რა თქმა უნდა, ამ წინადადებაში მწვრთნელს, შეიძლება, ბევრი რამ ეგულისხმა, თუმცა რატომღაც გვგონია, რომ უპირველეს ყოვლისა, ცხადაძეს მხედველობაში ჰქონდა საკადრო ცვლილებები.
ჩვენც თვალი მოვავლოთ საქართველოს ნაკრების უახლოეს რეზერვს და ვთქვათ, ვინ შეიძლება ვიხილოთ უახლოეს მომავალში ქვეყნის უპირველესი გუნდის შემადგენლობაში და გვყავს თუ არა ისეთი კადრები, ეროვნულ გუნდს რამეს რომ შემატებენ.
მეკარეები
გიორგი ლორია, ნუკრი რევიშვილი, როინ კვასხვაძე, მიხეილ ალავიძე - ცხადაძე ამ ოთხ გოლკიპერს ფოტოზე: გიორგი ლორია
მცველები
პოლონეთთან და უკრაინასთან მატჩებმა გვიჩვენა - საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური სათამაშო რგოლი არის დაცვა, მით უმეტეს მაშინ, როცა გავბედეთ და დიდი ძალებით წავედით წინ. ჩვენი მცველები ხშირად კარგავენ კონცენტრაციას, არასწორად ირჩევენ პოზიციას, ავიწყდებათ ერთმანეთის დაზღვევა...სხვისი არ ვიცი, და მე კი მგონია, რომ დაცვის დალაგება ამ სათამაშო რგოლის ლიდერის აღმოჩენით უნდა დავიწყოთ. სამი ცენტრალური მცველის პირობებში აუცილებლად საჭიროა გამოცდილი ლიდერი. ისეთი უკანახაზელი, რომელიც ამ "სამკუთხედში" მთავარი იქნება.
ნამდვილად არ ვიცი, ვის მოიაზრებს ამ როლისთვის ცხადაძე. ის თავის დროზე წამყვანი კაცი იყო საქართელოს ნაკრების დაცვაში და ჩვენს უკანა ხაზს კრავდა. თუ ინტუიცია არ მღალატობს, დღევანდელი ფორმაციის ნაკრებში ამ როლისთვის ალეკო ამისულაშვილი უნდა იყოს მოწოდებული, მაგრამ პოლონეთთან და უკრაინასთან მისი თამაში ვერ იყო ისეთი, ყველა რომ ვისურვებდით.
ფოტოზე: თორნიკე ოქრიაშვილი და ალეკო ამისულაშვილი
მარჯვენა მცველის პოზიცია კი მართლაც პრობლემატურია და აშკარაა, რომ თუნდაც კონკურენციის მხრივ, უჩა ლობჟანიძეს სჭირდება ახალი გამოწვევა. ალბათ, მოვიდა დრო, სანაკრებო ფერხულში ჩავაბათ ოთარ კაკაბაძე, ვისი სათამაშო სტილიც იდეალურად უნდა მოერგოს ნაკრების დამრიგებლის სათამაშო სქემასა თუ ფილოსოფიას.
ერთი კია - გაგვიმართლა გიორგი ნავალოვსკიმ. მისი თამაში ამ ორ სანაკრებო შეხვედრაში არ ყოფილა იდეალური, მაგრამ ის მაინც საუკეთესო იყო ჩვენს გუნდში. გვიხარია, ეროვნული გუნდის ახალ დამრიგებელთან და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ამ გულიანი ქართველის სამშობლოს დროშის ქვეშ დაბრუნებაში მოკრძალებული წვლილი ქართულ მედიასაც რომ მიუძღვის...
ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ ორ მატჩში არ გვყავდა საქართველოს საუკეთესო მცველი, ყაზანის "რუბინის" უკანახაზელი საბა კვირკველია.
ნახევარდაცვა
რომ გადავხედოთ კლუბებს, სადაც ამ ამპლუის ფეხბურთელები თამაშობენ, ეს ყველაზე სახელიანი რგოლია ნაკრების დღევანდელ შემადგენლობაში, მაგრამ ხშირად აქედან ვერ მწვავდება სიტუაცია და ვერც საგოლე პასი კეთდება. აქედან გამომდინარე, "ახალი სისხლი" არც ნახევარდაცვაში გვაწყენდა.რა თქმა უნდა, ეს ანალიტიკური წერილი მხოლოდ იმისთვის იწერება, რომ თვალი გადავავლოთ უახლოეს რეზერვს და არამცდაარამც იმის გამო, რომ რომელიმე პრეტენდენტის აქციებმა აიწიოს.
ისიც კარგად მესმის, რომ ეროვნულ გუნდში ფეხბურთელის მოხვედრა არ არის იოლი და ერთი დღის საქმე, თუმცა ამ რგოლში მართლაც დიდი რეზერვი გვყავს და, რაც მთავარია, სულ ახალგაზრდები.
გიორგი პაპუნაშვილი, მათე ცინცაძე, გიორგი აბურჯანია - ეს ის ფეხბურთელები არიან, რომელთაც უკვე წლების განმავლობაში ჩამოუყალიბდათ გამარჯვებულის მენტალიტეტი.
რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ისინი ძალიან ახალგაზრდები არიან, თუმცა ფეხბურთელი ინდივიდუალურია და მას ზუსტად უნდა შეურჩიო ის დრო, როცა შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოავლენს.
ფოტოზე: მათე ცინცაძე
არიან მოთამაშეები, რომლებიც ნაადრევად "კაცდებიან" და ეს მათი ინდივიდუალური, ფიზიოლოგიური და პიროვნული თვისებებით აიხსნება. მაგალითად, სწორედ ასეთია გიორგი აბურჯანია. ის არცთუ მჭექარე სახელის მქონე "ანორთოსისში" თამაშობს, თუმცა უკვე დაღვინებული ფეხბურთელია. იცის "ბოლო პასი" და ერთნაირად ძლიერია როგორც ჩაშლაში, ისე შექმნაში.
ნუ დავივიწყებთ აკაკი გოგიასაც - ინგლისის ჩემპიონშიფში გადასვლა არ არის პატარა ამბავი და არც საქართველოს ნაკრებია იმ დონის, რომ უარი თქვას ასეთ ფეხბურთელზე. ოღონდ, ამისთვის გოგიამ უნდა ითამაშოს და თუ ითამაშებს, საქართველოს ნაკრების კარი მისთვისაც გაიღება.
აქეთ, ლუკას ჰუფნაგელია - გასაგებია, რომ მას ჯერ ბევრი რამე აქვს დასამტკიცებელი, თუმცა "ფრაიბურგი" მაინც "ფრაიბურგია", მეორე ბუნდესლიგა კი მშვენიერი ასპარეზი უნდა იყოს ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის, რომელსაც დიდ ფეხბურთში თავის დამკვიდრება სწადია.
ვთქვათ ისიც, რომ ბოლო ორ მატჩში არ გვყავდა ჯაბა კანკავა, კაპიტანს კი ბევრი რამის შეცვლა შეუძლია მინდორზე...
თავდასხმა
უკრაინასა და პოლონეთთან მატჩებმა გვიჩვენა - როცა არ არის ლევან მჭედლიძე, თავდასხმაში გვიჭირს. ლევანი დღეს საქართველოს ნომერ პირველი ფორვარდია. უკრაინასთან მატჩში მათე ვაწაძემ კი გაიტანა, თუმცა პოლონეთთან ჩვენს ყველა შემტევს აკლდა სიმწვავე.ფოტოზე: ლევან მჭედლიძე
ფაქტი ჯიუტია - მჭედლიძე ხშირად ტრავმიანობს და გვინდა თუ არა, უნდა ვიპოვოთ ისეთი ფორვარდი, რომელიც სრულფასოვნად შეცვლის მას. გიორგი ჭანტურია, ნიკა გელაშვილი, იგივე ვაწაძე - ესენი არიან თავდამსხმელები, რომლებმაც საკუთარ თავს უნდა აჯობონ, ეს მისია რომ იტვირთონ.
ცოდვა გამხელილი სჯობს - ამ ეტაპზე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებშიც არ ჩანს ისეთი ფორვარდი, რომელიც ეროვნულ გუნდში მოხვედრაზე მალევე განაცხადებდა პრეტენზიას.
მენტალიტეტი
და მაინც, რაც უნდა ვეძიოთ, ვაწყოთ გეგმები, რაც უნდა ბევრი სცადოს მწვრთნელმა, არაფერი გამოვა, თუ საქართველოს ნაკრები წაგებულის მენტალიტეტს არ დაუსხლტა.ესაა ის ლოდი, რომელიც ქართულ ფეხბურთს, აგერ რა ხანია, გულზე აწევს...
ფოტოზე: საქართველოს სამწვრთნელო შტაბი ვარშავის სტადიონზე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
გეგონება მენტალიტეტი რომ გქონდეს რეიტინგში 123–ე იქნები.