გოლი 20 წლის შემდეგ... გერმანია-საქართველოს მატჩის სტატისტიკური ანალიზი

AutoSharing Option
ლაიპციგური მატჩის სტატისტიკურ ანალიზს, ტრადიციულად, whoscored.com-ის და უეფას ოფიციალური საიტის წყალობით შემოგთავაზებთ.

მატჩი, რომელიც ქართველი გულშემატკივრებისთვის, თითქოს, მოსაწყენად ჩვეულად იწყებოდა, მეორე ტაიმში მსოფლიო ფეხბურთის გრანდთან ლამის თანასწორ ბრძოლაში გადაიზარდა.

მოდი, ვნახოთ, რამდენად უმაგრებს ჩვენს ოპტიმიზმს სტატისტიკა ზურგს.

* ჯაბა კანკავას გოლი ქართველთა პირველი გოლი იყო 1995 წლის სექტემბრის შემდეგ გერმანელთა კარში. მაშინ თემურ ქეცბაიამ გაიტანა.

* საქართველო-გერმანიის I წრის მატჩში ჩვენებმა 152 პასი გააკეთეს, ახლა კი 306, ანუ
ორჯერ მეტი.

* გერმანელები ბურთს 911-ჯერ შეეხნენ, ქართველები 473-ჯერ.

* ეს გერმანიისა და საქართველოს მე-5 მატჩი იყო, გერმანელებმა ყველა შეხვედრა მოიგეს.

* ჯაბა კანკავა ნაკრების მოქმედ ფეხბურთელებში ბომბარდირია - 7 გოლი.

* საქართველოს ნაკრებმა გიბრალტართან მატჩის მერე პირველად გაიტანა საგარეო გოლი.

ზოგადი სტატისტიკა
მაშ ასე, სულ სამი გოლი გავიდა, აქედან ორი ჩვენს კარში, ერთი - მეტოქის. ბურთის ფლობა - 67,9%-32,1%; კარისკენ დარტყმები - 29:8; აქედან ზუსტი - 19:5; კუთხურები - 9:3; თამაშგარეები - 2:1; ჯარიმები - 6:9; ყვითელი ბარათები - 1:3; პასები - 722:306.

როგორც ხედავთ, გერმანელთა უპირატესობა ყველა მაჩვენებელში აშკარაა და ეს სულაც არ არის მოულოდნელობა.

ტაქტიკური მონახაზი
გერმანიის ნაკრებმა 4-2-3-1 სისტემით ითამაშა, ცრუცენტრფორვარდ ანდრე შიურლეთი წინ. კახა ცხადაძის განლაგება ტრადიციული იყო - 5-4-1, სამი ცენტრალური მცველით, აქტიური განაპირა მცველებით, ორი საყრდენით და ასე შემდეგ.

გოლები, დარტყმები
თომას მიულერმა პენალტით გაგვიტანა, ხოლო მაქს კრუზემ მესუთ იოზილის საგოლე პასით, რომლის წაქცევისთვისაც დაინიშნა პენალტი ჩვენს კარში. ჯაბა კანკავამ კი მას მერე გაიტანა, რაც გერმანელმა მცველმა არც ისე კარგად მოიგერია ბურთი.

ნუკრი რევიშვილმა საერთო ჯამში 17 (!!!) "სეივი" გამოაცხო, რომელთაგანაც სულ მცირე, 11-ს საგოლე დარტყმა ეთქმოდა. ყველაზე ხშირად მას მარკო როისი აწუხებდა, რომელმაც 6-ჯერ დაურტყა ზუსტად.

საქართველოს ნაკრების კარში ზუსტად 9 ფეხბურთელმა დაარტყა, ყველამ, მეკარის, ჰუმელსის, ჰექტორისა და ბოლო წუთზე გამოსული ბელარაბის გარდა. 2-2-ჯერ ააცილეს რევიშვილის კარს როისმა და ტონი კროოსმა.

ქართველებმა ნოიერის კარში ზუსტად 5-ჯერ დაარტყეს, აქედან ორჯერ თორნიკე ოქრიაშვილმა და ორივე დარტყმას საგოლე ეთქმოდა, რომ არა ნოიერი...

ჯაბა კანკავამ ერთხელ დაარტყა ზუსტად და გაიტანა კიდევაც. შესანიშნავი იყო ნიკა კვეკვესკირის შორეული დარტყმაც, ხოლო მათე ვაწაძის დარტყმა არც ისე ძლიერი იყო.

ვაკო ყაზაიშვილმა
ორჯერ ააცილა (ერთხელ ძალიან სახიფათო ეპიზოდისას), მათე ვაწაძემ - ერთხელ.

ჯარიმები
ორივე გუნდმა ძალიან სუფთად ითამაშა, თუმცა მაინც იყო ოთხი გაფრთხილება (რევიშვილმა სულ სხვა რამისთვის მიიღო ყვითელი ბარათი) და ერთი პენალტი. გერმანელები სულ 6-ჯერ დაჯარიმდნენ (თითოჯერ ექვსი კაცი), ჩვენები 9-ჯერ, აქედან კანკავა 3-ჯერ, ხოლო ოქრიაშვილი - 2-ჯერ.

ქართველებმა ყველაზე მეტჯერ კროოსის წინააღმდეგ დაარღვიეს წესი (3), გერმანელებმა - ოქრიაშვილის (3).

პასები
გერმანელთა 722 პასიდან 662 ზუსტი იყო, ხოლო ქართველთა 306 პასიდან ზუსტი 223 იყო. გერმანიის ნაკრების მთავარი მეპასე კროოსია (130 პასი, 93% სიზუსტე), შემდეგ მოდიან ილქაი გიუნდოგანი (97, 96%) და მესუთ იოზილი (96, 88%).

როგორი სამეულია!
თუ რევიშვილს არ ჩავთვლით, ყველაზე მეტი პასი ცხადაძის გუნდში გიორგი ნავალოვსკიმ გააკეთა - 34 (85%), ჯაბა კანკავას ანგარიშზე 30 პასია (93%), 29 პასი ჰქონდა ოქრიაშვილს (90%).

კანკავა ყველაზე ზუსტი იყო პასებში, მაშინ, როცა ყაზაიშვილის მაჩვენებელი მხოლოდ 60%-ია.

პასიც არის და პასიც, ეგრეთ წოდებული მნიშვნელოვანი პასი, რომელსაც მეტოქის კართან ხიფათი მოჰყვა ან უნდა მოჰყოლოდა, იოზილმა 10 გააკეთა, გიუნდოგანმა 5, აი, კროოსმა კი მხოლოდ ერთი (მიულერს 3 ჰქონდა). ამ კატეგორიაში სულ 5 ქართული პასი შევიდა (მარტო გიუნდოგანს ჰქონდა ამდენი): სამი კი ოქრიაშვილის ანგარიშზეა, თითო ყაზაიშვილისა და უჩა ლობჟანიძის.

სხვა სტატისტიკა
საქართველოს ნაკრებს ძალიან შეეტყო, რომ არ ჰყავდა ლევან მჭედლიძე - გუნდმა სულ 5 საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო (ხუთმა სხვადასხვა ფეხბურთელმა). არადა, თბილისურ მატჩში მჭედლიძემ გერმანელებს 6 საჰაერო ორთაბრძოლა მოუგო.

მეტოქის რიგებში კვლავ მატს ჰუმელსი იყო საუკეთესო - 5 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა.

მიულერი 4-ჯერ გასცდა მეტოქეს დრიბლინგით, კროოსი - 3-ჯერ, გიუნდოგანი - 2-ჯერ. ჩვენს გუნდში ლიდერი ყაზაიშვილია - 3 წარმატებული დრიბლინგი, ოქრიაშვილის ანგარიშზე - 2 დრიბლინგია.

ყველაზე მეტჯერ ჩვენს გუნდში ბურთი კვეკვესკირმა და ოქრიაშვილმა დაკარგეს - 4-4-ჯერ. ბურთის კონტროლისას ყველაზე მეტი წუნი ოქრიაშვილს მოუვიდა - 4.

კროოსმა 4 ორთაბრძოლა მოიგო, გიუნდოგანმა 8-ჯერ ჩაჭრა მეტოქის პასი, ჰექტორმა 4-ჯერ გამოიტანა საჯარიმოდან ბურთი. ახლა იმავე მონაცემებში საუკეთესო ქართველები: ორთაბრძოლა - კვირკველია - 4, ჩაჭრა - კაშია და კანკავა - 5-5, ბურთის გამოტანა - კვირკველია - 8, მეტოქის დარტყმის ბლოკირება - კვირკველია და ამისულაშვილი - 2-2.

გერმანიის ნაკრებს შეტევების მიმართულება ასე ჰქონდა განაწილებული: მარჯვენა ფლანგი (34%), ცენტრი (35%), მარცხენა ფლანგი (31%). საქართველოს ნაკრები უფრო ფლანგებიდან უტევდა: მარჯვენა ფლანგი (37%), ცენტრი (23%), მარცხენა ფლანგი (40%).

ბურთი ჩვენს მესამედზე იყო დროის 50%-ის განმავლობაში, ცენტრში - 39%, ხოლო მეტოქის მესამედზე მხოლოდ - 12%.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნიკა კარგი სტატია შემოგვთავაზე, კარგია. კომენტარების გაკეთებისას როგორმე გამოასწორეთ invalid token რომ წერს ხშირად და მოგვეცით კომენტარის ნორმალურად გაკეთების საშუალება.
georgiano
13 ოქტომბერი 2015 16:58
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული