საქართველოს ნაკრები: ზედმიწევნით ოპტიმალური, პლუს სამი სიურპრიზი

AutoSharing Option
უკვე იცით - საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა კახა ცხადაძემ დაასახელა ის ფეხბურთელები, რომლებიც 4 და 7 სექტემბერს ევროშესარჩევი ციკლის ორ მატჩს გამართავენ - შოტლანდიასთან თბილისში და ირლანდიასთან დუბლინში...

საიდანაც გინდა მიუდექი და როგორც გინდა გაზომე - ამ ეტაპზე კახა ცხადაძის მიერ შერჩეული სანაკრებო სია ოპტიმალურია და ამაში, ალბათ, ის ფეხბურთელებიც დაგვეთანხმებიან, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში ამ ეტაპზე ვერ მოხვდნენ - ლაშა დვალი, გიორგი პაპუნაშვილი, გოგიტა გოგუა, გიორგი ჭანტურია, ფეხბურთელები, რომელთაც ქვეყნის მთავარ გუნდში თამაშის ამბიცია ნამდვილად აქვთ, თუმცა...

როცა საქართველოს ნაკრებს
ეხება საქმე, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. მეტიც, ეს ისეთი ფაქიზი თემაა, რომ ასჯერ გაზომვა და ერთხელ გაჭრა გვმართებს. ამის მიუხედავად, პირდაპირ უნდა ვთქვათ - საქართველოს ნაკრების მწვრთნელს თუ პრინციპად აქვს ის, რომ უკლუბო მოთამაშე ეროვნულ გუნდში არ უნდა იყოს, მაშინ ეს პრინციპი გასაგები და მისაღებია ჩვენთვის.

როგორ? - შემოგვიტრიალებს გაოცებული მკითხველი - მაშ, რა უნდა ნაკრებში გიორგი ლორიას, ვინც უკვე წასულია "ოლიმპიაკოსიდან" და ახალი გუნდი ჯერაც არ უპოვია?

აქ მხოლოდ ერთი ახსნა შეიძლება ვიპოვოთ - მეკარე ძალიან სპეციფიკური პოზიციაა. ლორია საქართველოს ნაკრებისთვის შეუცვლელი ფიგურაა და თუნდაც მისი ყოფნა ეროვნულ გუნდში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თავად ამ გუნდისთვის.

იმისიც გვჯერა, რომ ლორია ძალიან მალე იპოვის სასურველ კლუბს. მანამდე კი საკითხავია, ვინ დაიცავს საქართველოს ნაკრების კარს შოტლანდია-ირლანდიასთან მატჩებში? ამ ეტაპზე ნუკრი რევიშვილს სისტემატური სათამაშო პრაქტიკა აქვს და ეს მას გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს.

ლაშა დვალი ახლახან გადავიდა მეორე ბუნდესლიგის "დუისბურგში". ის აქამდე ინდივიდუალურად ვარჯიშობდა, ასე კი სანაკრებოდ მზად ვერ იქნები.

გოგიტა გოგუას გაუჯანჯლდა სასურველი გუნდის პოვნა. ჩვენ ვიცით, რომ მას ენდობა ცხადაძე და ისიც ვიცით, რომ თუ გოგუა გუნდს მონახავს და ფორმაში შევა, ის ითამაშებს საქართველოს ნაკრებში.

გიორგი პაპუნაშვილი საქართველოს ნაკრების მომავალია. ის ჯერაც ვერ თამაშობს "ვერდერში". უფრო ზუსტად, თამაშობს ძალიან ცოტას და თანაც - დუბლებში. პაპუნაშვილის დარი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჩვენთან ბევრი არ არის. მას დრო სჭირდება.

...და გიორგი ჭანტურია. უნდა გამოვტყდე, ასე ვფიქრობ, რომ თუ ჭანტურია იპოვის სასურველ კლუბს, მაშინ ის შეუცვლელი ფეხბურთელი იქნება საქართველოს ნაკრებისთვის.

