რა რესურსი გვაქვს? ანუ როგორ ვითამაშოთ მუნდიალი 2018-ის შესარჩევში...

AutoSharing Option
ახლა, როცა უკვე გაირკვა საქართველოს ნაკრების მეტოქეთა ვინაობა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, უპრიანი იქნება განვსაჯოთ, რა რესურსი აქვს ქვეყნის მთავარ გუნდს და შეუძლია თუ არა, ამ ფეხბურთელებით იბრძოლოს ჯგუფში მაღალი მიზნებისთვის, თუნდაც მესამე ადგილისთვის, რომელიც მისი პროგრამა-მინიმუმი უნდა იყოს.

მივყვეთ ამპლუების მიხედვით, თუმცა იმთავითვე ვიტყვით - თუ საქართველოს ნაკრებში იქნება ჯანსაღი ატმოსფერო, ერთიანობა და ფეხბურთელები ბოლომდე დადებენ თავს, საქართველოს შეუძლია სამეულში მოხვედრა...


მეკარეები
შევთანხმდეთ, რომ საქართველოს ნაკრებს ამ პოზიციაზე ყველაზე ნაკლებად უჭირს. გიორგი ლორია, ნუკრი რევიშვილი, როინ კვასხვაძე და მიხეილ ალავიძე ის მეკარეები არიან, რომლებიც ამ სათამაშო რგოლში შფოთის მიზეზს არ გვაძლევენ.

აქ არის გამოკვეთილი პირველი ნომერი (ლორია) და სამი საიმედო გოლკიპერი.

ერთ დროს, მეკარის პოზიცია საქართველოს ნაკრების მთავარი პრობლემა იყო, ახლა კი ასე აღარ არის.

მცველები
ბოლო მატჩებმაც გვიჩვენა, რომ საქართველოს ნაკრების დაცვაში პრობლემებია. მეტადრე, ეს გამოჩნდა მაშინ, როცა უარი ვთქვით "ქართულ კატენაჩოზე" და ვცდილობთ შემტევ სტილზე გადაწყობას.

გურამ კაშია, ალეკო ამისულაშვილი, ლაშა დვალი, საბა კვირკველია, გიორგი რეხვიაშვილი - დღესდღეობით, ცენტრალური მცველის პოზიციაზე ეს ფეხბურთელები უნდა მოვიაზროთ. ვერ ვიტყვით, რომ კონტინგენტი უნაკლოა, თუმცა ძიება უნდა გაგრძელდეს. ისიც სათქმელია, რომ ამ სათამაშო რგოლში არიან პერსპექტიული ბიჭებიც, თუნდაც, იგივე კვირკველია და დვალი. წესით, ერთ წელიწადში ისინი სხვა დონეზე უნდა გავიდნენ.

აქვეა თედო გრიგალაშვილიც - თუ მისი პროგრესი სასურველი ტემპით წარიმართა "ტერეკში", ის აუცილებლად განაცხადებს პრეტენზიას საქართველოს ნაკრებში თამაშზე, მით უმეტეს, თავისი პოტენციალით ამას ნამდვილად იმსახურებს.

...და მივადექით საქართველოს ნაკრებისთვის ყველაზე პრობლემატურ, მარჯვენა მცველის პოზიციას. უჩა ლობჟანიძის ამბავი გასაგებია. ის დღეს პირველი ნომერია, თამაშობს ნორმალურ გუნდში (კვიპროსული "ომონია") და აქვს სისტემატური სათამაშო პრაქტიკა. კახა ალადაშვილსაც ყველა ვიცნობთ. წესით, შეტევის უზომოდ მოყვარული ეს მარჯვენა მცველი კარგად უნდა ჩაჯდეს კახა ცხადაძის სათამაშო მონახაზში.

მოკლედ, ეს პოზიცია როგორმე უნდა შევავსოთ. რესურსი მწირია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია არც იმას გამოვრიცხავთ, რომ ერთ წელიწადში ახალი ფეხბურთელებიც გამოჩნდნენ მარჯვენა მცველის პოზიციაზე. მაგალითად, საამისო პერსპექტივა აქვს თბილისის "დინამოში" მოთამაშე ოთარ კაკაბაძეს.

მარცხენა ფლანგიც ვერაა მთლად საიმედოდ დაკომპლექტებული, თუმცა ისე არ გვიჭირს, როგორც მარჯვნივ. გიორგი ნავალოვსკი ძალიან კარგად მოუხდა ეროვნულ გუნდს და გვეამაყება, რომ ამაში ქართული მედიის მცირე წვლილიცაა, თუმცა ალტერნატივა ყველას სჭირდება და, მათ შორის, ნავალოვსკისაც.

საჭიროების შემთხვევაში, მარცხენა მცველად თამაში შეუძლია გიორგი ფოფხაძესაც, ვინც სანაკრებო ატმოსფეროს კარგად იცნობს და იმედია, ერთი წლის მერე უფრო მაღალი დონის გუნდში ითამაშებს, ვიდრე ალბანური "ფლამურტარია".

ნახევარმცველები
იდეაში, საქართველოს ნაკრების ყველაზე ძლიერი სათამაშო რგოლი ნახევარდაცვაა. ჯანო ანანიძე, ვაკო ყაზაიშვილი, ჯაბა კანკავა, ლევან ყენია, სანდრო კობახიძე, თორნიკე ოქრიაშვილი... ვფიქრობთ, უკვე მათე ცინცაძეც - სავსებით საკმარისი რესურსია საშუალო-ევროპულ დონესთან მიახლოებული გუნდის ჩამოსაყალიბებლად.

ნებისმიერი გუნდის თამაშში ნახევარდაცვა უდიდეს როლს თამაშობს და გამონაკლისი ვერც საქართველოს უპირველესი გუნდი იქნება. სწორედ ნახევარდაცვამ უნდა წარმართოს თამაში, შექმნას საგოლე მომენტები...

ნახევარდაცვაშივე უნდა გამოჩნდეს ლიდერი. არიან ცივსისხლიანი ნაკრებები, ლიდერები რომ არაფერში სჭირდებათ. საქართველოს ნაკრებს კი ძალიან სჭირდება ასეთი ფეხბურთელი - გადამწყვეტ სიტუაციებში თამაშს რომ გარდატეხს.

ვინ უნდა იყოს ასეთი მოთამაშე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში? ყველაფერს რომ ვაჯამებ და ვწონი, ასეთ აზრამდე მივდივარ - ყაზაიშვილი! ყაზაიშვილი უმატებს და უმატებს. ის სხვა ფეხბურთელი იქნება ერთ წელიწადში და იქნებ, "ვიტესზე" გაცილებით უკეთესი გუნდის ფორმაც მოირგოს.

ყაზაიშვილი საქართველოს ნაკრებში ყველაზე გაწონასწორებულ ფეხბურთს თამაშობს და, რაც შორიდან ჩანს, ხასიათიც ნაღდი ფეხბურთელისა აქვს...

საერთოდ, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველებს რომ გადახედავ კაცი, მიხვდები - თუ რამე მიგვიყვანს წარმატებამდე, ისევ შეტევა, რადგან ჩვენი შუახაზელებიდან ბევრი ვერ არის იმხელა ფიზიკური ძალის, რომ უფრო მეტი ჩაშალოს, ვიდრე შექმნას.

თავდასხმა
ლევან მჭედლიძე, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი ჭანტურია, მათე ვაწაძე და დანარჩენები - ქართველ თავდამსხმელებზე მე ასე დავწერდი. დიახ, პაპუნაშვილი. ის ახლახან გადავიდა "ვერდერში" და თუ საქმეს სწორად მიუდგა, გვარიანი ფეხბურთი უნდა ითამაშოს.

ერთ წელიწადში პაპუნაშვილი უნდა იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე დღესაა და უნდა იყოს საქართველოს ნაკრების ძირითადში. ჩემთვის ის თავდამსხმელია - უკანდახეული და ფართო ფრონტით მოქმედი.

მჭედლიძეზე კი რა უნდა ვთქვათ - პაპუნაშვილთან ერთად ერთადერთი ქართველია, ევროპის ტოპლიგაში რომ თამაშობს ამ დროისთვის და ამით ყველაფერია ნათქვამი.

დაბოლოს, გიორგი ჭანტურია. ადამიანს აქვს სისუსტეები. სისუსტეები აქვს სპორტულ ჟურნალისტსაც და უნდა გამოვტყდე - მე გამორჩევით მიყვარს მისი თამაში. ეს არის დიდი ნიჭისა და მაღალი ტექნიკის ნაზავი სპორტულ შეუპოვრობასთან. ჭანტურიასთვის არ არსებობს ავტორიტეტი. ის ყველაზე მაგრად ფლობს ბურთს და ატყუებს კაცს, მაგრამ არცთუ იშვიათად, იღლება და მის თამაშს ქუჩური ფეხბურთის დაღი ესმება.

ამას მარტო ნაკრებში ვერ ეშველება, მაგრამ ცხადაძემ თუ შეძლო და ჭანტურია ნამდვილ პროფესიონალად გამოძერწა, საქართველოს ნაკრები საგრძნობლად მოძლიერდება...

დასკვნა
ჯგუფი ისეთი შეგვხვდა, წუწუნის დრო არ არის. ნურც იმას ვიტყვით, რომ ფეხბურთელები არ გვყავს და ხელი უნდა ჩავიქნიოთ. ჩვენი მეტოქეები, უელსი და ავსტრია, ჩვენზე ადრე შეუდგნენ აღმავლობის გზას. ჩვენც ოდესმე ხომ უნდა დავიწყოთ?!

ახლა მთავარია, ყველა ფეხბურთელმა მაქსიმუმი მოსთხოვოს საკუთარ თავს და საქმეს პროფესიულად მიუდგეს. ასეთ შემთხვევაში, გვექნება საფუძველი, ამ რთულ, მაგრამ უგრანდო ჯგუფში გარკვეულ წარმატებაზე ვიფიქროთ.

მართალია, ეს ბევრს უტოპია ჰგონია და ამის სრული საფუძველიც აქვს, მაგრამ შანსი რეალურად არის. უბრალოდ, საქმის სწორად კეთებაა საჭირო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
ვაკო კარგი ბიჭია და ა. შ. მაგრამ ვერანაირ ჟურნალისტს არ შეუძლია თქვას ვინ უნდა იყოს ლიდერი..(ის ძველი დრო წავიდა...!!!), მაგ. ჯანოს ნამდვილი ლიდერის თვისებებები აქვს.. თუ ქონდა, მე მინახია... ყველა ჩვენი ნახევარმცველის მინუსი მობილურობაა (ანუ ფიზიკური მომზადება, მეტი არაფერი..),რანაირი ტექნიკაც არ უნდა გქონდეს თუ ქშინავხარ და ვერ მიზდევ აზრი არ აქვს, აი ამაზე უნდა ვილაპარაკოთ..სწორედ იმტომ გავს ჩვენი ზოგიერთი ფეხბურთელის თამაში, ბოლოს ქუჩის ფეხბურთს... ისე, ცნობისთვის ე.წ. ქუჩის ფეხბურთელები დიდ ფეხბურთელებს ქუჩაში თამაშს უგებდნენ :)
კახა
23:44 03-08-2015
0
რა უბედურება, სულ მარჟვენა, მარცხენა.. კარგ მცველს, რომელსაც ბურთის ართმევა შეუძლია და ეს ვთქვათ მარცხენა ფლანგზე გააკეთა..კარგი კონტრშეტევის წამოწყება და კარგი, მწვავე პასის გაკეთება მარჯვენა ფეხით არ შეეძლება? თანამედროვე ფეხბურთი ასეთ დოგმებს ,რომ არ ცნობს ჩემზე უკეთ იცით.. მაგალითები არ მინდა
კახა
23:30 03-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული