურა მგონია

AutoSharing Option
ფოტოზე: კახა ცხადაძე თანახმაა, საქართველოს ეროვნულ გუნდში ფინანსური ინტერესის გარეშე იმუშაოს

"ქართული ფეხბურთის ქომაგთა ლიგის" ერთ-ერთი დამფუძნებელი მერაბ თევზაძე "ლელოს" საკუთარ მოსაზრებას უზიარებს ნაკრების ახალი მწვრთნელის სასურველ კანდიდატურაზე.

შეგახსენებთ, რომ ვეტერანი ფეხბურთელი იყო თბილისის "დინამოსა" და ლანჩხუთის "გურიას" მცველი და ეროვნული ჩემპიონატის ჩატარების ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი.

სამწუხაროდ, ამ ხალხის ხმა სულ უფრო იშვიათად ისმის.

Sportall.Ge"ჩემი აზრით, აუცილებელი პირობაა, რომ ნაკრების ახალი მწვრთნელი ქართველი იყოს. არა იმიტომ, რომ ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტები გვყავს.

უბრალოდ, უცხოელი მცირე ხელფასზე ჩამოსვლას არ დათანხმდება, დღევანდელი
ქართული ფეხბურთის მდგომარეობა კი იმის უფლებას არ გვაძლევს, რომ მწვრთნელს დიდი თანხა გადავუხადოთ.

დაზოგილი სახსრები ბავშვთა ფეხბურთსა და სხვა საჭიროებას უნდა მოვახმაროთ", - ამბობს მერაბ თევზაძე.

თევზაძეს სასურველი მწვრთნელების კანდიდატურების დასახელება ვთხოვეთ:

"ჩვენი რამდენიმე სპეციალისტი კარგად მუშაობს და უცხოელ კოლეგებზე ნაკლებ შედეგებს არ აღწევს.

მაგალითად, ძალიან მომწონს შოთა არველაძის გუნდის თამაში. სამწუხაროა, რომ ის საქართველოში ჩამოსვლასა და მუშაობას ვერ ახერხებს.

გია გეგუჩაძემ "ზესტაფონს", "ტორპედოს", მანამდე კი თბილისის "დინამოს" საკუთარი ხელწერა დაატყო. გია სოლიდურ მწვრთნელად მიმაჩნია და ვფიქრობ, ნაკრებს ისიც მოაფერიანებს.

კახა გოგიჩაიშვილმა თბილისის "დინამო" რომ ჩაიბარა, ბევრი ვერც წარმოიდგენდა, რომ პატარა ბიჭებით ეროვნული ჩემპიონატის ლიდერობას მოიპოვებდა. არადა, "დინამო" კარგად აათამაშა და, რაც მთავარია, გუნდი სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს.

ასაკობრივ ნაკრებებში წარმატებით მუშაობენ მაისურაძე, ცეცაძე და დევდარიანი და ვფიქრობ, საკმაოდ გაიზარდნენ. ძალიან მომწონს კახა ცხადაძის კანდიდატურაც".

თევზაძე არ მალავს, რომ სწორედ ცხადაძეა მისი ფავორიტი:

"კახას დანიშვნის იდეა განსაკუთრებით მომწონს. ჯერ იმიტომ, რომ მისმა პოზიციამ გამახარა, რომ მზადაა, ნაკრებში უხელფასოდ იმუშაოს. ეს არის ღირსეული ქართველი კაცის დამოკიდებულება.

მისი ეს სიტყვები თავის მოწონების მცდელობად სულაც არ მეჩვენება, რადგან საქვეყნო საქმისადმი უანგარო დამოკიდებულება ჯერ კიდევ მოთამაშეობის დროს გამოარჩევდა. ხომ გახსოვთ, ეროვნულ ნაკრებს ოფიციალური შეხვედრებისთვის პირველი ფორმების კომპლექტის საფასური, 50 ათასი მარკა, სწორედ კახამ გადაუხადა.

ინტერნეტში სისტემატურად ვუყურებ ქართველი ფეხბურთელებისა და მწვრთნელების გუნდების თამაშებს. ბოლო ტურში ბაქოს "ინტერმა" ლენქორანის "ხაზარს" 3:1 მოუგო და გულწრფელად ვამბობ, ცხადაძის გუნდის ფეხბურთით ვისიამოვნე. გაგიხარდებოდათ, "ინტერი" ისე დალაგებულად თამაშობდა.

რატომღაც, მგონია, რომ ცხადაძე ურიგო კანდიდატურა არ იქნებოდა. ჩამოვიყვანოთ, ასტრონომიულ ხელფასს არ მოითხოვს, ხოლო გულიანად რომ იმუშავებს, ამაში ეჭვი არ მეპარება".

მერაბ თევზაძე მიიჩნევს, რომ სრულიად ახალი გუნდის მშენებლობა უნდა დაიწყოს:

"რეალურად რომ ვთქვათ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ჩავაგდეთ. ამიტომ, აჯობებს, გუნდი ახალი შესარჩევი ეტაპისთვის მოვამზადოთ. სიმართლეს თვალი გავუსწოროთ - გამოცდილ ფეხბურთელებში ძალიან მაღალი კლასის მოთამაშე ბევრი არც გვყავს.

ჩემი აზრით, ურიგო არ იქნება, ისინი რომ დავტოვოთ, მათ გვერდით კი გაზრდის და სათამაშო პრაქტიკის საშუალება ნიჭიერ ახალგაზრდებს მივცეთ - ასაკობრივ ნაკრებებში ასეთები ხომ მრავლად გამოჩნდნენ.

სხვათა შორის, შესარჩევ ეტაპზე მალტამ ახალგაზრდული გუნდი გამოიყვანა და მართალია, ცუდად დაიწყო, მაგრამ შემდეგ იტალიამ ძლივს მოუგო, ბოლო მატჩში კი ბულგარეთთან სტუმრად 1:1 ითამაშა.

მთავარია, ჩვენმა ნაკრებმა სათამაშო ტემპს მოუმატოს. სისწრაფე რომ არ გვაქვს, ამიტომაც ვერ ვუტევთ, თორემ შეტევა ყველას უყვარს. თემურ ქეცბაიას გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა სწორედ ეს იყო. დღეს ხომ სანაკრებო დონეზე ფეხბურთელებს მოძრაობა და გამძლეობა მოეთხოვებათ. ესეც ქეცბაიას ბრალი ხომ არ ყოფილა? თავად უნდა იცოდნენ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა გაპიარება მიდის)))
akhali II
16:35 29-11-2014
0

სიახლეები პოპულარული