ჭანტურიას კარიერაში არა და არ დადგა მომენტი, როცა სტაბილურობას მიაღწევს. ეს მას დაეხმარება, გახდეს ნამდვილი პროფესიონალი. ეს უკვე კარგი იქნება. ჭანტურიას არ აქვს ავტორიტეტების რიდი. მისთვის სულ ერთია, მესუთ იოზილს ეთამაშება თუ გიბრალტარელ კაშიაროს. ის ჯიქურ მიდის კაცზე, ამწვავებს თამაშს, ურტყამს...

ჭანტურია ძალიან ხშირად იცვლის კლუბებს, ხშირად არის უგუნდოდ და ამ პრობლემას ვერ ეშველება საქართველოს ნაკრებში. საამისოდ, ფეხბურთელმა უნდა გააკეთოს სწორი არჩევანი.

მალე გიორგის მომავალი კლუბი გაირკვევა და გვინდა გვჯეროდეს, რომ ეს იქნება ისეთი გუნდი, რომელიც ბოლომდე დააკმაყოფილებს ქართველი ფეხბურთელის ამბიციებს.

საქართველოს ნაკრების სიას რომ ვუყურებთ, თვალში 3 სიურპრიზი გვხვდება - გიორგი მერებაშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი და ნიკა კვეკვესკირი.

მერებაშვილმა იპოვა ახალი გუნდი. მერებაშვილი ინდივიდუალისტია და დღეს საქართველოს ნაკრებს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ინდივიდუალისტებზე უარი თქვას.

ჩემი აზრია და არ არის აუცილებელი, სხვამაც გაიზიაროს - ეროვნულ გუნდში მერებაშვილის გამოძახებით ცხადაძემ გვიჩვენა, რომ მას შეუძლია, დადგეს პიროვნულ ამბებზე მაღლა. ვგულისხმობთ იმ ეპიზოდს, როცა რამდენიმე თვის წინათ მერებაშვილმა ეროვნულ გუნდში მისი არყოფნის გამო უკმაყოფილება ღიად გამოხატა...

ეს უკვე წარსულია, მთავარი კი მაინც ისაა, რა იქნება მომავალში. იქნებ საქართველოს ნაკრებში გამოჩნდეს მწვრთნელი, ვინც ბოლომდე გამოიყენებს და ამოწურავს მერებაშვილის შესაძლებლობებს. ფაქტია - ეროვნულ გუნდში მას საკუთარი თავი ჯერაც არ გამოუვლენია.

ზურაბ ხიზანიშვილზე ამ წერილის ავტორს თავისი აზრი აქვს. არიან პიროვნებები, რომლებიც დადებით აურას ქმნიან. ასეთია ხიზანიშვილი - გამოცდილი ვეტერანი, ვისაც სულ ცოტა აკლია ეროვნულ გუნდში მე-100, საიუბილეო მატჩამდე.

უპრიანია, ასეთი ფეხბურთელი იყოს სანაკრებო შეკრებაზე თუნდაც იმიტომ, რომ პროფესიონალი სანთლით საძებარი არ იყოს.

ის კი არა, ჩემი ნება რომ იყოს, შეკრებაზე ალექსანდრე იაშვილსაც მივიწვევდი - ის მეორე ახალგაზრდობას განიცდის და...

ნიკა კვეკვესკირი გამორჩეულია "ინტერსა" და აზერბაიჯანის ჩემპიონატში. აზერებმა ორი გუნდი გაიყვანეს ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე და ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ ისინი პროგრესის გზაზე დგანან. ამას იმიტომ ვუსვამთ ხაზს, რომ ამ ჩემპიონატში თუ ფეხბურთელი გამორჩეულია, ესე იგი, სანაკრებოდაც მზადაა.

საერთოდ, რაც ცხადაძე დაინიშნა საქართველოს უპირველესი გუნდის მესაჭედ, მას შემდეგ აღარ ჩნდება კითხვები - ამოწურულია თუ არა ბოლომდე ის რესურსი, რაც დღეს ქართულ ფეხბურთშია?

საქართველოს ნაკრებში პირველ ნაბიჯებს დგამენ ოთარ კაკაბაძე და მათე ცინცაძე (ოღონდ ეს უკანასკნელი ჯერ ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად იქნება ხორვატიაში და ეროვნულ გუნდს საირლანდიოდ შეუერთდება). ვინ იცის, წლების შემდეგ როგორ გავიხსენებთ ამ დროს. თუ ამ ბიჭების პროგრესი სასურველი გზით წავიდა, მალე ისინი შეუცვლელი ფიგურები გახდებიან საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის.

თავიანთ ამპლუებში ცინცაძეცა და კაკაბაძეც გამორჩეულნი არიან საქართველოს ჩემპიონატში. ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ამ ბიჭებს აქვთ მთავარი, რასაც მოკლებულნი არიან ჩვენი ქვეყნის პირველი გუნდის წევრები - გამარჯვებულის მენტალიტეტი!

დიახ, ასაკობრივ ნაკრებებში ცინცაძეცა და კაკაბაძეც (ალბათ, უპრიანია, აქვე ვახსენოთ მათი თანაგუნდელი გიორგი პაპუნაშვილი, ვინც ამჯერად არ არის სანაკრებო სიაში) თავიდანვე შეეჩვივნენ გამარჯვებებს და ეს ძალიან კარგია.

რაც შეეხება ზოგადად შოტლანდიასთან მატჩისწინა მოლოდინს, ვფიქრობთ, მოვიდა დრო, შედეგი დავდოთ. გვესმის, რთულია, მაგრამ მაინც უნდა შევძლოთ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ხიზანიშვილი, ამისულაშვილი- ამ ხალხს არაფერი ესაქმება ნაკრებში! ვინც ფეხბურთში ჩახედულია მიხვდება და მიზეზებს არ ჩამოვთვლი. დანარჩენი შემადგენლობა ოპტიმალურია.
georgiano
02 სექტემბერი 2015 03:56
0
მე ნიკა ჭანტურიასიც მეიმედება,მალე გამოჯანმრთელდეს კაპიტანი!!!
Bacho
02 სექტემბერი 2015 00:46
0
საღოლ მაგრად მაცინე..... ინვალიდი და ტრენეროვიჩი მაგარი იყო ))))) ხუმრობას რომ თავი დავანებოთ რა უნდა ან ერთს ან მეორეს ნაკრებში?! და პატივცემულმა ავტორმა "მე თუ მკითხავ იაშვილიც უნდა გამოიძახოვო")))) მოკლედ ქართული ფეხბურთი მაგარი სკეტჩია)))))))))
-_- s
01 სექტემბერი 2015 18:02
0
ცხადაძე ფალავანდიშვილმა დილადან დაგიშავა რამეე?რატოარ იძახებ,,თუ უკეთესები გყავს,,ღმერთმა არ ქნას და კანკავამ რო იტკინოს რამე ნეტა ვინ ჩაანაცვლებს???კუანები ხართ ყველა:
qartveli
01 სექტემბერი 2015 17:26
0
გარკვეული უპირატესობა კაირა თუ სამართლიანი მიდგომაა მწვრთვნელის მხრიდან მოთამაშეების მიმართ, მაშინ 100%ით რევიშვილი უნდა დადგეს მინიმუმ ამ 2 თამაშში
juve
01 სექტემბერი 2015 17:11
0
აი სათაურზევე რო ეტყობა რო კაკაურიძის სტატიაა, რა არი ოპტიმალური? ტრენეროვიჩი ცხადაძე თუ ინვალიდი ხიზანიშვილი თავისი ზარმაცი ამისულაშვილიანად?
-_-
01 სექტემბერი 2015 16:54
0
შალამბერიძე ნაკრებშიიიიიი
devidball
01 სექტემბერი 2015 16:44
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული