2015 წლის 29 მარტს ბუნდესგუნდი თბილისს მსოფლიოს ჩემპიონის რანგში სტუმრობს, ცხადაძე კი დღეს უკვე საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელია...
მატჩის წინ გავესაუბრეთ ჩვენი გუნდის თავკაცს, რომელიც ინტერვიუში იხსენებს 20 წლის წინანდელ დაპირისპირებას, აანალიზებს მეტოქეს და აფასებს თავისი გუნდის შანსებს...
- რა შანსები აქვს საქართველოს ნაკრებს გერმანიასთან?
- თავად ის ფაქტი, რომ მსოფლიოს ჩემპიონს ვეთამაშებით,
ამ თამაშისთვის განსაკუთრებით მოვემზადეთ. მთავარია, არ შეგვეშინდეს და ზუსტად განვახორციელოთ ყველა გეგმა, რასაც თამაშის წინ დავსახავთ.
- მაინც როგორ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა გერმანიასთან საიმისოდ, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოს?
- ამ შესარჩევში ვნახეთ არა მარტო გერმანიის ნაკრების გამარჯვებები, არამედ ფრე და წაგებაც. ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიასთანაც შეიძლება პოზიტიური შედეგის მიღწევა. მნიშვნელოვანია მეტოქის ანალიზი და ამ ანალიზის მიხედვით ტაქტიკისა და სტრატეგიის ჩამოყალიბება.
- გერმანიაში, კერძოდ კი ფრანკფურტის "აინტრახტში" 4 წელი ითამაშეთ. საინტერესოა, გაქვთ თუ არა დღემდე კონტაქტი ფრანკფურტელებთან და ზოგადად საფეხბურთო გერმანიასთან?
- რა თქმა უნდა! "აინტრახტში" დაუვიწყარი წლები გავატარე და ფრანკფურტელებთან დღემდე მაქვს ურთიერთობა. მაგალითად, ერთ-ერთ დირექტორ რაინერ ფალკენჰაინთან, რომელიც 25 წელიწადზე მეტია, "აინტრახტში" მუშაობს. მასთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს.
ამას წინათ "აინტრახტი" აზერბაიჯანში იყო ჩამოსული, სადაც ევროპალიგის მატჩში "ყარაბახს" შეხვდა და რა თქმა უნდა, ფრანკფურტული კლუბის წარმომადგენლები მოვინახულე. გავიცანი კლუბის ახალი პრეზიდენტიც. ძალიან გამიხარდა "აინტრახტის" ლეგენდარული ფეხბურთელის, ბერნდ ჰოლცენბაინის ნახვა, რომელიც ჩემ დროს ვიცე-პრეზიდენტი იყო, ახლა კი სკაუტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელია.
მაგრამ ყველაზე მეტად "აინტრახტის" ორი ასაკოვანი გულშემატკივრის ნახვა გამიხარდა - ისინი ცოლ-ქმარი არიან და იმ დროიდან მახსოვს, როცა მე ვთამაშობდი "აინტრახტში". მათაც ძალიან გაუხარდათ ჩემი ნახვა. მატჩის შემდეგ ერთად ვივახშმეთ და ძველი დრო გავიხსენეთ.
რაინერ ფალკენჰაიმს ახლახან კიდევ ვესაუბრე, მან სურვილი გამოთქვა, რომ საქართველო-გერმანიას დაესწროს. ერთი სიტყვით, აინტრახტელებთან კონტაქტი დღემდე მაქვს და მათთან ურთიერთობა ყოველთვის მიხარია. ბუნდესლიგაში, რა თქმა უნდა, "აინტრახტს" ვგულშემატკივრობ.
- იმდროინდელი თანაგუნდელებიდან ვისთან გაქვთ ურთიერთობა? მაგალითად, ანდრეას კიოპკე დღეს გერმანიის ნაკრების მეკარეების მწვრთნელია...
- კიოპკეს ამას წინათ შევხვდი, როცა გერმანიის ნაკრები სათამაშოდ აზერბაიჯანში ჩამოვიდა. ზამთარში ბაქოს "ინტერი" შეკრებაზე თურქეთში მყავდა წაყვანილი და ერთ-ერთი ვარჯიშის დროს უცებ მოედანზე შემოდის უცხო კაცი და ჩემსკენ მოემართება... თავიდან გაბრაზებულმა გავხედე და სანამ არ მომიახლოვდა, ვერ ვიცანი - ეს იყო მირკო დირკჰაუტი, ჩემი ყოფილი თანაგუნდელი "აინტრახტიდან".
ასევე დღემდე მაქვს ურთიერთობა რალფ ვებერთან, რომელსაც რამდენიმე დღის წინაც ვესაუბრე, სლობოდან კომლიენოვიჩთან, ტომას ერნსტთან, რომელიც ახლა საფეხბურთო აგენტია. ყოველთვის ძალიან მსიამოვნებს მათი ნახვა და კიდევ ერთხელ გახსენება იმ შესანიშნავი პერიოდის, რომელიც "აინტრახტში" გავატარე.
- სამწვრთნელო კარიერაში უკვე დიდი გამოცდილება დაგიგროვდათ. საინტერესოა, როგორ გეხმარებათ დღეს, სამწვრთნელო საქმიანობაში, თავის დროზე გერმანიაში გატარებული წლები?
- გულახდილად რომ გითხრათ, იმ დროს, როცა გერმანიაში ვთამაშობდი, არ ვფიქრობდი იმაზე, რომ კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელი გავხდებოდი, თუმცაღა საწვრთნელ პროცესებს, რა თქმა უნდა, ვაკვირდებოდი. თუმცა კონკრეტული ვარჯიშები იმდენად არ დამამახსოვრდა, რამდენადაც მწვრთნელების მიდგომა საქმისადმი - როგორ ამზადებენ ფეხბურთელებს ფსიქოლოგიურად და ემოციური თვალსაზრისით.
არაერთ ბრწყინვალე სპეციალისტთან მქონდა მაშინ შეხება: კლაუს ტოპმიოლერი, იუპ ჰაინკესი, დრაგოსლავ სტეპანოვიჩი, რომელიც ფანტასტიკური მწვრთნელი და ადამიანი იყო, ფაქტობრივად გუნდის სტიმულატორი გახლდათ. უმაღლესი დონის პროფესიონალები იყვნენ. თანაც, განსხვავებული მეთოდები ჰქონდათ.
- თქვენი აზრით, რა აკლია ქართულ ფეხბურთს იმისათვის, რომ უკეთესი შედეგი აჩვენოს ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპებზე?
- ახლა, როცა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში პირველ ნაბიჯებს ვდგამ, ჩემი მხრიდან წინა მწვრთნელზე საუბარი არაკორექტულია. ზოგადად კი, პირდაპირ და გულახდილად გეტყვით, რომ ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი პრობლემა არის ეროვნული ჩემპიონატი.
- როგორია კახა ცხადაძის სამწვრთნელო ფილოსოფია?
- ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ მეტოქის ანალიზს და სწორედ აქედან გამომდინარე იგეგმება ტაქტიკა, სტრატეგია და ზოგადად ის ფეხბურთი, რომელიც ჩემმა გუნდმა ამა თუ იმ შეხვედრაში უნდა ითამაშოს.
- ზუსტად 20 წლის წინ, როცა საქართველოს ნაკრებმა პირველად უმასპინძლა გერმანიას, თქვენ ნაკრების დაცვის ბურჯი იყავით, დღეს კი გუნდის მთავარი მწვრთნელი ხართ. თუ შეიძლება, შეადარეთ 20 წლის წინანდელი გერმანია დღევანდელ გერმანიას.
- ამ კითხვაზე საკმაოდ ვრცელი პასუხის გაცემა შეიძლება, მაგრამ მე მოკლედ გეტყვით: მაშინდელი გერმანია ევროპის ჩემპიონი გახდა, დღევანდელი გერმანია კი მსოფლიოს ჩემპიონია და ვფიქრობ, ამით ყველაფერი ნათქვამია.
ფეხბურთელების სახელებით რომ ვიმსჯელოთ, 20 წლის წინანდელ გერმანიის ნაკრებში უფრო მეტი სახელოვანი სუპერ-ვარსკვლავი იყო: ჰესლერი, მიოლერი, ზამერი, კლინსმანი, კოლერი, კიოპკე, ბასლერი, კირსტენი - რომელი ერთი გავიხსენო? თუმცა, ბუნდესგუნდში დღესაც ბევრი ძალიან მაგარი ფეხბურთელი თამაშობს: როისი, გიოტცე, შვაინშტაიგერი, ნოიერი, მიულერი, ჰუმელსი.
სხვათა შორის, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, ამ შესარჩევში გერმანიას სწორედ ახლა, საქართველოსთან მატჩში ჰყავს საუკეთესო შემადგენლობა, რადგან ყველა ტრავმირებული მოთამაშე გამოჯანმრთელებულია და ყველა ფორმაშია.
- თუ შეიძლება, გაიხსენეთ 20 წლის წინანდელი მატჩი გერმანიასთან, რომელიც თბილისში 0:2 წავაგეთ...
- ფანტასტიკური გუნდი იყო და მართალია, წაგებულ შეხვედრას წარმატებულს ვერ უწოდებ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაშინ საკმაოდ კარგად ვითამაშეთ და კაცმა არ იცის, როგორ დამთავრდებოდა მატჩი, შოთა არველაძეს ის გოლი რომ გაეტანა, რომლითაც ანგარიში 1:1 ხდებოდა.
კარგად მახსოვს, რომ როცა გერმანია დაწინაურდა, გოლის შემდეგ უპირატესობას დავეუფლეთ და თამამად შევუტიეთ. ბევრი მომენტი არ შეგვიქმნია, მაგრამ იმ გერმანიას და საერთოდ გერმანიის ნაკრებს რომელი გუნდი უქმნის ბევრ საგოლე მომენტს?
ფოტოზე: იურგენ კლინსმანი და კახა ცხადაძე
- თქვენ აღნიშნეთ, რომ მწვრთნელისთვის ყველაზე მთავარი სამუშაო მეტოქის ანალიზია. იმ მწვრთნელებიდან, რომლებთანაც გიმუშავიათ, რომელი ანიჭებდა მეტოქის ანალიზს ყველაზე დიდ მნიშვნელობას?
- სტეპანოვიჩი. ყოველი თამაშის წინ, პირადად მე მაძლევდა კასეტას, სადაც ჩაწერილი იყო ხოლმე ჩვენი მომავალი მოწინააღმდეგის თავდამსხმელების მოძრაობები როგორც ბურთით, ასევე უბურთოდ.
განსაკუთრებული მწვრთნელი იყო ჰაინკესი, რომელმაც ესპანეთიდან დაბრუნების შემდეგ, გერმანიაში პირველად შემოიტანა ოთხი მცველის ერთ ხაზზე თამაში. მანამდე გერმანული კლუბები ლიბეროთი და პერსონალურ დაცვას თამაშობდნენ და ჰაინკესი იყო პირველი, ვინც პერსონალურ დაცვაზე და ლიბეროზე უარი თქვა.
- ბუნდესლიგაში ყველაზე მეტად რომელი თავდამსხმელის წინააღმდეგ გიჭირდათ თამაში?
- ყველაზე რთული ასაყვანი იყო ბრუნო ლაბადია. ასევე რთული იყო ფრედი ბობიჩის წინააღმდეგ თამაში და, რა თქმა უნდა, კლინსმანის წინააღმდეგ თამაშიც, რადგან იურგენი ძალიან ბევრს მოძრაობდა. ასევე სტეფან შაპუიზა, რომელიც ასევე ძალიან ძნელი ასაყვანი იყო.
არ მოგატყუებთ და მიადვილდებოდა ტონი პოლსტერის წინააღმდეგ თამაში, რადგან უმეტესად იდგა, თუმცა ბინძური თამაში უყვარდა.
ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მეცოდემა ზოგიერთი "გულშემატკივარი" გარანტირებულ წაგებას რომ ღაღადებს, არ დაგვავიწყდეს ბურთი მგვრალია, ყოველ შემთხვევაში თამაში დაწყებამდე არ უნდა წავაგოთ.